ფეხბურთი

3:29 | 12.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ატლეტიკოს” წყნარი გამარჯვება

ლა ლიგის 28-ე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა. მე-2 ადგილოსანი “ატლეტიკო” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “სელტას” დაუხვდა, დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და “ბარსელონასთან” არსებული 8-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა.

სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, მადრიდელებს არანაირი სათამაშო უპირატესობა არ ჰქონიათ, თუმცა ეს მათი სტილი არცაა. ახალი ნამდვილად არაა, რომ “როხიბლანკო” მეტოქეს მუდმივად არ უტევს, ბურთის დიდხანს ფლობაც ნაკლებად აინტერესებს და მათთვის მთავარი შედეგია. ტაბლოზე კი “ლეიბებისთვის” იდეალური შედეგი დაფიქსირდა.

“ატლეტიკომ” მეტოქის წინააღმდეგობა ტაიმის მიწურულს გატეხა: 44-ე წუთზე მოწოდებული კუთხურის შემდეგ, საჰაერო ორთაბრძოლაში ხოსე ხიმენესმა ივარგა და მისგან ანტუან გრიზმანს მშვენიერი გადაცემა მიუვიდა, რომელმაც ხონი მარტივი მოძრაობით ჩამოიშორა და ახლო მანძილიდან ბლანკოს შანსი არ დაუტოვა. 56-ე წუთზე გრიზმანმა უკვე საგოლე პასი მიითვალა: ვიტოლო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ბლანკოს მსუბუქად გადაუგდო ბურთი და “როხიბლანკოს” მაისურით ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი შვიდ წუთში, ვიტოლოს მაგივრად შემოსულმა ანხელ კორეამ დააფიქსირა – 3:0.

ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა “ვილიარეალმა”, რომელმაც “გრან კანარიაზე” გასავარდნ ზონაში მყოფი “ლას პალმასი” დაამარცხა და მე-6 ადგილი დაიბრუნა. ანგარიში 67-ე წუთზე უნაკლო დარტყმით კარლოს ბაკამ გახსნა, ხოლო 92-ე წუთზე სანსონემ პენალტი შეასრულა ზუსტად – 0:2.

“ბილბაომ” შინ “ლეგანესი” მიიღო და რაულ გარსია დუბლით დაამარცხა, ხოლო “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე “სოსიედადს” აჯობა.

ესპანიოლი – სოსიედადი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (41), 1:1 ბაპტიშტაო (51), 2:1 ხ.მორენო (72)

ატლეტიკო – სელტა 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 გრიზმანი (44), 2:0 ვიტოლო (56), 3:0 ა.კორეა (63)

ლას პალმასი – ვილიარეალი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბაკა (67), 0:2 სანსონე (92 პენ.)
გაძევება: გალვესი (91 ლ.)

ბილბაო – ლეგანესი 2:0 (2:0)

გოლები: რ.გარსია (10; 17)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110206