ლიონელ მესი ძალიან დიდია! არგენტინელმა ფეხბურთელმა თავისი სიდიადე კიდევ ერთხელ დაამტკიცა და არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ლონდონის “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას პირადად გამოთიშა.
სანამ ორიოდ სიტყვას თამაშზე ვიტყოდეთ, იქამდე მესის მიღწევებზე, რომელსაც ამ მატჩის შემდეგ უწია. კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლი გაიტანა. მაგრამ, მესიმ ამას უფრო ნაკლებ მატჩში მიაღწია, ვიდრე პორტუგალიელმა. ამასთან, ჩემპიონთა ლიგაზე თავის კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა – 128-ე წამზე. ინგლისურ გუნდებს კი, ბოლო 18 შეხვედრაში 19 გოლი გაუტანა.
მოკლედ, ლიონელმა დახატა. “ბარსელონას” პირველივე გააზრებული შეტევა გოლით დასრულდა. ლონდონელთა დაცვა აშკარად ჩავარდა და დასარტყმელ პოზიციაზე ლეო დარჩა. და მაინც, მახვილი კუთხე იყო და ტიბო კურტუა არ გარჯილა ისე, როგორც მაღალი დონის მეკარეს შეეფერება. ბელგიელმა ფეხებს შორის გაუშვა... სწრაფმა გოლმა ანტონიო კონტეს გეგმები თავდაყირა დააყენა, მაგრამ “არისტოკრატებმა” მაინც სცადეს თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა და მომენტების შექმნა. თუმცა, სანამ საქმე აქამდე მივიდოდა, ჩესკ ფაბრეგასი ბურთს მოედნის ცენტრში კარგავს, ხოლო მესი მორიგ შედევრს ქმნის – შესანიშნავი საგოლე პასი და უსმან დემბელემ გაიტანა, მაგრამ აქ მაინც არგენტინელის გენიალურმა გადაცემამ გააკეთა ყველაფერი. მეოცე წუთზე 2:0 ეს უკვე ნოკდაუნს ჰგავდა.
“ჩელსის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კარგა ხანს არ დანებდა. მეტიც, ტაიმის დარჩენილი ნაწილი ინგლისის ჩემპიონის კარნახით წარიმართა და რამდენჯერმე შეეძლოთ გატანა. ყველაზე ახლოს მარკოს ალონსო იყო, რომლის ჯარიმა ძელმა აისხლიტა. სხვათა შორის, ამ მატჩში “ჩელსიმ” ორჯერ მოარტყა ძელს და ჩემპიონთა ლიგაზე მასზე მეტჯერ ძელისთვის ბურთი “ლივერპულს” აქვს მიმდინარე სეზონში მორტყმული (6).
“ჩელსიმ” მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო. ერთ ეპიზოდში კი მარკოს ალონსო კიპერთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ჟერარ პიკემ მაისურში დაქაჩა და თანამემამულე ძირს დასცა. მთავარი მსაჯის, დამირ სკომინას სასტვენი დუმდა. არადა, სლოვენიელი შეცდა და გარდა იმისა, რომ პენალტი იყო, უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის პიკეს გაძევებაც რეალური იყო. ასე რომ მოხდარიყო, ფაქტია თამაშის სურათი სრულიად შეიცვლებოდა და რა მოხდებოდა მერე, კაცმა არ იცის. თუმცა, სკომინამ წესის დარღვევა ვერ დაინახა. აღნიშნულმა ეპიზოდმა კი, “ჩელსი” საბოლოოდ გატეხა. მერე იყო, მესის კიდევ ერთი შედევრი და დუბლი. კურტუას ბურთის ისევ ფეხებს შორის გაუძვრა...
მოკლედ, “ბარსელონამ” ორი მატჩის ჯამში ინგლისის ჩემპიონი უშანსოდ დატოვა და მეოთხედფინალში გავიდა. საგულისხმოა, რომ ზედიზედ მეთერთმეტედ და ეს ჩემპიონთა ლიგის რეკორდია.
“ბარსელონა” – “ჩელსი” 3:0 (2:0) VIDEO ორი მატჩის ჯამში: 4:1
ბარსელონა, “კამპ ნოუ”
მაყურებელი: 97 183
“ბარსელონა” (4-4-2): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; დემბელე (ვიდალი 67), რაკიტიჩი, ბუსკეტსი (ანდრე გომესი 61), ინიესტა (პაულინიო 56); მესი, სუარესი
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
“ჩელსი” (3-4-3): კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი; მოზესი (ძაპაკოსტა 67), ფაბრეგასი, კანტე, ალონსო; ვილიანი, ჟირუ (მორატა 67), აზარი (პედრო 82)
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლები: 1:0 მესი (3), 2:0 დემბელე (20), 3:0 მესი (63)
გაფრთხილება: სერხი რობერტო (22) – ვილიანი (45), ჟირუ (49), ალონსო (75)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (7) – 9 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 1:6
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)