ფეხბურთი

17:19 | 17.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგაში “ჩიხურა” გალიდერდა

ეროვნული ლიგის მესამე ტურში საჩხერის “ჩიხურამ” “რუსთავს” მატჩის მიწურულს გატანილი გოლით 1:0 მოუგო და მინიმუმ ერთი დღით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

საჩხერელებს გამარჯვება 19 წლის ფორვარდმა დავით იონანიძემ მოუტანა, რომელიც თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველები 73-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით თამაშობდნენ, რადგან მსაჯმა სიმულაციის გამო მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა გეორგი გაბულოვი.

სამი ტურის შემდეგ “ჩიხურას” 7 ქულა აქვს და 1 ქულით უსწრებს “საბურთალოს”, “დინამოსა” და “ტორპედოს”, თუმცა საბურთალოელებს მესამე ტურის შეხვედრა ხვალ საკუთარ მოედანზე გორის “დილასთან” ელით და შესაბამისად, ლიდერობის დაბრუნებაც შეუძლიათ. რაც შეეხება “რუსთავს”, ვლადიმირ გაზაევის შეგირდთა აქტივში 3 ქულაა და გუნდი ამ დროისთვის მე-6 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის ამ ტურის დარჩენილი ორი მატჩი კვირას გაიმართება: 14:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, ბოლნისის “სიონი” ფოთის “კოლხეთს” შეხვდება, 16:00 საათზე კი ამავე სტადიონის მთავარ მოედანზე “საბურთალო” - “დილას”.

0.133732