ფეხბურთი

22:26 | 16.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მუნდიალის გადადების ინიციატივით გამოდის

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა სტივენ კინოკმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ფიფასთან მოლაპარაკება უნდა აწარმოოს და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში არ უნდა გაიმართოს.

"ვფიქრობ, ფიფასთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ და ვისაუბროთ მსოფლიოს ჩემპიონატის 2019 წელს გადატანასთან დაკავშირებით, რომელსაც უმასპინძლებს სხვა ქვეყანა ან ქვეყნები. პუტინმა მილიარდობით რუბლი ჩადო მუნდიალისთვის და ამით უნდა მსოფლიოს თავისი რეჟიმი ანახოს." - განუცხადა კინოკმა BBC Radio 4-ს.

ინგლისში რუსეთის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. აღნიშნული ფაქტი ბრიტანეთმა რუსეთს დააბრალა და ზომები უკვე მიიღო. პრემიერმინისტრის ტერეზა მეის გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთს 23 რუსი დიპლომატი დატოვებს, ასევე მთავრობამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა. ცნობილია, რომ პრინცი ჰარი და პრინცი უილიამიც არ ჩავლენ რუსეთში.

ამავდროულად, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სამიტზე ლიდერები დეტალურად გაერკვევიან და იმსჯელებენ სკრიპალის საქმეზე, თუმცა მუნდიალის ბოიკოთთან დაკავშირებით ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას სავარაუდოდ არ გამოუცხადებს.

ფიფას წარმომადგენელის განცხადებით მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია დაუვიწყარი ტურნირის მოლოდინშია.

"ფიფა და ტურნირის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი დარწმუნებულები არიან, რომ მონაწილე 32 გუნდს და ფეხბურთის გულშემატკივრებს დაუვიწყარი ჩემპიონატი ელოდებათ. თითოეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა მუნდიალზე მონაწილეობას." - ციტირებს ფიფას წარმომადგენლის სიტყვებს Globo Esporte.

თეგებიმუნდიალი 2018
0.123358