ფეხბურთი

2:54 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ტოტენჰემის” და “ლივერპულის” საშინაო გამარჯვებები

პრემიერლიგის 29-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლს” დაუხვდა, ორი უპასუხო ბურთი გაუტანა და მინიმუმ ორშაბათამდე მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

მერსისაიდელებმა “კაჭკაჭების” წინააღმდეგობა ტაიმის ბოლოს გატეხეს: მე-40 წუთზე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მშვენიერი გარღვევა განახორციელა და შემდეგ მოჰამედ სალაჰს კარგი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც შანსი გამოიყენა და ახლო მანძილიდან მიმდინარე პრემიერლიგაში 24-ე ბურთი შეაგდო. მეორე ნახევარიც “წითლების” იერიშით დაიწყო, რამაც შედეგი მალევე გამოიღო: 55-ე წუთზე რობერტო ფირმინომ სადიო მანეს გააყოლა ბურთი, რომელმაც უნაკლოდ დაარტყა და დუბრავკას შანსი არ დაუტოვა – 2:0.

“ლივერპულს” 60 ქულა აქვს, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელიც ორშაბათს გასვლაზე “კრისტალ პალასს” ეთამაშება – 59.

ასეთივე შედეგით იმარჯვა ოთხეულის მოხვედრის კიდევ ერთმა მსურველმა “ტოტენჰემმა”, რომელმაც შინ “ჰადერსფილდი” დაამარცხა. ორივე გოლი სონის ანგარიშზეა: პირველ ნახევარში დელე ალის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელიც ჩამოიშორა და ცარიელ კარში შეაგდო, ხოლო მეორე ნახევარში ჰარი კეინის დიდებული გადაცემა გამოიყენა და თავური დარტყმით დუბლი გაიფორმა – 2:0.

ძალიან დიდი დაძაბულობაა ცხრილის ქვედა ნაწილში: მე-18 ადგილოსან “კრისტალ პალასს” და მე-10 საფეხურზე მყოფ “ევერტონს” შორის სხვაობა მხოლოდ 7 ქულაა. “სუონსიმ” საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემი” გაანადგურა, ორივე გუნდმა 30-30 ქულა დააგროვა და შესაბამისად, გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებენ.

მორიგი მატჩი წააგო “ვესტ ბრომვიჩმა” და სამშვიდობო ზონას უკვე 8 ქულით ჩამორჩება. “ბულბულები” გასვლაზე ტროი დინის გოლით “უოტფორდთან” დამარცხდნენ. “ლესტერმა” “ბორნმუთს” უმასპინძლა და რიად მაჰრეზმა ქულა 97-ე წუთზე გადაარჩინა. “ევერტონი” გასვლაზე “ბარნლისთან” დამარცხდა, ხოლო გადარჩენისთვის მებრძოლები “საუთჰემპტონი” და “სტოკი” ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე გაეცალნენ.

ბარნლი – ევერტონი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ტოსუნი (20), 1:1 ბარნესი (56), 2:1 ვუდი (80)
გაძევება: ე.უილიამსი (86 ე.)

ლესტერი – ბორნმუთი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჯ.კინგი (35 პენ.), 1:1 მაჰრეზი (97)

საუთჰემპტონი – სტოკი 0:0

სუონსი – ვესტ ჰემი 4:1 (2:0)

გოლები: 1:0 კი (8), 2:0 ვან დერ ჰოორნი (32), 3:0 ა.კინგი (48), 4:0 ჯ.აიუ (63 პენ.), 4:1 ანტონიო (79)

ტოტენჰემი – ჰადერსფილდი 2:0 (1:0)

გოლები: სონი (27; 54)

უოტფორდი – ვესტ ბრომვიჩი 1:0 (0:0)

გოლი: დინი (77)

ლივერპული – ნიუკასლი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 სალაჰი (40), 2:0 მანე (55)

0.139554