ფეხბურთი

10:12 | 7.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია - ისევ სიმბოლურში

რუსეთის პრემიერლიგა ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა. აბა, ისე როგორ იქნებოდა, სოლომონ კვირკველია ტურის სიმბოლურ ნაკრებში რომ არ მოხვედრილიყო? 21-ე ტურში “სპარტაკთან” “ლოკომოტივი” უგოლოდ დაზავდა, ხოლო ქართველის მცველის თამაში Sport-express-მა 6.5 ქულით შეაფასა.

“შესვენებამდე საჯარიმოში ზურგს უკან პასი ერთხელ გაექცა, მაგრამ ამას პრობლემები არ მოუტანია. შესვენების შემდეგ კი, კომბაროვის ძალიან სახიფათო დარტყმა კუთხურზე მოიგერია. მერე, რთულად, მაგრამ მაინც გაუმკლავდა ლუის ადრიანოს ერთი-ერთზე. უხეში შეცდომა არ დაუშვია და მოვალეობას თავი გაართვა”, - წერს გამოცემა.

სოლომონმა "სპარტაკის" წინააღმდეგ 19-ჯერ ჩაჭრა ბურთი და ეს ტურში საუკეთესო შედეგია, ხოლო ოთხიდან ოთხი ორთაბრძოლა მოიგო და ეს უკვე "ლოკომოტივის" რიგებში აღმოჩნდა საუკეთესო შედეგი.

ხსენებული გამოცემის ვერსიით, მიმდინარე სეზონში კვირკველია მეშვიდედ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში. შეგახსენებთ, რომ “ლოკომოტივი” პრემიერლიგას დამაჯერებლად, 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. 26 წლის ქართველი მცველის ანგარიშზე 21 მატჩი (ყველა შეუცვლელად) და 2 გატანილი გოლია.

0.138879