ლეგენდარული იტალიელი მეგოლის, ფილიპო (პიპო) ინძაგის ყოფილი ცოლი, მოდელი, ვეგეტარიანელი, მსახიობი და რაღაცნაირი ადამიანი - ალისია ვენტურა აქამდე იმით იყო ცნობილი, რომ ფილიპოს “მილანში“ გადასვლის შემდეგაც კი, მისი ნაქმრევის ყოფილი კლუბის, ტურინის “იუვენტუსის“ ერთგულად დარჩა და სწორედ “ზებრებს“ უტყდებოდა სიყვარულში.
თუმცა, გამოხდა ხანი, ალისიას თავში ცვლილებათა ქარაშოტმა ჩაიქროლა და ახლა სენიორა ვენტურა ამბობს, რომ ყველაზე მეტად მისი ყოფილი მაზლის, სიმონე ინძაგის მიერ გაწვრთნილი რომის “ლაციო“ ესიმპატიურება და ამჟამად მისი გული სწორედ რომაელებს ეკუთვნის.
იტალია თავისუფალი ქვეყანაა და საყვარელი კლუბის არჩევას ან შეცვლას ვერავის დაუშლიან, მაგრამ აპენინებზე ალისია ვენტურაზე ისედაც არ არიან მაინცდამაინც კარგი შეხედულების და ამ კლუბიდან-კლუბზე ხტომამ ბულვარულ მედიას საწერი და საქილიკო ბლომად მისცა. ისე მართლა, რაღა ფილიპოს ძმის კლუბი აირჩია?!...