უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი ფანტასტიკური მატჩით დასრულდება. “კამპ ნოუზე” “ბარსელონა” და “ჩელსი” შემდეგი ეტაპის საგზურისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და წინ მართლაც ჩინებული 90 წუთი (თუ მეტი არა) გველოდება.
ისტორია გვაჩვენებს, რომ ამ წყვილში ბევრ რამეს უნდა ველოდოთ. თუმცა, ურთიერთშეხვედრებზე დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ. იქამდე შეგახსენებთ, რომ ლონდონში გუნდებმა გოლები გაცვალეს და შესაბამისად, წყვილში ფავორიტად ესპანური გრანდი იქცა. თუმცა, არც ინგლისის მოქმედი ჩემპიონის ჩამოწერა იქნება მართებული.
“ბარსელონა” ახლოსაა ესპანეთის ჩემპიონობასთან, მაშინ, როდესაც “ჩელსი” ოთხეულში შესვლაზე ოცნებობს. კონტეს გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა უმნიშვნელოვანესია და შეიძლება ითქვას, მისი ლონდონში დარჩენა დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული.
ორივე გუნდი თითქმის იდეალური შემადგენლობით ითამაშებს. მასპინძლებს დენის სუარესი არ ეყოლებათ, ხოლო ანდრეს ინიესტამ ტრავმა ახლახან მოიშუშა და შესაძლოა, სათადარიგო სკამზე ვიხილოთ. “არისტოკრატები” კი დავიდ ლუიზსა და როს ბარკლის მოისაკლისებენ.
ერნესტო ვალვერდე (“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი): “პირველ მატჩში “ჩელსიმ” უკეთესად ითამაშა, თუმცა ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ახლა კი, ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ, ისე, როგორც ვიცით თამაში. “ჩელსის” ნებისმიერი მომენტიდან შეუძლია გოლის გატანა. როდესაც ეს გუნდი თავს, რთულია მის კარში გოლის გატანა. გარდა ამისა, კონტრშეტევებზეც კარგად თამაშობენ. ასევე, სტანდარტული სიტუაციები... ამ ასპექტებს ყურადღება უნდა მივაქციოთ”.
ანტონიო კონტე (“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი): “ლონდონში ჩვენ შესანიშნავად, თითქმის იდეალურად ვითამაშეთ. იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა. თუმცა, შედეგი “ბარსელონას” დიდ უპირატესობას ანიჭებს. ვიცით, რომ ისინი ეცდებიან გაიმარჯვონ, მაგრამ ჩვენ უკეთესად უნდა ვითამაშოთ. 90 წუთი კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და კომპაქტურად ვითამაშოთ”.
სავრაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა, “კამპ ნოუ”
14 მარტი, 23:45 საათი
“ბარსელონა” (4-4-2): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; პაულინიო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ანდრე გომეში; მესი, სუარესი
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
“ჩელსი” (3-4-3): კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, კეჰილი; მოზესი, ფაბრეგასი, კანტე, ალონსო; ვილიანი, მორატა, აზარი
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
2000 წლიდან “ჩელსი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 13-ჯერ დაუპირისპირდნენ (ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე). 6 დუელიდან 5 სწორედ პლეი-ოფში შედგა.
ეს იქნება ამ გუნდთა მესამე დაპირისპირება მერვედფინალურ ეტაპზე. “ბარსელონა” ეცდება მეოთხედფინალში ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდეს და რეკორდია. “ჩელსიმ” კი მეოთხედფინალში თამაში ბოლო 5 სეზონში ერთადერთხელ მოახერხა, ხოლო ბოლო ორი მერვედფინალი ვერ გადალახა.
“ჩელსი” – “ბარსელონას” წყვილი “ლივერპული” – “პორტუს” წყვილთან ერთად მეორეა, რომელშიც ის გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვთ.
ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქამდე 13-ჯერ შეხვედრილან. 4 მატჩი “ჩელსიმ” მოიგო, 3 “ბარსელონამ”, ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
“ჩელსიმ” ბოლო დაპირისპირებაში ესპანურ გრანდს აჯობა. 2011-2012 წლების სეზონში ლონდონში მასპინძლებმა დიდიე დროგბას გოლით მოიგეს.
საპასუხო შეხვედრაში სერხიო ბუსკეტსის გოლით “ბარსა” დაწინაურდა, ხოლო იქმადე ჯონ ტერი გააძევეს. ანდრეს ინიესტამ ანგარიში ორამდე გაზარდა და თითქოს სტუმრები განწირულები იყვნენ, მაგრამ “ჩელსი” არ დანებდა. რამირესმა ერთი გოლი გაქვითა. შემდეგ იყო ლიონელ მესის გაცუდებული პენალტი, ხოლო წერტილი ფერნანდო ტორესმა დასვა და “ჩელსი” ფინალში გავიდა. საბოლოოდ კი, ჩემპიონიც გახდა.
იმ დღეს “ბარსელონას” რიგებში პედრომ და ფაბრეგასმა ითამაშეს, რომლებიც დღეს “ჩელსისთვის” ირჯებიან.
„2012 წლის 24 აპრილს გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
„ბარსელონა“: ვალდესი, პუიოლი, პიკე (დანი ალვეში 26), მასკერანო, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი (კეიტა 74), მესი, კუენკა (ტელო 68), ალექსის სანჩესი
„ჩელსი“: ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი (ბოსინგვა 12), ტერი, კოული, მიკელი, მეირელეში, ლამპარდი, მატა (კალუ 58), რამირესი (ბოსინგვა 88), დროგბა (ტორესი 80)
კიდევ ერთი დრამატული დუელი 2009 წელს შედგა. “კამპ ნოუზე” (0:0) ფრის შემდეგ, 6 მაისს, “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსი” მაიკლ ესიენის გოლით დაწინაურდა, რასაც ერიკ აბიდალის გაძევება მოჰყვა. თუმცა, ანდრეს ინიესტამ ბოლო წუთზე გაათანაბრა. ფინალში “ბარსელონა” გავიდა და ტურნირიც მოიგო.
„კამპ ნოუზე“ მაშინ გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
„ბარსელონა“: ვალდესი, დანი ალვეში, მარკესი (პუიოლი 52), პიკე, ალბიოლი, ტურე, ჩავი, ინიესტა, მესი, ეტო’ო (ბოიანი 82), ანრი (გლები 87)
„ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი, ალექსი, ტერი, ბოსინგვა, მიკელი, ბალაკი (ანელკა 90), მალუდა, ესიენი, ლამპარდი (ბელეტი 71), დროგბა
“ბარსელონამ” ჩელსი” 2005-2006 წლების სეზონის მერვედფინალშიც დაამარცხა ორი მატჩის ჯამში – 3:2 (2:1 სტუმრად, 1:1 შინ). იქამდე ერთი წლით ადრე, იმავე ეტაპზე უფრო ძლიერი ინგლისური გუნდი გამოდგა – 5:4 (1:2 სტუმრად, 4:2 შინ).
1999-2000 წლების სეზონში კი, მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა და მაშინაც ორი დაუვიწყარი მატჩი შედგა. “ჩელსიმ” შინ პირველი მატჩი 3:1 მოიგო, მაგრამ სტუმრად 1:5 დამარცხდა (დამატებით დროში).
გარდა ამისა, ერთი დუელი ჯგუფურ ეტაპზეც შედგა. ეს 2006-2007 წლების სეზონში მოხდა, როდესაც “ჩელსიმ” ლონდონში 1:0 მოიგო, ხოლო ესპანეთში ფრე დაფიქსირდა (2:2).
სტატისტიკა
“ბარსელონა”
“ბარსელონა” მერვედფინალში ყოველთვის თამაშობს 2004-2005 წლების სეზონიდან მოყოლებული. ჯამში კი, 13-დან 11 შემთხვევაში ეს ბარიერი დაძლია. ბოლოს ორი მარცხი მერვედფინალურ დუელში ინგლისურ გუნდებთან განიცადა. 2005 წელს “ჩელსისთან” (4:5) და 2007 წელს “ლივერპულთან” (1:2 შინ, 1:0 სტუმრად).
ერთი წლის წინ ლუის ენრიკეს “ბარსელონამ” პსჟ-სთან პირველი მატჩი 0:4 წააგო, მაგრამ შინ 6:1 იმარჯვა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი წარმოუდგენელი ქამბექის ავტორი გახდა.
„ბარსელონამ“ ბოლო ორი ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალში დაასრულა. შარშან „იუვენტუსთან“ დამარცხდა, ხოლო იქამდე „ატლეტიკოსთან“.
„ბარსელონამ“ ჯგუფურ ეტაპზე სამივე საშინაო მატჩი მოიგო: „იუვენტუსთან“ (3:0), „ოლიმპიაკოსთან“ (3:1) და „სპორტინგთან“ (2:0).
„ბარსელონას“ საკუთარ მოედანზე 24 მატჩი არ წაუგია ჩემპიონთა ლიგაზე (22 მოგება, 2 ფრე). ორი ფრე, „იუვენტუსთან“ და „ატლეტიკოსთან“, „ბარსას“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნად დაუჯდა.
ბოლო ინგლისური გუნდი, რომელსაც „ბლაუგრანა“ დაუპირისპირდა, „სიტი“ გახლდათ გასულ სეზონში. შინ 4:0 მოიგო, სტუმრად 1:3 წააგო.
„ბარსელონას“ ბალანსი შინ ინგლისურ გუნდებთან ასეთია: 19 მოგება, 11 ფრე, 2 წაგება.
ევროთასებზე პლეი-ოფში “ბარსელონა” ინგლსიურ გუნდებთან ასეთი ბალანსით იწონებს თავს: 13 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 10 გამოთიშვა. 2012 წელს “ჩელსისთან” მარცხი ერთადერთია ბოლო 7 საპლეი-ოფო დუელიდან.
„ბარსელონას“ სტუმრად პირველი მატჩი ფრედ 24-ჯერ დაუსრულებია და 19-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა. მათ შორის, ერთ-ერთი იყო 2012-2013 წლების სეზონში პსჟ-სთან ფრე სტუმრად 2:2 და შინ 1:1. რაც შეეხება უშუალოდ 1:1 - ამ ანგარიშით „ბარსამ“ სტუმრად 11-ჯერ ითამაშა პირველი მატჩი და მომდევნო ეტაპზე ცხრაჯერ გავიდა. ორიდან ერთი შემთხვევა, როდესაც გამოეთიშა ასპარეზობას, 2002-2003 წლების სეზონში მოხდა. „იუვენტუსთან“ საგარეო 1:1 შემდეგ, შინ 1:2 დამარცხდა.
„ბარსელონა“ პენალტების სერიაში: 5 მოგება, 1 წაგება
1988-1989 წლების სეზონი, თასების თასი, მეორე ეტაპი: „ლეხი“ (5:4)
1985-1986, ჩემპიონთა თასი, ფინალი: „სტიაუა“ (0:2)
1985-1986, ჩემპიონთა თასი, ნახევარფინალი: „გეტებერგი“ (5:4)
1978-1979, თასების თასი, მეორე ეტაპი: „ანდერლეხტი“ (4:1)
1977-1978, უეფას თასი, მესამე ეტაპი: „იფსვიჩ თაუნი“ (3:1)
1977-1978, უეფას თასი, მეორე ეტაპი: „ალკმაარი“ (5:4)
“ჩელსი”
“ჩელსიმ” მერვედფინალური ეტაპის დაძლევა აქამდე რვაჯერ შეძლო, ხოლო ოთხჯერ ტურნირს ამ ეტაპიდან დაემშვიდობა. მათ შორის, უკანასკნელი ორი მარცხი პსჟ-სთან მიჯრით განიცადა (2014-2015 და 2015-2016 წლებში).
“ჩელსის” პლეი-ოფში ესპანურ გუნდებთან ათჯერ უთამაშია (4 შემდეგი ეტაპზე გასვლა, 6 გამოთიშვა). 2013-2014 წლების სეზონში “არისტოკრატები” ნახევარფინალში “ატლეტიკოსთან” დამარცხდნენ (1:3, 0:0).
“ჩელსი” ესპანურ გუნდს მიმდინარე სეზონში უკვე დაუპირისპირდა (“ატლეტიკოს”).
ბოლო 6 საგარეო მატჩიდან ევროთასებზე “ჩელსიმ” ერთადერთხელ მოიგო და ეს სწორედ ესპანურ გუნდთან (“ატლეტიკოსთან” 2:1) გააკეთა (სამი ფრე, ორი წაგება).
„ჩელსის“ ბოლო 10 საგარეო მატჩი ესპანეთში არ წაუგია (3 მოგება, 10 ფრე). ბოლოს „არისტოკრატები“ 2005 წლის 1 ნოემბერს, „ბეტისთან“ დამარცხდნენ (0:1).
ესპანეთში „ჩელსის“ ბალანსი ასეთია: 4 მოგება, 7 ფრე, 5 წაგება.
„ლურჯებმა“ ბოლო 21 მატჩიდან ესპანელებთან მხოლოდ ორი მარცხი იწვნიეს (7 მოგება, 12 ფრე, 2 წაგება).
„ჩელსის“ ბალანსი ბოლო 11 საგარეო მატჩში ევროთასებზე: 5 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება.
“ჩელსის” გასულ სეზონში ევროთასებზე არ უთამაშია და ასეთი რამ 1996-1997 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. 2003-2004 წლებიდან 2015-2016 წლების სეზონის ჩათვლით “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ თამაშობდა.
„ჩელსი“ ექვსი შემთხვევიდან ოთხჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა, როდესაც პირველი მატჩი შინ ფრედ ითამაშა. ერთ-ერთი იყო ესპანურ „ვალენსიასთან“ 2006-2007 წლების სეზონში (შინ 1:1, სტუმრად 2:1). რაც შეეხება უშუალოდ 1:1 - ოთხი შემთხვევიდან სამჯერ მომდევნო ეტაპზე ინგლისური გუნდი გავიდა.
„ჩელსი“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 3 წაგება
2013 წელი, ევროპის სუპერთასი: „ბაიერნი“ (4:5)
2011-2012, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი: „ბაიერნი“ (4:3)
2007-2008, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი: „მანჩესტერი“ (5:6)
2006-2007, ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი: „ლივერპული“ (1:4)
მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი
ანტონიო კონტე “იუვენტუსის” სათადარიგო სკამზე იჯდა, როდესაც იტალიურმა გუნდმა მეოთხედფინალში “ბარსელონა” ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა (1:1, 2:1).
პედრო და ჩესკ ფაბრეგასი “ბარსელონას” აკადემიაში გაიზარდნენ. ამ უკანასკნელს კატალონელთა მაისურით 96 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი.
პედრომ კი, “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო.
ლუის სუარესს “ლივერპულის” რიგებში “ჩელსისთვის” ორი გოლი აქვს გატანილი (2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება).
ოლივიე ჟირუმ 2015-2016 წლების სეზონში “არსენალის” მაისურით “ბარსელონასთან” ორჯერ ითამაშა (0:2, 1:3).
ტიბო კურტუა “ბარსელონას” ათჯერ დაუპირისპირდა (1 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება). ერთადერთი გამარჯვება 2014 წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოიპოვა.
“იუვენტუსის” რიგებში ალვარო მორატამ “ბარსელონას” 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაუტანა.
ინგლისში უთამაშიათ
ტომას ვერმაელენი (“არსენალი” 2009-2014)
ლუის სუარესი (“ლივერპული” 2011-2014)
ჟერარ პიკე (“მანჩესტერი” 2004-2006, 2007-2008)
პაულინიო (“ტოტენჰემი” 2013-2015)
ესპანეთში უთამაშიათ
ტიბო კურტუა (“ატლეტიკო” 2011-2014)
ალვარო მორატა (“რეალი” 2010-2014, 2016-2017)
სესარ ასპილიკუეტა (“ოსასუნა” 2006-2010)
მარკოს ალონსო (“რეალი კასტილია” 2008-2010, “რეალი” 2010)
ვილი კაბალერო (“ელჩე” 2004-2006, 2006-2011, “მალაგა” 2011-2014)
ყოფილი თანაგუნდელები
დავიდ ლუიზი და ლუკას დინიე (პსჟ 2014-2015)
თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში
ალვარო მორატა, სესარ ასპილიკუეტა, პედრო როდრიგესი, ჩესკ ფაბრეგასი და ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, დენის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, ანდრეს ინიესტა, პაკო ალკასერი (ესპანეთი)
ედენ აზარი, ტიბო კურტუა და ტომას ვერმაელენი (ბელგია)
ტიემუ ბაკაიოკო, ნგოლო კანტე და ლუკას დინიე, უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი (საფრანგეთი)
დავიდ ლუიზი და პაულინიო (ბრაზილია)
ანტონიო რუდიგერი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია).