საქართველოს ნაკრებისა და „სასკი ბასკონიას“ ლიდერი თორნიკე შენგელია დიდებულ სეზონს ატარებს. 26 წლის კალათბურთელი ევროლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ნამდვილად არაა სახუმარო თემა და ეს რომ ნამდვილად ასეა, ციფრებს მოვიშველიებთ:
ევროლიგაში 24 ტურის შემდეგ შენგელია საუკეთესო მომხსნელია. „თოკომოტივმა“ ფარიდან ბურთი 160-ჯერ მოხსნა და ამაზე კარგი შედეგი ამ დროისთვის არცერთ სხვა კალათბურთელს არ აქვს. ამასთან, შენგელია საუკეთესოა დაცვაში მოხსნებით - 121 და ლიდერობს 2 ქულიანის მაჩვენებლითაც: თორნიკემ 190-ჯერ სცადა ორქულიანის ჩაგდება და 118 ზუსტი გამოდგა (62.11%) - ეს საუკეთესო შედეგია.
ჩვენებურს ბოლო 17 მატჩიდან თორმეტში მარგი ქმედების კოეფიციენტი მინიმუმ 20 ჰქონდა, ხოლო ორჯერ საერთოდაც 30 გადასცდა. გარდა ამისა, უკვე 5-ჯერ შეასრულა ორმაგი დუბლი.
აქვე სხვა სტატისტიკურ მონაცემებსაც გაგაცნობთ: შენგელიამ 24 ევროლიგურ მატჩში 346 ქულა ჩააგდო და ეს მეხუთე შედეგია (საშუალოდ 14.42 ქულა). „ბასკონიას“ კაპიტანზე მეტი ქულა ამ დროისთვის მხოლოდ ალექსეი შვედს, ლუკა დონჩიჩს, ნანდო დე კოლოსა და პიერ ჯექსონს აქვთ მითვლილი.
მეპასეებში ჩვენებური მხოლოდ 37-ე პოზიციას იკავებს 39 შედეგიანი გადაცემით (საშუალოდ 2.04), 16 დაფარებით (0.83) მეცამეტეა, ხოლო ჩაჭრებში 28-ე ადგილს იკავებს 20 ჩაჭრით (0.83).
აი, რაც შეეხება მოთამაშეთა შეფასებას - აქ თორნიკე შენგელია მეოთხე ადგილზე იმყოფება 468 რეიტინგული ქულით (საშუალოდ 19.50). 26 წლის ქართველი მხოლოდ და მხოლოდ, ლუკა დონჩიჩს, ნანდო დე კოლოსა და ალექსეი შვედს ჩამორჩება...
მოკლედ, თორნიკე შენგელიას კარიერაში გამორჩეული სეზონია და ცალსახად ევროლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია.