დღევანდელი დღის ცენტრალური მატჩი ლონდონში, “უემბლიზე” გაიმართება. “ტოტენჰემისა” და “იუვენტუსის” შეხვედრა საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ეს პირველ რიგში ტურინში დაფიქსირებულმა შედეგმა განაპირობა და ამას ისიც ემატება, რომ ორივე გუნდი დიდებულ ფორმაშია.
“ტოტენჰემს” უკვე დეკემბრიდან მოყოლებული არ წაუგია, ხოლო “იუვემ” 2018 წელს გოლ(ებ)ი მხოლოდ დღევანდელი მეტოქისგან გაუშვა ტურინულ თამაშში. მოკლედ, ყველაფერი წინაა. მასპინძელთა შანსი უფრო ძვირად ფასობს, რადგან 2:2, ცალსახად მათ ანიჭებთ უპირატესობას, მაგრამ საგულისხმო სტატისტიკაა ისიც, რომ “იუვენტუსმა” რვიდან 6 შემთხვევაში შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც პირველი მატჩი შინ ფრედ ითამაშა.
დღევანდელ შეხვედრას “ბებერი ქალბატონი” სერიოზული დანაკლისით ხვდება – შეტევაში. ხუან კუადრადო, ფედერიკო ბერნარდესკი და მარიო მანჯუკიჩი ვერ ითამაშებენ. სამაგიეროდ დაბრუნდნენ მატია დე შილიო და გონსალო იგუაინი. “მამლები” კი ტრავმირებულ ალდერვეირელდსა და დისკვალიფიცირებულ სერჟ ორიეს ვერ დაიხმარენ. სხვა მხრივ, გუნდები საბრძოლო შემადგენლობებით გავლენ მოედანზე.
ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი რთულ 90 წუთს ელოდება. პოჩეტინოს განცხადებით, “იუვენტუსი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ხოლო მისმა ვიზავიმ, მასიმილიანო ალეგრიმ ყურადღება საგოლე მომენტების რეალიზაციაზე გაამახვილა.
მაურისიო პოჩეტინო (“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი): “ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. გუნდი, რომელმაც ითამაშა ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბოლო სამ სეზონში. ეს იქნება ფანტასტიკური ბრძოლა. თუ უკეთესად ვითამაშებთ, გვექნება შანსი, რომ გავიმარჯვოთ. მე ვარ მეოცნებე ადამიანი – ყოველ ჯერზე, როდესაც შანსი გაქვს, უნდა გაიმარჯვო და რაც შეიძლება შორს წახვიდე”
მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენთვის ეს ფინალია და დაგვჭირდება მოთმინება და ტექნიკა. უნდა ვითამაშოთ უკეთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში და შევქმნათ საგოლე მომენტები. ასეთი დონის შეხვედრებში აუცილებელია იმ მომენტების გამოყენება, რომელსაც შექმნი. რთული ბრძოლა გადავიტანეთ კვირას, “ლაციოსთან”. დიბალამ შანსი ფინალურ მომენტში გამოიყენა. დღეს უფრო მეტად უნდა ვითამაშოთ წინ და შსევქმნათ საგოლე მომენტები. უმნიშვნელოვანესია, რომ დაცვაში განსაკუთრებით ყურადღებით ვიმოქმედოთ”.
სავარაუდო შემადგენლობები:
ლონდონი, “უემბლი”
7 მარტი, 23:45 საათი
“ტოტენჰემი” (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიე, სანჩესი, ვერტონგენი, დევისი; დაიერი, დემბელე; სონი, ალი, ერიკსენი; კეინი
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი, მატუიდი; დიბალა, იგუაინი, დუგლას კოშტა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)
ფაქტები
“ტოტენჰემი”
„ტოტენჰემმა“ ჯგუფურ ეტაპზე სამივე საშინაო მატჩი მოიგო. „რეალთან“ 3:1, „დორტმუნდთან“ 3:1 და „აპოელთან“ 3:0.
„დორტმუნდთან“ გამარჯვებამდე ლონდონელებს შინ ზედიზედ 5 მატჩი არ ჰქონდათ მოგებული.
„ტოტენჰემი“ სახლში 7 მატჩია იტალიურ გუნდებთან არ აგებს (4 მოგება, 3 ფრე). ჯამში კი, ბალანსი ასეთია: 5 მოგება, 7 ფრე, 4 წაგება.
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “ტოტენჰემა” მერვედფინალში ითამაშა, 2010-2011 წლების სეზონი იყო. მაშინ “დეზებმა” “მილანი” დაამარცხეს (1:0, 0:0).
“ტოტენჰემს” პლეი-ოფის სტადიაზე იტალიურ გუნდებთან დადებითი ბალანსი აქვს: 4 მოგება, 1 წაგება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ალბიონელები აპენინელებს ვერ გასცდნენ, 2014-2015 წლების სეზონში ევროპა ლიგაზე მოხდა (1:1 შინ და 0:2 სტუმრად).
„მამლებს“ ტურინულ მატჩამდე სტუმრად პირველი შეხვედრა 2:2 არ დაუსრულებიათ.
„ტოტენჰემმა“ ბოლო 6 შემთხვევიდან ყოველთვის მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც პირველი მატჩი სტუმრად ფრედ დაასრულა.
„ტოტენჰემი“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 წაგება
2012-2013 წლების სეზონი, ევროპა ლიგა, მეოთხედფინალი: „ბაზელი“ (1:4)
2007-2008, უეფას თასი, მერვედფინალი: „პსვ ეინდჰოვენი“ (5:6)
1983-1984, უეფას თასი, ფინალი: „ანდერლეხტი“ (4:3)
“იუვენტუსი”
“იუვენტუსის” ბალანსი მერვედფინალში ასეთია: 5 მოგება, 3 წაგება. 12 თვის წინ, “იუვემ” “პორტუ” დაამარცხა ორი მატჩის ჯამში (3:0). ორი წლის წინ კი, “ბაიერნთან” დამატებით დროში ვერ შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა (2:2, 2:4).
“იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონში “ბარსელონასთან” მძიმე მარცხით დაიწყო – 0:3. მაგრამ შემდეგ 6 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა (3 მოგება, 3 ფრე). “ბიანკონერიმ” მერვედფინალის საგზური “ოლიმპიაკოსის” დამარცხების შემდეგ გაიფორმა.
„ბიანკონერიმ“ ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად 4 ქულა მოიპოვა - „ბარსელონასთან“ 0:3, „სპორტინგთან“ 1:1 და "ოლიმპიაკოსთან“ 2:0.
გასულ სეზონში „იუვენტუსმა“ სტუმრად 6 მატჩიდან 5 მოიგო და ერთი ფრე ითამაშა. ხსენებულ შეხვედრებში ტურინელებმა 12 გოლი გაიტანეს და ერთადერთი გაუშვეს.
„იუვენტუსს“ ინგლისურ გუნდებთან უკვე ზედიზედ 7 მატჩია, რაც არ წაუგია (3 მოგება, 4 ფრე).
ინგლისში ბალანსი კი ასეთია: 3 მოგება, 6 ფრე, 12 წაგება.
ტურინელები ინგლისურ მეტოქეებთან საპლეი-ოფო სტადიაზე ასე თამაშობენ: 5 მოგება, 8 ფრე. ბოლო 5 დუელიდან კი, “იუვე” ევროსარბიელის შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა. ბოლოს ასეთი რამ 2010 წელს ევროპა ლიგაზე მოხდა, როცა “ფულჰემთან” დამარცხდა (3:1, 1:4).
„იუვენტუსმა“ ბოლო რვა შემთხვევიდან, როდესაც პირველი თამაში სახლში ფრე ითამაშა, შემდეგ ეტაპზე გავიდა. ეს ორი გამონაკლისი კი 1972 წელს „ვულვერჰემპტონთან“ (შინ 1:1, სტუმრად, 1:2) და „ბაიერნთან“ 2016 წელს (შინ 2:2, სტუმრად 2:4 დამატებით დროში), მოხდა.
ტურინელებმა ორჯერ მოახერხეს შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც შინ 2:2 დაასრულეს პირველი თამაში. 1995 წელს „დორტმუნდთან“ (სტუმრად 2:1) და 2004 წელს, „დიურგარდენთან“ (სტუმრად 4:1).
„იუვენტუსი“ პენალტების სერიაში: 3 მოგება, 3 წაგება
2002-2003 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი: „მილანი“ (2:3)
1995-1996, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი: „აიაქსი“ (4:2)
1986-1987, ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი: „რეალი“ (1:3)
1985, საკონტინტეთაშორისო თასი: „არგენტინოს ხუნიორსი“ (4:2)
1980-1981, უეფას თასი, მეორე ეტაპი: „ვიძევი“ (1:4)
1977-1978, ჩემპიონთა თასი, მეოთხედფინალი: „აიაქსი“ (3:0)
მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი
ფერნანდო ლორენტემ “იუვენტუსის” რიგებში 2013-2015 წლების სეზონში 92 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. მოიგო ორი სკუდეტო და ერთი იტალიის თასი.
ლორენტემ ყოფილ გუნდს “სევილიას” შემადგენლობაში უკვე გაუტანა გამარჯვების გოლი 2015-2016 წლების სეზონში (1:0) და “იუვე” ამ მარცხის გამო ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.
ხუან კუადრადოს პრემიერლიგაში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.
ვოიცეხ შჩესნიმ “არსენალის” რიგებში პრემიერლიგაში 132-ჯერ ითამაშა, ხოლო “ტოტენჰემს” რვაჯერ დაუპირისპირდა (4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება).
ერიკ ლამელას იტალიის ჩემპიონატში 62-ჯერ აქვს ნათამაშები და 19 გოლი გაუტანია. 2011-2013 წლებში ლამელა “რომას” რიგებში “იუვენტუსს” 4-ჯერ დაუპირისპირდა (1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება). არგენტინელმა წითელი ბარათი მიიღო 2012 წელს, იტალიის თასზე წაგებულ შეხვედრაში (0:3).
ერიკ ლამელა “რივერ პლეიტის” აკადემიაში ირიცხებოდა მაშინ, როდესაც ამავე გუნდის ღირსებას გონსალო იგუაინი იცავდა.
ტობი ალდერვეილდმა “აიაქსის” მაისურით 2010 წელს მასიმილიანო ალეგრის გუნდს გოლი გაუტანა (2:0).
მასიმილიანო ალეგრი „მილანის“ მწვრთნელი იყო, როდესაც „ტოტენჰემმა“ „როსონერი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაამარცხა (2010-2011 წლების სეზონში). შინ 0:1 და სტუმრად 0:0.
ჰარი კეინი და ერიკ დაიერი მოედანზე იყვნენ, როდესაც ინგლისმა სამი ხედირას გერმანია ამხანაგურ მატჩში დაამარცხა (3:2).
ჯანლუიჯი ბუფონის, ანდრეა ბარძალისა და ჯორჯო კიელინის იტალიამ 2016 წელის ევროპის ჩემპინატზე ტობი ალდერვეილდისა და იან ვერტონგენის ბელგია დაამარცხა (2:0). ვერტონგენმა ბუფონს 2015 წელს ამავე გუნდების ამხანაგურ მატჩში გოლიც გაუტანა.
ერთად უთამაშიათ
მირალემ პიანიჩსა და უგო ლორისს (“ლიონში”, 2008-2011)
ბლეზ მატუიდისა და სერჟ ორიეს (პსჟ-ში, 2014-2017).
თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში
ბლეზ მატუიდი და უგო ლორისი, მუსა სისოკო (საფრანგეთი)
ხუან კუადრადო და დევინსონ სანჩესი (კოლუმბია)
გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა და ერიკ ლამელა (არგენტინა)
სტატისტიკა
“ტოტენჰემი”
სალიგო განაცხადს ჯგუფური ეტაპის შემდეგ დაემატნენ ერიკ ლამელა და ლუკას მოურა. მათ ხუან ფოიტის და კევინ ნ’კუდუს ადგილი შეავსეს.
სერჟ ორიე დისკვალიფიცირებულია.
„ტოტენჰემმა“ ბოლო 21 მატჩიდან 14 მოიგო და ერთადერთხელ წააგო. 16 დეკემბერს, „სიტისთან“ (1:4).
მაურისიო პოჩეტინოს გუნდს შინ უკვე ზედიზედ 15 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (13 მოგება, 2 ფრე). ბოლოს, ლონდონში, „ვესტ ჰემმა“ გაიმარჯვა სტუმრის რანგში. ინგლისის ლიგის თასზე 25 ოქტომბერს (3:2). ბოლო 7 თამაში კი, „ტოტენჰემმა“ „უემბლიზე“ საერთოდაც მოიგო.
„მამლებმა“ პრემიერლიგაში 24 გაშვებული გოლიდან 9 მატჩის ბოლო 15 წუთში მიიღეს.
„სპურსმა“ პრემიერლიგის ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხში, კარი მშრალად შეინახა.
ტობი ალდერვეიდლმა 7 თებერვალს პირველად ითამაშა 1 ნოემბრის შემდეგ. თუმცა, ბელგიელი მას შემდეგ ისევ ლაზარეთშია.
იან ვერტონგენს „იუვენტუსთან“ თამაშის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები მანამ, სანამ „ჰადერსფილდთან“ ძირითად შემადგენლობაში არ ითამაშა.
“იუვენტუსი”
ჯგუფური ეტაპის შემდეგ “იუვენტუსის” სალიგო განაცხადშია სტეფან ლიხშტაინერი. შვეიცარიელმა ბენედიქტ ჰიოვედესის ადგილი დაიკავა.
მირალემ პიანიჩი, როდრიგო ბენტანკური და მედჰი ბენატია ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში შემდეგ მატჩს გამოტოვებს.
„ტოტენჰემთან“ ფრის შემდეგ „იუვენტუსმა“ სამი მატჩი ჩაატარა და სამივე 1:0 მოიგო. ბოლოს, „ლაციო“ დაამარცხა პაულო დიბალას გოლით.
„ტოტენჰემთან“ შეხვედრის გამოკლებით, „იუვემ“ ბოლო 19 თამაშში ერთადერთი გოლი გაუშვა.
„იუვენტუსს“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 10 მატჩი აქვს მოგებული. გაიტანა 22 გოლი და გაუშვა მხოლოდ 1.
გონსალო იგუაინი და ფედერიკო ბერნარდესკი 18 თებერვალს, „ტორინოსთან“ დაშავდნენ.
„იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ მატჩი 25 თებერვალს გადაიდო და 14 მარტს ჩატარდება.
იგუაინს დაშავებამდე ბოლო 6 მატჩში 8 გოლი ჰქონდა გატანილი.
ჯანლუიჯი ბუფონმა „ფიორენტინასთან“ იტალიის ჩემპიონატში მე-500 თამაში ჩაატარა.
28 თებერვალს, „იუვემ“ „ატალანტა“ დაამარცხა (1:0) და იტალიის თასის ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. ფინალი 9 მაისს, რომში შედგება და ტურინელთა მეტოქე „მილანი“ იქნება.
ხუან კუადრადოს 23 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია და 30 იანვარს ოპერაცია გაიკეთა.
ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი 2017 წლის უეფას გუნდში მოხვდნენ.