სეკივაკე ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე ზედიზედ მეორე, სულ კი მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსი ორ ქულამდე გაზარდა. ლევან გორგაძე მეექვსე ტურში პირველ მაეგაშირას - იაპონელ ენდო შოთას დაუპირისპირდა და ულამაზესი გდებით, ზურგზე დაანარცხა. სუმოს ენაზე ამ ილეთს კოტენაგე ეწოდება, ძიუდოში – იპონი. ტოჩინოშინი და ენდო აქამდე ერთმანეთს ხუთჯერ დასჭიდებოდნენ და ქართველი სეკიტორის ანგარიშზე მხოლოდ ორი მოგება იყო.
მეშვიდე ტურში ქართველი სეკიტორი მეორე მაეგაშირას – მონღოლ არავაშის დაეჭიდება, რომელთანაც ოთხი შეხვედრიდან ორი აქვს მოგებული.
ტოჩინოშინის მსგავსად, 4:2 ბალანსით აგრძელებს ბაშოს ჯურიო დივიზიონში მოჭიდავე გაგამარუ – თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც დღეს ლიგის მერვე ნომერთან – ჰომარეფუჯისთან დამარცხდა.