ფლორენციის “ფიორენტინა” აწ გარდაცვლილ დავიდე ასტორის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. იტალიური მედიის ცნობით, “იების” ხელმძღვანელობა კაპიტანთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ორშაბათს, 5 მარტს აპირებდა, თუმცა ფეხბურთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია “ფიორენტინას” პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემაც დაასტურა. ახლა კი, SportsJoe-ს ცნობით, ხელშეკრულება მაინც გახანგრძლივდა, ხოლო ხელფასი, რომელიც ასტორის უნდა აეღო, თავის მეუღლეს, ფრანჩესკა ფიორეტისა და 2 წლის შვილს ერგებათ. საგულისხმოა, რომ კონტრაქტი უვადო იქნება.
შეგახსენებთ, დავიდე ასტორი უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის იტალიელს ძილში გული გაუჩერდა. თუმცა, იტალიის პროკურატურა საქმეს მაინც იძიებს (მკვლელობის მუხლით) და ამის გამო, ხვალ, 6 მარტს, ასტორის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდება.