სხვა

15:16 | 27.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესტიაში საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მეორე ეტაპი გაიმართება

1-2 მარტს, მესტია 2018 წლის საქართველოს თასის მეორე ეტაპს უმასპინძლებს. ტურნირი თეთნულდისა და ჰაწვალის ტრასაზე გიგანტურ სლალომსა და სლალომში ჩატარდება.

საქართველოს თასის ეტაპები სათხილამურო ფედერაციის, კულტურისა და სპორტისა სამინისტროს, გენერალური სპონსორის კომპანია "სილქნეტის“, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კომპანია ,,ბორჯომის“ მხარდაჭერით იმართება.

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის გუნდები, ასევე გუდაურისა და ბაკურიანის სპორტ-სკოლების მოთხილამურეები.

სპორტსმენი გოგონები და ვაჟები სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ:

ბავშვები I, დაბადების წელი 2004-2005

ბავშვები II, დაბადების წელი 2002-2003

მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2001 და უფროსი ასაკი.

ტურნირის დასასრულს სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თასის მოსაპოვებლად წელს გუდაურის გუნდის და ბაკურიანის სამთო-სათხილამურო სკოლების ასოციციის წევრებიც იბრძოლებენ.

როგორც საქართველოს სათხილამურო ფედერაციაში განაცხადეს, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოზარდი უერთდება პროფესიულ სპორტს, რითაც საქართველოს შესაძლებლობა ექმნება სათანადო ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ასპარეზზე. მნიშვნელოვანია, რომ წელს პირველად ჩატარდა სკი კროსის საერთაშორისო ტურნირი ბაკურიანში, რომელმაც FIS-ის და უცხოელი სპეციალისტების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამ ღონისძიებით სათხილამურო ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სრულ მზადყოფნაშია უმასპინძლოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოში.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მოყვარული მოთხილამურეებისთვისაც გამართავს შეჯიბრს. 3 მარტს "ჰაწვალის" ტრასაზე ყოფილი მოთხილამურის - თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი "თეზოს თასი" გაიმართება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრესსამსახური

0.118464