ტარაგონას “ხიმნასტიკის” ქართველი მცველი ოთარ კაკაბაძე მიმდინარე სეზონში გამორჩეულად ირჯება. 22 წლის ფეხბურთელი კატალონური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღითიდღე პროგრესირებს.
კაკაბაძემ მიმდინარე სეზონში სამი საგოლე პასი მიითვალა, ხოლო გასულ უიქ-ენდზე “ბარსელონას” სარეზერვო გუნდს მშვენიერი გოლიც გაუტანა.
ტარაგონული გამოცემა Diaridetarragona.com-ი ქართველი ფეხბურთელის შესახებ საინტერესო სტატიას ავრცელებს, რომლიდანაც რამდენიმე ნაწყვეტს გთავაზობთ:
“ოთარ კაკაბაძემ დაამტკიცა, რომ შესანიშნავ სეზონს ატარებს და “ხიმნასტიკის” მაისურით სადებიუტო გოლიც გაიტანა. ვინ ელოდებოდა, რომ ქართველი მარცხენა ფეხით ასე ძლიერად დაარტყამდა?
ოთო გიგანტურ ნაბიჯებს დგამს წინ და შეიძლება ზაფხულში გუნდმა მის სანაცვლოდ დიდი თანხაც მიიღოს. რამდენიმე კლუბი უკვე აკვირდება და უახლოვდება მას. კაკაბაძე “ნასტიკს” თბილისის “დინამოდან” 2016 წელს შეუერთდა და ყველა კრიტიკოსს დაუმტკიცა თავისი შესაძლებლობები. მანამდე, ქართველი 6 თვით “ესბიერგში”, უფრო პატარა ჩემპიონატში გაანათხოვრეს, მაგრამ ზაფხულში უკან დაბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.
კაკაბაძე მანუ ბარეიროსთან ერთად გუნდის საუკეთესო მეპასეა. აქამდე, 22 წლის მცველმა სამი საგოლე გადაცემა შეასრულა და ყველა გადამწყვეტი. პირველი ვალიადოლიდში, როდესაც მისი გადაცემით მიკელ მესამ გაიტანა, შემდეგ ბარეიროს გაუკეთა უზუსტესი გადაცემა და “ნასტიკმა” 3:2 მოიგო, ბოლოს კი ისევ ბარეიროს დაეხმარა გოლის გატანაში.
კაკაბაძის პროგრესი აშკარაა და მეტსაც ველოდებით. ის ჯერ კიდევ 22 წლისაა და წინ ძალიან დიდი დრო აქვს".