“ვალენსიას” თავდამსხმელი სანტი მინა ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
22 წლის ფეხბურთელი კვირას, “ბეტისთან” მოგებული (2:0) საშინაო შეხვედრის 37-ე წუთზე დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ სანტის მარცხენა ფეხის მუხლის ქვედა მყესი აქვს დაზიანებული. მას უახლოეს დღეებში კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება და გაირკვევა, თუ რა პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს.
მინამ მიმდინარე სეზონში “ლოს ჩეს” მაისური 32-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.