კალათბურთი

22:15 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რუსთავმა” “სოხუმს” მეორე ტაიმში აჯობა

23-ე ტურის მორიგ მატჩში სუპერლიგის აუტსაიდერმა “სოხუმმა” “რუსთავს” უმასპინძლა და მედგარი ბრძოლა გაუმართა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა სოხუმელებმა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს პირველი ნახევარი 37:35 მოუგეს, თუმცა საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ძალები არ ეყოთ. ქვემოქართლელებმა მეტოქეს მეორე ტაიმში აჯობეს და საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით – 78:68 გაიმარჯვეს.

რუსთაველებმა წინა ტურში შინ “კაკტუსთან” წააგეს და მეორე ადგილი “დინამოსთან” საზიარო გაუხდათ. რეაბილიტაციისთვის ქვემოქართლელები აუტსაიდერ მეტოქესთან აუცილებელ გამარჯვებას გეგმავდნენ და ამას მიაღწიეს კიდეც, თუმცა – გვარიანი მონდომების ხარჯზე. პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, რუსთაველებმა თამაში გამოასწორეს და მატჩში გარდატეხა მესამე პერიოდში შეიტანეს. ლეგიონერების – ტაირელ ნელსონისა და ადამ ბლეიზეკის მექულეობით სტუმრებმა მესამე პერიოდი 31:15 მოიგეს და ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს.

მესამე მეოთხედში მოხდა უსიამო ინციდენტი. მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ გოგობერიშვილმა, რომელიც არბიტრებმა ტექნიკური ჯარიმებითა და დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამას არ უმოქმედია რუსთაველებზე, რომლებმაც თამაში ისე ჩაამთავრეს, მეტოქე ახლოს არ მიუშვიათ.

“რუსთავში” 28 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო იყო ტაირელ ნელსონი. ადამ ბლეიზეკის ანგარიშზე 25 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. “სოხუმში” 15 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო სერგეი პრიმაკი. 15 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა ოთარ ბულიავამ.

სოხუმი – რუსთავი
სტატისტიკა: 68:78

gbf.ge

0.119929