ფეხბურთი

15:03 | 15.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისის რჩეულნი, მონახაზი და მთავარი იმედი - ერთა ლიგა

სანაკრებო პაუზა ახლოვდება. საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 და 27 მარტს ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებებს თბილისში ამხანაგურად გაეჯიბრება. ბუნებრივია ეს მატჩები ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ეგიდით გაიმართება და მთავარი სწორედ სექტემბერში გასამართი ტურნირია.

იქამდე კი, ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა უკვე დაასახელა. სლოვაკმა სპეციალისტმა როგორც მოგეხსენებათ, გუნდში 23 ფეხბურთელს უხმო და მათგან ერთი დებიუტანტია – გიორგი ჩაკვეტაძე.

სწორედ ვაისის არჩევანზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას დღევანდელ წერილში. პოზიციების მიხედვით მივყვეთ:

მეკარე - საქართველოს ნაკრებში ბოლო პერიოდში სწორედ იმ სამ მეკარეს იძახებენ, რომლებიც ახლა არიან სიაში. გიორგი ლორია რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ “ანჟიში” სათამაშო პრაქტიკას არ უჩივის და ობიექტურადაც, დღეს საქართველოში პირველი ნომერია. მის გარდა, გუნდშია როინ კვასხვაძე, რომელიც “ტორპედოს” რიგებში მუდმივად თამაშობს. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ქუთაისელთა კაპიტანი საუკეთესო პერიოდს განიცდის. იგივე ითქმის გიორგი მაკარიძეზე. იყო დრო, როცა პორტუგალიის პრემიერა ლიგაში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და ეროვნულ გუნდში საფუძვლიანად აცხადებდა პრეტენზიას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე, მაგრამ სამწუხაროდ ამჟამად სხვა სურათია – გიორგის ჯერ “მორეირენსეში” არ ენდობოდნენ და ვერც “რიუ ავეში” გადაბარგებამ შეცვალა რამე. ერთი ეგაა, “მორეირენსესგან” განსხვავებით, “რიუ ავეში” მეორე მეკარეა, მაგრამ სათადარიგო სკამზე ჯდომა დიდად ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. კვლავ ნაკრებს მიღმა დარჩა ნუკრი რევიშვილი. საერთოდაც, ვაისი მას ბოლო დროს თითქმის არ სწყალობს და ეს გადამწყვეტილება მოსალოდნელიც იყო. ნუკრი ამჯერად “რუსთავის” კარს იცავს, მაგრამ საუკეთესო ფორმისგან ისიც ძალიან შორსაა. ისე კი, რევიშვილი გაფართოებულ შემადგენლობაში მაინც იმყოფება და შესაბამისად, სლოვაკი სამომავლოდ მასაც განიხილავს ეროვნული ნაკრების შესაძლო კანდიდატად.

დაცვა – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია, ჯიმი ტაბიძე – ეს, იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობენ და მუდმივად ხვდებიან თავიანთი გუნდის შემადგენლობაში. ცალკე უნდა გამოვყოთ კაკაბაძისა და კვირკველიას თამაში, რომელთაც მართლაც გამორჩეული სეზონი აქვთ - “ხიმნასტიკისა” და “ლოკომოტივის” შეუცვლელ ფიგურებად ჩამოყალიბდნენ. ვერ ვიტყვით, რომ სათამაშო პრაქტიკას დანატრებულია დავით ხოჭოლავა. მართალია, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მას შანსი არ მისცემია, მაგრამ უკრაინის პრემიერლიგაში ხშირად ეძლევა თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ურიგო ფორმაში სულაც არ იმყოფება. იგივე ითქმის ლაშა შერგელაშვილსა და გიორგი ნავალოვსკიზეც. ეს უკანასკნელი დეკემბრამდე რეგულარულად თამაშობდა “სკა ენერგიას” სასტარტოში, თუმცა სეზონის მეორე ნახევრიდან სიტუაცია ოდანვ შეიცვალა. გაფართოებულ შემადგენლობაში მცველთაგან ლაშა დვალი და უჩა ლობჟანიძე იმყოფებიან. ყურადღებას დვალზე გავამხვილებთ, რომელიც პოლონეთის ექსტრაკლასაში მუდმივად ირჯება. ლაშა ერთი კვირის წინ ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და მოკლედ, ისიც რეალური კანდიდატია ეროვნული ნაკრების წევრობისა. ლობჟანიძე კი, “სამტრედიაში” დაბრუნდა, მაგრამ ყველამ კარგად იცის, მისი საუკეთესო წლები უკვე ჩავლილია.

ნახევარდაცვა – ჯაბა კანკავასა და ნიკა კვესკვესკირის გარეშე ვაისის ფორმაციის ნაკრების წარმოდგენა რთულია. ორივე ამჯერად “ტობოლში” ირჯებიან, მაგრამ ყაზახეთის ჩემპიონატი ეს-ესაა დაიწყო და პირველ ტურში ორივემ შეუცვლელად ითამაშა. სამაგიეროდ, ფანტასტიკურ ფორმაშია ვაკო გვილია, რომელიც შვეიცარიის სუპერლიგაში ჩინებულად ირჯება და ზედიზედ სამჯერ ტურის სიმბოლურშიც მოხვდა. გასულ კვირას კი, თვით “ბაზელს” გამარჯვების გოლიც გაუტანა. გოლით აიმაღლა განწყობა გიორგი პაპუნაშვილმაც, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკულ MLS-ში ახალი სეზონი დიდებულად დაიწყო და გოლს ორი საგოლე პასი პირველსავე ტურში წაამატა. გიორგი აბურჯანიაც არ უჩივის ურიგო პერიოდს, ხოლო ჯანო ანანიძემ ხანგრძლივი იძულებითი უქმობა ახლახან დაასრულა. მაგრამ, ჯანოს გარეშე საქართველოს ნაკრები მართლაც ერთი გუნდია და მასთან ერთად – მეორე. გიორგი მერებაშვილი უკვე ზედიზედ ორი ტურია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და შესაბამისად, მისი ნაკრებში ყოფნაც სრულიად ლოგიკურია. ჯაბა ჯიღაურზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ის ჯერ “აქტობეს” შეუერთდა, მაგრამ რამდენიმე დღეში “ორდაბასის” რიგებში გადაბარგდა და ამ გუნდში უკვე დებიუტიც მოასწრო. და ბოლოს, გიორგი ჩაკვეტაძე – დებიუტანტი და ყველაზე ახალგაზრდა წევრი. გიორგი ისეთ მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშობს, როგორიც ბელგიის იუპერ ლიგაა და თანაც, მართლაც თამაშობს. “გენტში” ჩაკვეტაძეს დღითიდღე ენდობიან და ისიც ამ ნდობას ამართლებს. ვაისმა ნახევარმცველებიდან გაფართოებულ 10 კაციან სიაში შეიყვანა ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელიც სლოვაკურ “ტრნავას” ლიდერობს და სანდრო კობახიძე – გამოცდილი ფეხბურთელი პოლტავას “ვორსკლადან”. ბაქარ ქარდავა კი ახალი სახეა, რომელიც თბილისის "დინამოში" ასპარეზობს.

თავდასხმა – ლევან მჭედლიძე ისევ ნაკრებს მიღმაა. ლოგიკურია, ლევანმა ვარჯიში ახლახან განაახლა და სათამაშოდ მზად ჯერაც არ გახლავთ. სამაგიეროდ, კარგ ფორმაში არიან, ბაჩო არაბული, ნიკა კაჭარავა და გიორგი ქვილითაია. სამივე მათგანი არათუ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ უჩივის, არამედ გოლებსაც ხშირად იტანენ. მათ პოზიციაზე გაფართოებულ სიაში არიან ირაკლი სიხარულიძე, რომელიც ჩეხურ “სლოვაცკოში” ჯერაც დებიუტის მოლოდინშია. დავით სხირტლაძე პირიქით – დანიურ “სილკებორგში” ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო საბა ლობჟანიძე “რანდერსში” ვერ ბრწყინავს, მაგრამ უთამაშებელი არც ისაა. აქვე ვლადიმერ დვალიშვილიც, რომელსაც სხვათა შორის, ვაისი ყოველთვის სწყალობს.

თამაშგარე – ახლა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც არც მთავარ და არც გაფართოებულ სიაში არ არიან. პირველ ყოვლისა, სამი გვარი გვახსენდება: გიორგი ჭანტურია, რომელიც “ურალში” მუდმივად თამაშობს, მაგრამ სლოვაკი მწვრთნელი მას დიდად არც აქამდე სწყალობდა. გიორგი არაბიძე – როგორც ჩანს, ვაისმა საჭიროდ აღარ ჩათვალა დონეცკის “შახტარის” მეორე შემადგენლობიდან ნაკრებში ფეხბურთელისთვის ეხმო. ალბათ, ეს მოსალოდნელი და სწორი გადაწყვეტილებაცაა. ლუკა ზარანდია – პოლონეთის ექსტაკლასას ბოლო ტურში ჩინებულად ითამაშა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, მაგრამ მას სტაბილურობა აშკარად აკლია. თანაც, ლუკა 21 წლამდე ნაკრებშია მიწვეული და ამასთან, ვაისს ის აქამდეც არასდროს მიუწვევია ეროვნულ გუნდში. ბუნებრივია, ზარანდიას უფრო მეტის გაკეთება დასჭირდება იმისთვის, რომ სლოვაკს თავი მოაწონოს.

ტრავმები – ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს სამი ფეხბურთელი აკლია. ლევან გეგეჭკორი უნდა ყოფილიყო კიდეც გამოძახებული, მაგრამ სწორედ დაზიანებამ განაპირობა, რომ სიის მიღმა დარჩა. ლევან მჭედლიძე ზემოთაც ვახსენეთ და იგივე სიტუაციია თორნიკე ოქრიაშვილის ირგვლივაც. “კრასნოდარის” შემტევმა ორი უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და ახლა კი ვარჯიშობს, მაგრამ სათამაშოდ ბოლომდე მზად არაა.

შეჯამება – დასკვნის სახით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპისთვის ვლადიმირ ვაისმა ყველა იმ ფეხბურთელს უხმო, რომლებიც ამას მართლაც იმსახურებდნენ. რთულია, სლოვაკს რამეში გამოვეკიდოთ და ვინმეს “დაჩაგვრა” დავაბრალოთ. ეროვნული ნაკრების სიაში თითქმის არ არიან ეროვნული ლიგის ფეხბურთელები. საერთოდაც, ვაისი არასდროს სწყალობდა მაინც და მაინც საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს და ცოდვა გამხელილი სჯობს: ძნელია სლოვაკის დანაშაული დავინახოთ ამაში, რადგან ეროვნული ლიგა დღეს ნამდვილად არ დგას იმ დონეზე, რომ თუნდაც გამორჩეული ფეხბურთელი, უმალვე ეროვნულ ნაკრებს უმტკივნეულოდ გაუშინაურდეს. ამასთან, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ: საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს, ვერავინ მოთხოვს სერიოზულ შედეგს. მართალია, ახლა ვაისს ეს შედეგი არც აქვს, მაგრამ მას გუნდის ფორმირება უკვე 2 წელია დაწყებული აქვს და თავის გზას მიჰყვება. ერთა ლიგა კი, ამ გზის დასასრულია. საკითხავი ისაა, როგორი დასასრული ექნება ვაისის მონახაზს.

რაც მთავარია, გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა უმეტესობა სათამაშო პრაქტიკის მქონეა და თანაც კარგ ფორმაში იმყოფებიან. დაგვეთანხმებით, რომ საქართველოს ნაკრები ამ მხრივ ბოლო პერიოდში განებივრებული არასდროს ყოფილა. ვნახოთ, რას მოუტანს ეს ეროვნულ ნაკრებს. წინ ორი ამხანაგური მატჩია, რომელიც ერთა ლიგის მოსამზადებელი ერთ-ერთი ეტაპია, მაგრამ ცალსახაა, რომ მიუხედავად სტატუსია, შედეგიც მნიშვნელოვანი იქნება.

Loading...
0.115201