დაასრულებს თუ არა მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას ჯანლუიჯი ბუფონი, ჯერ კიდევ ღია კითხვად რჩება. ამ დროისთვის გადაჭრით არაფერს არც თავად ვეტერანი მეკარე ამბობს.
“იუვენტუსის” კაპიტანმა ერთ-ერთ გადაცემაში კარიერის დასრულებას პირველი სიკვდილიც უწოდა:
“მომავალ წელს განსაკუთრებულს არაფერს გავაკეთებ. ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ, მიმდინარე სეზონის ფინალური ნაწილია. დარწმუნებული და მშვიდი ვარ, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებ, კლუბის ხელმძღვანელობასთან შეჯერებული იქნება. ამჟამად კი, მხოლოდ აწმყოზე ფიქრია საჭირო. ჩვენ ფეხბურთელები ემოციებით ვცხოვრობთ და კარიერის დასრულება პირველ სიკვდილს ჰგავს. შოკი ასეთ დროს ძალიან დიდია”, - განაცხადა ბუფონმა.
აღსანიშნავია, რომ იტალიურ მედიას 40 წლის მეკარის აგენტი სილვანო მარტინაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ბუფონს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:
“ჯიჯი საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებს. იქამდე დორ ჯერ კიდევ არის”, - დასძინა მან.