ძიუდო

11:53 | 5.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ძიუდოს ღარიბი უიქენდი

გასულ შაბათ-კვირას ძიუდოში საერთაშორისო არენაზე სამი საინტერესო ტურნირი გაიმართა. ქართველი ძიუდოისტები სამივეში ჩაებნენ, თან საკმაოდ მრავალრიცხოვანი შემადგენლობებით, მაგრამ პოდიუმის უმაღლეს საფეხურს ვერაფრით შეწვდნენ. ჯამში, საქართველოს სახელით მოჭიდავე 46 ძიუდოისტის ანგარიშზე 5 მედალია – 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

მიზანთან ყველაზე ახლოს თორნიკე ნაგლიაშვილი (66 კგ) იყო. ახალგაზრდებს შორის ევროპის სამგზის პრიზიორმა 21 წლის ძიუდოისტმა პრაღაში გამართულ ევროპის ღია ტურნირზე, ფინალის გზაზე ფრანგი ფრანკ ვერნე, ჰოლანდიელი მეტის ვან ჰარტენი, უნგრელი ბენს ბოროში, ბელარუსი დმიტრი მინკოუ და ყაზახი კაირატ აგირბაევი ჩამოიშორა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან (2013 და 2017), იაპონელ ნაოჰისა ტაკატოსთან დამარცხდა, მესამე დამატებულ წუთზე.

ჩეხურ ტატამზე ნაგლიაშვილის გარდა გავიდნენ: ჯაბა პაპინაშვილი, ზურაბ კახნიაშვილი (ორივე 60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ), ალეკო მამიაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი, ტრისტან მოსახლიშვილი (ორივე 81 კგ), ლუკა მაისურაძე, იმედა გოგოლაძე (ორივე 90 კგ) და ზაურ კენჭაძე (100 კგ). მედლისთვის ბრძოლას ყველა დილის პროგრამაშივე გამოეთიშა. ევროპის ღია ტურნირზე სულ 41 ქვეყნის ნაკრები გამოვიდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მე-11 ადგილს დასჯერდა.

ანალოგიური რანგის შეჯიბრებას – ევროპის ღია ტურნირს 3-4 მარტს ვარშავამაც უმასპინძლა, ოღონდ თუ პრაღაში ტატამი მხოლოდ ვაჟებს დაეთმოთ, ვარშავაში საპრიზო სამეულები მარტო ქალებმა შეავსეს. საქართველოს ნაკრების სახელით კონკურენციაში ნატალია ყიფშიძე (48 კგ), მარიამ ჯანაშვილი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ოთხივე მედლის გარეშე დარჩა. საუკეთესო შედეგი სომხიშვილმა აჩვენა – რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილი დაიკავა. ჭანტურიამ კი შეჯიბრება მე-7 ადგილით დაასრულა.

ყველაზე დიდი დელეგაციით ქართული გუნდი ანთალიაში ჩავიდა, ჭაბუკთა შორის, მსოფლიოს თასზე საჭიდაოდ. კიმონო სულ 32-მა ქართველმა ძიუდოისტმა მოირგო (18 ვაჟი და 14 გოგონა) და მათგან მედალს მხოლოდ 4 დაეუფლა. ყველა ბრინჯაოს. პოდიუმზე ავიდნენ: ლუკა კაპანაძე (66 კგ), ნიკა ზოიძე (73 კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) და გიგა ტატიაშვილი (+90 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121935