ფეხბურთი

2:00 | 6.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ამბიცია რეალ(ურ)ია?!

გადაწონის პსჟ მადრიდის “რეალს”? ამ კითხვაზე პასუხი დაახლოებით დღეს გვეცოდინება, იქამდე კი ფრანგული გუნდი რთულ მდგომარეობაშია. სხვა ვერაფერს ვუწოდებთ იმას, რასაც “რეალის” ორბურთიანი უპირატესობა ჰქვია.

მადრიდულ შეხვედრაში სტუმრებმა ანგარიში წაიყვანეს, მაგრამ თამაშის ბოლოს კონცენტრაცია დაკარგეს და საბოლოოდ, თავი ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდეს. მიუხედავად ამისა, ცალსახაა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და პარიზელები ბოლომდე ეცდებიან მომდევნო ეტაპზე გასვლას.

დღევანდელ შეხვედრაში პსჟ-ს ერთადერთი დანაკლისი აქვს, მაგრამ ვაი, ასეთ დანაკლისს – ნეიმარი. ბრაზილიელმა ტრავმა ერთი კვირის წინ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ კლუბს არ სურდა ოპერაცია გაკეთებინა, სამხრეთამერიკელმა თავისი გაიტანა. შესაბამისად, ამ წყვილის ერთ-ერთ მთავარ ინტრიგას მოედანზე ვერ ვიხილავთ. მას ანხელ დი მარია შეცვლის. ფეხბურთელი, რომელიც “რეალის” რიგებში ირჯებოდა და შესაბამისად, თავისებური რევანში არგენტინელსაც აქვს ასაღები.

“რეალს” კი დაშავებულები მარსელო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი ჰყავდა, მაგრამ მათდა ბედად, სამივემ მოასწრო გამოჯანმრთელება სამატჩო განაცხადში არიან. თუმცა, მოდრიჩი და კროოსი სავარაუდო შემადგენლობაში არ ფიგურირებენ და შესაძლოა, სათადარიგო სკამიდან მოუწიოთ მატჩის უმეტესი ნაწილისთვის თვალის მიდევნება. სხვა მხრივ, გუნდები საკადრო პრობლემებს არ განიცდიან.

შიდა ჩემპიონატში ორივე გუნდისთვის ყველაფერი გარკვეულია: “რეალი” ჩემპიონობას ვეღარ შესწვდება, ხოლო პსჟ-ს პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება. შესაბამისად, მათთვის დღევანდელ 90 წუთზე მნიშვნელოვანი არაფერია. უნაი ემერი მოახლოებულ შეხვედრას წლის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს უწოდებს, ხოლო ზინედინ ზიდანი ნეიმარის დანაკლისს არაფრად აგდებს.

უნაი ემერი (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): “ეს წლის შეხვედრაა. ეს არის უნიკალური შანსი ჩვენი ქომაგებისთვის და ყველასთვის, ვისაც საფრანგეთსა და პარიზში ფეხბურთი უყვარს. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ნაბიჯი წინ გადავდგათ. თუ ვითამაშებთ ისე, როგორც ვიცით, თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

იმედი მაქვს, რომ “რეალი” კარგ თამაშს აჩვენებს და საუკეთესო შემადგენლობა ეყოლება, რადგან მინდა, რომ ასეთ მეტოქეს ვაჯობოთ. უნდა ვითამაშოთ თავით და გულთან ერთად. მაგრამ, ვფიქრობ, გულით თამაში უფრო მნიშვნელოვანია”.

ზინედინ ზიდანი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “დღევანდელი საღამო მძიმე იქნება ერთ-ერთი გუნდისთვის, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. გვსურს, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ. ვიცით, რომ ეს რთული იქნება, მაგრამ მინდა ვნახო გუნდი, რომელსაც შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.

მაქსიმალურად მოვემზადეთ, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ 90 წუთის და შესაძლოა მეტი დროის განმავლობაშიც კი. ნეიმარის არყოფნა განსხვავებას არ მოგვცემს. მის ადგილზე იქნება სხვა ფეხბურთელი, რომელსაც სურს, რომ აჩვენოს თუ რა შეუძლია”.

სავარაუდო შემადგენლობები:

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

6 მარტი, 23:45 საათი

პსჟ (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; ვერატი, ტიაგო მოტა/დიარა, რაბიო; მბაპე, კავანი, დი მარია

მწვრთნელი: უნაი ემერი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კაზემირო, კოვაჩიჩი, ისკო; ბეილი, ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

“რეალი” პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა, ჩამორჩა რა, “ტოტენჰემს”, ხოლო “პარი სენ ჟერმენმა” “ბაიერნს” აჯობა და ქვეჯგუფში იპირველა.

“სამეფო კლუბი” უკვე ზედიზედ 7 სეზონია ნახევარფინალამდე აღწევს (სამჯერ იჩემპიონა), ხოლო პსჟ ჯერ კიდევ იმ ტკივილს იშუშებს, რომელიც ერთი წლის წინ ამავე ეტაპზე მიიღო. როდესაც, “ბარსელონასთან” წარმოუდგენლად გამოეთიშა ტურნირს (4:0, 1:6).

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ბოლოს 2015-2016 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. პარიზში გოლი არ გასულა, ხოლო მადრიდში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი ნაჩომ 35-ე წუთზე, მოედანზე შესვლიდან 2 წუთში გაიტანა. პარიზში გამართული მატჩი კი, უგლოდ დასრულდა.

2015 წლის 12 ოქტომბერს, „პარკ დე პრენსზე“ გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

პსჟ: ტრაპი, ორიე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მაქსველი, ვერატი (ლავეცი 80), ტიაგო მოტა, მატუიდი, დი მარია (ლუკასი 67), კავანი (პასტორე 67), იბრაჰიმოვიჩი

„რეალი“: ნავასი, დანილო, რამოსი, ვარანი, მარსელო, კაზემირო, კროოსი, ისკო (მოდრიჩი 69), ვასკესი, ხესე (ჩერიშევი 73), რონალდუ

პსჟ-მ “რეალი” ევროსარბიელიდან ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში გამოთიშა. 1992-1993 (უეფას თასზე 1:3, 4:1) და 1993-1994 წლების სეზონში თასების თასზე (1:0, 1:1).

ფაქტები

პსჟ

პსჟ მერვედფინალში ზედიზედ და საერთოდ, მეექვსედ ითამაშებს. თავიდან, ოთხჯერ პარიზელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ხოლო შარშან “ბარსელონას” ბარიერი ვერ დაძლიეს.

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი მიიღო. “ბარსელონა” შინ 4:0 დაამარცხა, მაგრამ მერე ესპანეთში 1:6 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

პსჟ-მ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე სამივე თამაში მოიგო. „ბაიერნთან“ (3:0), „ანდერლეხტთან“ (5:0) და „სელტიკთან“ (7:1).

პარიზელებმა „პარკ დე პრენსზე“ ევროტურნირების ეგიდით ბოლო 46 მატჩში ერთადერთხელ წააგეს. 2015 წელს „ბარსელონასთან“ (1:3). მანამდე ბოლო მარცხი 2006-2007 წლების სეზონით თარიღდება უეფას თასზე თელ-ავივის „ჰაპოელთან“ (2:4).

„ბარსელონასთან“ მარცხი მეორე იყო ესპანური გუნდების წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე. მანამდე პარიზში პირინელთაგან „დეპორტივომ“ მოიგო. 2000-2001 წლების სეზონის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გალისიელებმა 3:1 გაიმარჯვეს.

მთლიანობაში კი პსჟ-ს ბალანსი შინ ესპანურ გუნდებთან დადებითია: 7 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება. მხედველობაში გასვლით შეხვედრებსაც თუ მივიღებთ, სრული თანაფარდობაა: 11 მოგება, 7 ფრე, 11 წაგება.

პსჟ-მ ჯგუფში 25 გოლი გაიტანა და ეს ჯგუფური ეტაპის რეკორდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

პლეი-ოფში პსჟ ესპანური გუნდების წინააღმდეგ ასეთი ბალანსით იწონებს თავს: 5 გასვლა შემდეგ ეტაპზე და 3 გამოთიშვა. სამჯერვე ფრანგები “ბარსელონასთან” დამარცხდნენ. 2013, 2015 და 2017 წლებში.

პსჟ-მ 1992-1993 წლების სეზონში უეფას თასის მეოთხედფინალში „რეალთან“ მადრიდში, 1:3 წააგო (როგორც ახლა), მაგრამ სახლში 4:1 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პსჟ პენალტების სერიაში: 0 მოგება, 1 წაგება

2001-2002 წლების სეზონი, უეფას თასის მესამე ეტაპი: „რეინჯერსი“ (3:4).

რეალი

“რეალი” ეცდება მეოთხედფინალში ზედიზედ მერვედ გავიდეს. მთლიანობაში 1/8 ფინალში მადრიდელთა ბალანსი დადებითია: 8 გამარჯვება, 6 მარცხი. 2005-2010 წლებში ესპანური გუნდისთვის ეს ბარიერი დაუძლეველი იყო.

შარშან “რეალმა” ამავე ეტაპზე “ნაპოლი” დაამარცხა (3:1, 3:1).

„რეალმა“ ჯგუფურ ეტაპზე სამი გასვლითი მატჩიდან ორი მოიგო - „დორტმუნდთან“ (3:1) და „აპოელთან“ (6:0), ხოლო „ტოტენჰემთან“ დამარცხდა (1:3).

კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში მოახერხა გოლის გატანა. პორტუგალიელი რეკორდს აგრძელებს და მერვედფინალშიც არ დატოვა მოედანი უგოლოდ.

ზინედინ ზიდანის გუნდს ბოლო ოთხი გასვლითი მატჩიდან ორი წაგებული აქვს. „ტოტენჰემის“ გარდა, „სამეფო კლუბი“ შარშან ნახევარფინალში „ატლეტიკოსთან“ 1:2 დამარცხდა. მანამდე კი, იყო 6 წაუგებელი გასვლითი შეხვედრა (3 მოგება, 3 ფრე).

“რეალმა” ევროტურნირებზე ბოლო 26 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო. 18 გამარჯვება და 6 ფრე.

“რეალმა” ბოლოს ფრანგული გუნდებიდან სწორეს პსჟ-ს წინააღმდეგ ითამაშა 2015 წელს. ბოლო 9 თამაშიდან კი, ფრანგ მეტოქეებთან დაუმარცხებელია (6 მოგება, 3 ფრე). ესპანელები ბოლოს “ლიონთან” დამარცხდნენ 2010 წელს მერვედფინალში.

პსჟ-სთან მადრიდში გამართული შეხვედრა გამოდგა პირველი ფრანგული გუნდების წინააღმდეგ უკანასკნელი 6 მატჩიდან, როდესაც „რეალმა“ გოლი გაუშვა. მანამდე იყო ხუთი მშრალი შეხვედრა (4 მოგება, 1 ფრე, 10 გატანილი გოლი).

„რეალის“ ბალანსი საფრანგეთში ასეთია: 5 მოგება, 3 ფრე, 6 წაგება.

“ბლანკოსს” პლეი-ოფში ფრანგულ გუნდებთან უარყოფილით ბალანსი აქვს: 3 გასვლა შემდეგ ეტაპზე და 4 გამოთიშვა.

„რეალმა“ 59 შემთხვევიდან 46-ჯერ შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა, როდესაც პირველი თამაში საკუთარ მოედანზე მოიგო.

“რეალი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

„რეალი“ პენალტების სერიაში: 2 მოგება, 2 წაგება

2015-2016 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგა, ფინალი: „ატლეტიკო“ (5:3)

2011-2012, ჩემპიონთა ლიგა, ნახევარფინალი: „ბაიერნი“ (1:3)

1986-1987, ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი: „იუვენტუსი“ (3:1)

1974-1975, თასების თასი, მეოთხედფინალი: „ცრვენა ზვეზდა“ (5:6)

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

ზინედინ ზიდანს პსჟ-ს წინააღმდეგ “ბორდოს” რიგებში ოთხჯერ უთამაშია (2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება).

უნაი ემერი ფეხბურთელობისას “რეალის” მეორე გუნდს ორჯერ დაუპირისპირდა, როდესაც “ტოლედოს” რიგებში თამაშობდა (2 მოგება). “ალმერიას”, “ვალენსიასა” და “სევილიას” თავკაცის რანგში კი, “სამეფო კლუბთან” 20 მატჩიდან 5 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 14-ჯერ წააგო.

ანხელ დი მარიას “რეალში” 124 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი მხოლოდ ლა ლიგის ეგიდით. 2014 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ატლეტიკოსთან” არგენტინელი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

დანი ალვეში მოედანზე იყო, როდესაც “რეალმა” “იუვენტუსი” შარშან ფინალში დაამარცხა.

“ვოლფსბურგის” რიგებში იულიან დრაქსლერმა “რეალი” 2:0 დაამარცხა 2016 წელს მეოთხედფინალში. თუმცა, საპასუხო მატჩი 0:3 წააგო.

რაფაელ ვარანმა “ლანსის” რიგებში მეხუთე მატჩი სწორედ პსჟ-ს წინააღმდეგ ჩაატარა 2011 წელს საფრანგეთის თასზე და 1:5 წააგო. ერთი თვის თავზე კი პარიზში ფრეს გამორჩა (0:0).

ქარიმ ბენზემას “პარი სენ ჟერმენის” წინააღმდეგ 7-ჯერ უთამაშია “ლიონის” მაისურით (4 მოეგბა, 2 ფრე, 1 წაგება).

2015 წლის დეკემბერში “ვილიარეალში” მოთამაშე ალფონს არეოლამ “რეალი” 1:0 დაამარცხა.

2017 წლის 14 ნოემბერს, ტრაპის, კროოსისა და დრაქსლერის გერმანია ამხანაგურ მატჩში მბაპეს, რაბიოს, ვარანისა და კურზავას საფრანგეთს დაუზავდა (2:2).

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

კაზემირო, მარსელო და ტიაგო სილვა, მარკინიოსი, დანი ალვეში, ნეიმარი (ბრაზილია)

რაფაელ ვარანი და ლაუვინ კურზავა, ადრიენ რაბიო, კილიან მბაპე (საფრანგეთი)

ტონი კროოსი და კევინ ტრაპი, იულიან დრაქსლერი (გერმანია)

ერთად უთამაშიათ

ბორხა მაიორალი და იულიან დრაქსლერი (“ვოლფსბურგი” 2016)

სერხიო რამოსი და დანი ალვეში (“სევილია” 2003-2005)

საფრანგეთში უთამაშიათ

ქარიმ ბენზემა (“ლიონი” 2005-2009)

რაფაელ ვარანი (“ლანსი” 2010-2011)

ესპანეთში უთამაშიათ

იური ბერჩიჩე (“ვალიადოლიდი” 2009-2010, “რეალ უნიონი” (2010-2012, “ეიბარი” 2012-2014, “სოსიედადი” 2014-2017)

ნეიმარი (“ბარსელონა” 2013-2017)

ალფონს არეოლა (“ვილიარეალი” 2015-2016)

დანი ალვეში (“სევილია” 2002-2008, “ბარსელონა” 2008-2016)

ტიაგო მოტა (“ბარსელონა” 2001-2007, “ატლეტიკო” 2007-2008).

0.264913