ფლორენციის “ფიორენტინას” კაპიტნის, დავიდე ასტორის გარდაცვალება გულის გაჩერებამ გამოიწვია. ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა – რატომ?
როგორც ცნობილი ხდება, 31 წლის ფეხბურთელს აქამდე ამ მხრივ პრობლემები არ აწუხებდა. გარდაცვალების წინა საღამოს ასტორიმ თანაგუნდელ მარკო სპორტიელოსთან ერთად ფლეისთეიშეინი ითამაშა და შემდეგ თავის ნომერში დასაძინებლად გაეშურა – ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ადგილობრივი მედიის ცნობით, სწორედ სპორტიელო გამოდგა ის ადამიანი, რომელმაც დავიდეს ბოლო მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუზგზავნა: “ბუცები აქ დაგრჩა” – პასუხის თანახმად, ასტორის დილით უნდა აეღო თავისი ბუცები, მაგრამ მისდა საუბედუროდ, ის დილა აღარ გაუთენდა. ძილში გული გაჩერდა...
La Repubblica-ს ცნობით, დავიდე ასტორის სამედიცინო შემოწმება ბოლოს ოთხშაბათს ჩაუტარდა, რომელსაც არანაირი პრობლემა არ უჩვენებია.
“არ აქვს მნიშვნელობა სპორტსმენი ხარ, კონტროლირებადი, ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობ თუ სულელური, ახალგაზრდა ხარ თუ არა – ჩვენ საქმე უეცარ სიკვდილთან გვაქვს და ამისგან დაზღვეული არავინ არაა”, - განაცხადა სპორტულმა კარდიოლოგმა ალესანდრო ბიფიმ.
ამასობაში კი, კომენტარი “ფიორენტინას” პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემაც გააკეთა:
“ყველანი შოკირებულები ვართ, ჩვენ გვერდში დავუდგებით დავიდეს ოჯახს. ის შესანიშნავი ადამიანი და კაპიტანი იყო, განსაკუთრებული. ორშაბათს მასთან კონტრაქტი უნდა გაგვეხანგრძლივებინა. დავიდეს სურდა, რომ კარიერა აქ, ფლორენციაში დაესრულებინა”, - თქვა დელა ვალემ.
შეგახსენებთ, დავიდე ასტორი უდინეს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალურ მიზეზად ძილში გულის გაჩერებას ასახელებენ.