ფეხბურთი

13:36 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “კალიარიმ” და “ფიორენტინამ” 13 ნომერი გააუქმეს

ფლორენციის “ფიორენტინამ” და “კალიარიმ” დავიდე ასტორის ხსოვნის საპატივცემულოდ ხმარებიდან 13-ნომრიანი მაისური სამუდამოდ ამოიღეს. ამის შესახებ ფლორენციული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

“მისი ხსოვნის პატივსაცემად და რომ არასდროს დავივიწყოთ დავიდე ასტორი, “ფიორენტინამ” და “კალიარიმ” გადაწყვიტეს ერთობლივად გააუქმონ ნომერი 13”, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინვე გამოცემა Sportsjoe ავრცელებდა ცნობას, რომლის თანახმადაც, “ფიორენტინამ” გარდაცვლილ ფეხბურთელს კონტრაქტი უვადოდ გაუხანგრძლივა. თუმცა, ამ წუთამდე ეს ინფორმაცია კლუბს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ კი ყველაფერი უარყო და ტყუილი ნიუსი უწოდა:

“ეს იყო სააგენტოს Fake News-ი”, - განუცხადა მალაგომ ადგილობრივ მედიას.

შეგახსენებთ, დავიდე ასტორი 4 მარტს, უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის ფეხბურთელს გული გაუჩერდა, თუმცა იტალიის პროკურატურა საქმეს მაინც იძიებს, შესაძლო მკვლელობის მოტივით და ამ მიზნით დღეს, ფეხბურთელის გვამს ექსპერტიზაც ჩაუტარდება.

დავიდე ასტორი “კალიარიში” 2008-2014 წლებში (178 მატჩი 3 გოლი) თამაშობდა, ხოლო “ფიორენტინას” რიგებში 2015-2018 წლებში 109 შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა.

0.146634