ფეხბურთი

2:55 | 4.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" დაეცა, დიბალა - წამოდგა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის დასაწყისი ისეთი გამოდგა, როგორი აფიშაც ჰქონდა. ბალანსი დაირღვა: “იუვენტუსმა” მოიგო, “ნაპოლი” – დამარცხდა. მართალია, მაურიციო სარის გუნდი ჯერ კიდევ ლიდერია, მაგრამ “იუვეს” ერთი თამაშით ნაკლების აქვს ჩატარებული და თუ გაიმარჯვებს, კონკურენტს 2 ქულით გაასწრებს. მოკლედ, დიდი ამბები იყო დღეს კალჩოში და ორი სუპერ მატჩიც შედგა, სხვა და სხვა სცენარით.

რომში, “ლაციომ” “იუვენტუსი” მიიღო და მიმდინარე სეზონში მესამედ დამარცხებას უპირებდა. ვერ ვიტყვით, რომ ამის შანსი სიმონე ინძაგის გუნდს არ ჰქონია. მეტიც, თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს სწორედ რომაული გუნდი იყო, მაგრამ ლოგიკური ფრე იქნებოდა. მთლიანობაში უსახური თამაში გამოვიდა, თუმცა, საფინალო 30 წამი ისეთი იყო, რომ მთელი თამაში გადაფარა. მაგრამ ამაზე ქვემოთ – იქამდე, “ლაციომ” პირველ ტაიმში მეტოქეს აჯობა და ორჯერ ახლოსაც იყო გოლის გატანასთან, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონი იდგა მოწოდების სიმაღლეზე. სტუმრებმა კი, მხოლოდ მარიო მანჯუკიჩის ნახევრად მომენტით უპასუხეს. ეს იყო და ეს. მეორე ნახევარი საგოლე მომენტებისა და შინაარსიანი ფეხბურთის მხრივ კიდევ უფრო ღარიბი გამოდგა. მარტო ის რად ღირს, რომ მასპინძლებს კარისკენაც არ დაურტყამთ, ხოლო სტუმრებმა კარში 93-ე წუთზე დაარტყეს პირველად...

დაარტყეს, მაგრამ დაარტყეს. მანამდე, 90 წუთის განმავლობაში რთული სათქმელია ვინ უფრო უსახური იყო, “იუვენტუსი” თუ პაულო დიბალა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ზუსტად 30 წამით ადრე, დანიელე რუგანის პასის შემდეგ დიბალა რომაელ მცველებს ფანტასტიკურად დაუსხლტდა და რა არ იღონა მარკო პაროლომ არგენტინელის შესაჩერებლად. წააქცია კიდეც, მაგრამ დიბალას გოლის გატანა და გმირის სტატუსის მორგება გადაწყვეტილი ჰქონდა და ხელი ვერაფერმა შეუშალა. წაქცეულმა მეტოქის კარის ცხრიანში ჩააჭედა ბურთი და თამაშიც გასრულდა. მერე იყო ემოციების ზღვა და ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს: “ბებერმა ქალბატონმა” ისეთი მძიმე მატჩი მოიგო, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შესაძლოა ეს გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. დიბალა კი შეიძლება ითქვას ტურის და ვინძლო სეზონის გმირიც გამოდგეს. “იუვენტუსს” ახლა “ატალანტასთან” გამოტოვებული მატჩის მოგება მართებს და გალიდერდება. იქამდე ორი კვირა და “ტოტენჰემთან” შეხვედრაა. მასიმილიანო ალეგრის გუნდს ლონდონში გაცილებით მაღალ დონეზე თამაში მართებს, მაგრამ ტურინელთა თავკაცი იმედიანადაა და აღნიშნა, რომ “დეზები” დაცვაში ისეთი ძლიერები არ არიან, როგორც დღეს “ლაციო” იყოო. “იუვეს” შეტევის უფერული თამაში ტრავმიანობასაც უნდა მივაწეროთ. გონსალო იგუაინი, ხუან კუადრადო და ფედერიკო ბერნარდესკი ლაზარეთში არიან. და მაინც, კალჩოში ტურინელები მათ გარეშეც მიიწევენ წინ. აი, ვნახოთ, ჩემპიონთა ლიგაზე რა მოხდება.

ტურის კიდევ ერთი სუპერმატჩი ნეაპოლში შედგა. “ნაპოლიმ” “რომა” მიიღო და ზედიზედ 11 გამარჯვების შემდეგ დამარცხდა... არადა, მაურიციო სარის გუნდმა ლორენცო ინსინიეს გოლით მალევე წაიყვანა ანგარიში, თუმცა ერთ წუთში ჯენგიზ უნდერმა გაათანაბრა. “ნაპოლი” უტევდა, ალისონი ფანტასტიკურად ირჯებოდა, ხოლო “რომა” კონტრშეტევებზე იჩხვლიტებოდა და 26-ე წუთზე ამან შედეგიც გამოიღო: ფლორენცის პასი ედინ ჯეკომ დააგვირგვინა. საერთოდ, ბოსნიელმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა და 73-ე წუთზე ულამაზესი გოლი შეადგო. ცოტა ხანში მარიო რუის შეცდომით დიეგო პეროტიმ ანგარიში გამანადგურებელი გახადა, ხოლო დრის მერტენსის ბოლო წამებზე გატანილი გოლი მხოლოდ პრესტიჟის გამოდგა. სხვათა შორის, “ნაპოლიმ” 101 თამაშის შემდეგ პირველად წააგო ის თამაში, რომელშიც ანგარიში გახსნა. ბოლოს ასეთი რამ 2015 წელს, “სასუოლოსთან” დაემართა, როდესაც მაურიციო სარის ჰქონდა ამ გუნდში დებიუტი. კამპანიელები ლიდერობას ინარჩუნებენ და “იუვენტუსს” 1 ქულით ისევ სჯაბნიან. ქულითაც და თამაშითაც – სწორედ ესაა ნეაპოლელთა მთავარი საფიქრალი. ვნახოთ, რამდენად იმოქმედებს 27-ე ტურის სტრესი “ნაპოლის” ხასიათზე.

ხვალ კიდევ ერთი სიამოვნება ელოდება კალჩოს ტიფოზებს: “დერბი დელა მადონინა!”

“სპალი” – “ბოლონია” 1:0 (0:0)

ფერარა, “პაოლო მაცა”

მაყურებელი: 13 000

“სპალი” (3-5-2): მერეტი; ჩიონეკი, ვიკარი, ფელიპე; ლაძარი (შიმიჩი 89), გრასი, ვივიანი (ევერტონი 67), კურტიჩი, მატიელო; პალოსკი (ფლოკარი 75), ანტენუჩი

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

“ბოლონია” (3-5-1-1): მირანტე; დე მაიო, გონსალესი, ჰელანდერი; დი ფრანჩესკო, პოლი (დონსა 8), პულგარი, ჯემაილი, მაზინა (ორსოლინი 78); ვერდი (ავენატი 59); დესტრო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლი: 1:0 გრასი (48)

გაფრთხილება: ანტენუჩი (36), მატიელო (38, 90), ფელიპე (43) – ჯემაილი (15), დონსა (30), პულგარი (72)

გაძევება: მატიელო (90) – გონსალესი (10)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (2) – 5 (0) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი

“ლაციო” – “იუვენტუსი” 0:1 (0:0) VIDEO

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 45 000

“ლაციო” (3-5-1-1): სტრაკოშა; ლუის ფელიპე, დე ვრეი, რადუ; ლულიჩი (მურჯია 90), პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკაკუ; ლუის ალბერტო (ფელიპე ანდერსონი 70); იმმობილე (კაისედო 79)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბენატია, რუგანი; ლიხშტაინერი (დუგლას კოშტა 57), ხედირა, პიანიჩი, მატუიდი, ასამოა; მანჯუკიჩი (ალექს სანდრო 72), დიბალა (კიელინი 90)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 დიბალა (90)

გაფრთხილება: ლუის ალბერტო (27), ლუის ფელიპე (30), ლულიჩი (88) – ლიხშტაინერი (45), ალექს სანდრო (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 6 (1) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ლუკა ბანტი

“ნაპოლი” – “რომა” 2:4 (1:2) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 50 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, კულიბალი, ალბიოლი, მარიო რუი; ალანი, ჟორჟინიო (მილიკი 75), ჟიელინსკი (ჰამშიკი 65); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი (ელ შაარავი 88), სტროტმანი; ჯენგიზ უნდერი (ჟერსონი 72), ჯეკო, პეროტი (პელეგრინი 80)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 ინსინიე (6), 1:1 ჯენგიზ უნდერი (7), 1:2 ჯეკო (26), 1:3 ჯეკო (73), 1:4 პეროტი (79), 2:4 მერტენსი (90)

გაფრთხილება: მერტენსი (55) – ფაციო (55), ჯეკო (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (17) – 10 (6) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 10:2 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: დავიდე მასა

თეგებისერია A
0.393805