პრემიერლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში მე-2 ადგილოსანმა “მანჩესტერ იუნაიტედმა”, საკუთარ მოედანზე უახლოესი მდევარი “ლივერპული” დაამარცხა და 5 ქულით ჩამოიტოვა.
ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის შეხვედრის საწყისი მონაკვეთში შესანიშნავი გამოდგა. პირველ 25 წუთში მარკუს რეშფორდმა დუბლის შესრულება შეძლო, რამაც მასპინძლებს უდიდესი უპირატესობა მოუპოვა და გადამწყვეტი აღმოჩნდა.
პირველი ბურთი მე-14 წუთზე გავიდა: დავიდ ხე ხეამ ბურთი მეტოქის ნახევარზე აიტანა, სადაც ორთაბრძოლა რომელუ ლუკაკუმ მოიგო და მარცხენა ფრთაზე რეშფორდს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ერთი მეტოქე ჩამოიშორა და კარიუსს შორეულ კუთხეში უძლიერესი დარტყმით გაუტანა. ათიოდე წუთში კი დაახლოებით იგივე მოხდა: ბურთი კვლავ დე ხეამ აიტანა და ისევ ლუკაკუ დაეუფლა, რომელმაც გადაცემა ხუან მატას გაუკეთა, მის დარტყმულს მცველები გადაეფარნენ და ბურთი რეშფორდს მიუვიდა, რომელმაც მეკარის არასათანადო პოზიცია შესანიშნავად შეაფასა და კარიუსის კარი მეორედ აიღო. ტაიმი 2:0 დასრულდა.
მეორე ნახევარში უპირატესობას მერსისაიდელები ფლობდნენ. ბურთი დიდხანს ეჭირათ, ბევრი კუთხური მოაწოდეს, თუმცა განსაკუთრებული სახიფათო მომენტები არ ჰქონიათ და დავიდ დე ხეას სეივი საერთოდ არ გაუკეთებია. ერთადერთი გოლიც, რომელიც იურგენ კლოპის შეგირდებმა გაიტანეს, არაფრისგან გავიდა: ერიკ ბაილი ბურთის მოგერიებას ცდილობდა, რა დროსაც ისე აეჭრა, რომ საკუთარ კარში შეაგდო. “ლივერპულს” გასათანაბრებლად 25 წუთი ჰქონდა, მაგრამ “წითელმა ეშმაკებმა” თავი მშვენივრად დაიცვეს და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს – 2:1.
დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა “ჩელსიმ”, რომელმაც “სტემფორდ ბრიჯზე” თანაქალაქელი “კრისტალ პალასი” დაამარცხა. “არისტოკრატებმა” საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს: 25-ე წუთზე ვილიანმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა, ხოლო 32-ე წუთზე კელიმ ავტოგოლი გაიტანა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს: ვან აანჰოლტმა მცველების უყურადღებობით ითამაშა და ახლო მანძილიდან შეაგდო – 2:1.
“ჩელსის” 56 ქულა აქვს და “ტოტენჰემს” 2 ქულით ჩამორჩება, რომელიც დღეს “ბორნმუთს” ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში მე-3 ადგილზე გადავა.
ძალიან დაძაბული მდგომარეობაა ცხრილის ქვედა ნაწილში. აქ ნათელი ერთადერთი რამ გახლავთ: დიდი ალბათობით “ვესტ ბრომვიჩი” გავარდება, რომელიც შინ “ლესტერთან” განადგურდა (1:4) და მე-17 ადგილოსან “საუთჰემპტონს” 8 ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, “წმინდანები” გასვლაზე “ნიუკასლთან” უშანსოდ დამარცხდნენ (0:3). ცუდ დღეშია ”ვესტ ჰემიც”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ბარნლისგან” სამი უპასუხო ბურთი გაუშვა და საშიშ ზონას 3 ქულითღა უსწრებს.
გატანილი გოლების გარეშე დასრულდა “ჰადერსფილდის” და “სუონსის” დაპირისპირება. ეს გუნდები გასავარდნ ზონას ოთხ-ოთხი ქულით არიან მოცილებულნი. “ევერტონმა” კი “გუდისონ პარკზე” “ბრაიტონის” წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.
მანჩესტერ იუნაიტედი – ლივერპული 2:1 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0 რეშფორდი (14; 24), 2:1 ბაილი (66 ს.კ.)
ევერტონი – ბრაიტონი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ბონგი (60 ს.კ.), 2:0 თოსუნი (78)
გაძევება: კნოკერტი (80 ბ.)
88-ე წუთზე რუნიმ (ე) პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
ჰადერსფილდი – სუონსი 0:0
გაძევება: ჯ.აიუ (11 ს.)
ნიუკასლი – საუთჰემპტონი 3:0 (2:0)
გოლები: 1:0, 2:0 კენედი (2; 29), 3:0 რიტჩი (57)
ვესტ ბრომვიჩი – ლესტერი 1:4 (1:1)
გოლები: 1:0 რონდონი (8), 1:1 ვარდი (21), 1:2 მაჰრეზი (62), 1:3 იჰეანაჩო (76), 1:4 იბორა (93)
ვესტ ჰემი – ბარნლი 0:3 (0:0)
გოლები: 0:1 ბარნსი (66), 0:2, 0:3 ვუდი (70; 81)
ჩელსი – კრისტალ პალასი 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 ვილიანი (25), 2:0 კელი (32 ს.კ.), 2:1 ვან აანჰოლტი (90)