ბლოგი

18:00 | 11.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ასტორის ტრაგიკული ისტორია

გასული კვირა ძალიან მძიმე იყო იტალიელი, განსაკუთრებით კი ფლორენციელი გულშემატკივრებისათვის. “ფიორენტინას“ კაპიტნის, დევიდე ასტორის გარდაცვალებამ შოკში ჩააგდო სრულიად იტალია და როგორც იცით, ასტორის ოჯახისა და “ფიორენტინასადმი“ სოლიდარობის გამოჩენის გამო, გასულ კვირას იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა მატჩი გადაიდო.

31 წლის ფეხბურთელი (რომელსაც ნაკრებშიც იწვევდნენ) ყოვლად უცნაურ ვითარებაში, სასტუმროს ნომერში გულის შეტევით გარდაიცვალა და ეს მაშინ, როდესაც გარდაცვალებამდე ასტორი გულს კი არა, საერთოდ არაფერს უჩიოდა. ყველა საექიმო დასკვნა ღაღადებს, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო. ახლა კი, როგორც იტალიელი, ასევე მიწვეული ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები გულის შეტევით გარდაცვალების ფაქტს უტყუარად მიიჩნევენ და სხვა ვერსიას არც კი განიხილავენ.

მიუხედავად ექსპერტების ერთ აზრზე ყოფნისა, იტალიელ ქომაგებში ბუნებრივია მაინც გაჩნდა სხვადასხვა ჭორი და ეს ჭორები უმეტესად იმ ეჭვებს ემყარება, რომ შესაძლებელია ფეხბურთელი ნარკომომხმარებელი იყო და სიკვდილის მიზეზიც (ანუ გულის შეტევა) ნარკოტიკის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია.

ჩვენ ვერავის დავუდგებით თავდებად, მაგრამ ის ხომ დარწმუნებით ვიცით, რომ იტალია საქართველო არაა და ნარკომომხმარებლობა აპენინებზე უფრო ნაკლებად დაიმალება და “შეიფუთება“ ვიდრე ჩვენთან. ამას გარდა, ადამიანი თავის ამ სენს როგორც არ უნდა მალავდეს და ასაიდუმლოებდეს, საბოლოო ჯამში მაინც ვერ დამალავს და თუკი ამ დონის ფეხბურთელი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, მინიმუმ თანაგუნდელებს და კლუბის ბოსებს რას გამოაპარებდა?! თან ახლა, როდესაც ადამიანი გარდაცვლილია, რაღა აზრი უნდა ქონდეს ნაკლოვანებების დამალვასა და მიფუჩეჩებას?

საოცარი და ამაღელვებელი იყო სხვადასხვა ფეხბურთელების მიერ ასტორისადმი მიძღვნილი გამოსამშვიდობებელი კომენტარები, წერილები თუ ფეისბუქ-პოსტები. აშკარაა, რომ აპენინებზე ეს ახალგაზრდა კაცი ყველას უყვარდა და ეს მხოლოდ პიროვნული თვისებების გამო არ დაუმსახურებია. ფაქტია, რომ დავიდე ფეხბურთსაც ღირსეულად და ხარისხოვნად თამაშობდა და ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ სანაკრებო გამოწვევებიც მშვენივრად გადალახა.

სიკვდილისთვის ყველა შესაბრალისია, მაგრამ ჩვენს დროში, როდესაც მედიცინამ განვითარების უმაღლეს დონეს მიაღწია, ალბათ წარმოუდგენელიც კია ახალგაზრდა სპორტსმენის ასეთი უცაბედი გარდაცვალება. მაგრამ, რეალობა რეალობაა და ფლორენციის ისედაც მრავალი პრობლემების მქონე გუნდმა კაპიტანი დაკარგა. “ფიორენტინასთანა“ უიღბლო და დაჩაგრული კლუბი ევროპაში მეორე არ იქნება. წუწუნით თავად ასტორის ცხადია აღარაფერი ეშველება, მაგრამ როგორია კაპიტნის დაკარგვა?!...

0.110135