ფეხბურთი

15:25 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

33 წლის ვესლი სნეიდერმა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში მოღვაწეობა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა. ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება სნეიდერმა მას შემდეგ მიიღო, რაც "ნარინჯისფერთა" მწვრთნელი რონალდ კუმანი ფეხბურთელს ყატარში ეწვია და მოლაპარაკება აწარმოა.

კუმანმა და ვესლიმ ნაკრების მომავალზე ისაუბრეს და როგორც აღმოჩნდა ვესლი ახალი ფორმაციის გუნდისთვის შესაფერისი არ იქნება.

"ვესლი გასულ წლებში ჰოლანდიელ ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. იგი დიდებული მოთამაშეა, თუმცა მინდა ახალი გუნდი ავაშენო და მქონდეს არჩევანი." - ციტირებს კუმანის სიტყვებს ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

სნეიდერი "ნიცადან" "ალ გარაფაში" მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა. ვესლიმ განაცხადა, რომ ყატარში წასვლის გამო ნაკრებში თამაშს ვეღარ მოახერხებდა.

"როდესაც ყატარში ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენდა სანაკრებო კარიერაზე. გარდა ამისა, გავათვითცნობიერე, რომ კუმანს სურს ახლიდან დაიწყოს ყველაფერი, ახალგაზრდა ფეხბურთელებით. ჩვენ ამის შესახებ ძალიან ღიად ვისაუბრეთ და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ." - აღნიშნა სნეიდერმა.

ვესლიმ სანაკრებო კარიერა 2003 წელს დაიწყო, როდესაც სადებიუტო მატჩი პორტუგალიასთან ჰქონდა, პირველი გოლი კი ნაკრების მაისურით იმავე წელს მოლდოვასთან დაპირისპირებაში გაიტანა. საბოლოოდ სნეიდერმა "ნარინჯისფერთა" ღირსება 133 მატჩში დაიცვა, გაიტანა 31 გოლი და 31 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემტევმა ნახევარმცველმა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ოთხ წელიწადში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. სნეიდერი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის და 2010 წლის მუნდიალის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

0.114184