ფეხბურთი

18:20 | 28.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრები და მწვრთნელი: სამიდან ერთი

იტალიის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატთა სია სამამდე შემცირდა: ანტონიო კონტე, ლუიჯი დი ბიაჯო და რობერტო მანჩინი. უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ “სკუადრა აძურას” ჩამოთვლითაგან ერთ-ერთი გაუძღვება და კონკრეტულად რომელი, ივნისის თვეში გავიგებთ.

მოკლედ, ასეთი მდგომარეობაა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფავორიტი დი ბიაჯო გახლავთ, რომელსაც უკვე აბარია იტალიის ნაკრები, ოღონდ დროებითი მწვრთნელის სტატუსით. დი ბიაჯო აპენინელებს მინიმუმ 4 ივნისამდე, ოთხ ამხანაგურ მატჩში გაუძღვება. ადგილობრივი ჟურნალისტების რწმუნებით, ჯიჯი ხუმრობა-ხუმრობაში რეალურ კანდიდატურად იქცა და მისი შანსი საკმაოდ ძვირად ფასობს.

თუმცა, ფედერაციის ფავორიტი ანტონიო კონტეა, რომელიც უკვე მუშაობდა ნაკრებში. აი, რას ამბობს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბილი კოსტაკურტა:

“დი ბიაჯო, კონტე და მანჩინი? – დიახ, ეს, ის სახელებია, რომელთაგანაც ერთ-ერთს ავირჩევთ. მე არასდროს მითქვამს, რომ ყველას კონტე მირჩევნია. უბრალოდ გამოვყავი, რადგან მას უკვე აქვს ჩვენთან მუშაობის გამოცდილება და რადგან, იტალიას ჯერ კიდევ არ ჰყავს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, აუცილებელია ჰყავდეს მაღალი დონის მწვრთნელი. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, ივნისში მივიღებთ”, - განაცხადა კოსტაკურტამ.

თავის მხრივ, როგორც ცნობილია, ნაკრებში დაბრუნების წინააღმდეგი არც კონტეა, მაგრამ ანტონიოს “ჩელსისთან” კონტრაქტი აკავშირებს (2019 წლამდე). თუმცა, შესაძლოა, “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი ზაფხულში უმუშევარი დარჩეს, თუ “არისტოკრატები” სეზონს არადამაკმაყოფილებლად დაასრულებენ.

რაც შეეხება მანჩინის – ამჟამად სანქტ-პეტერბურგის “ზენიტს” უდგას სათავეში და არც მას დაუმალავს, რომ ეროვნულ გუნდს დიდი სიამოვნებით გაწვრთნის. სხვა საკითხია, რამდენად გაათავისუფლებს საკმაოდ ძვირადღირებულ მწვრთნელს პოსტიდან რუსული კლუბი.

აქვე გეტყვით, რომ უკვე გამოირიცხა კარლო ანჩელოტისა და კლაუდიო რანიერის კანდიდატურები, რომლებიც ასევე მოიაზრებოდნენ იტალიის ნაკრების შესაძლო მთავარ მწვრთნელად.

0.111416