“გოლდენ სტეიტ უორიორსმა”, რომლის ღირსებასაც ზაზა ფაჩულია იცავს, მორიგი მატჩი ნიუ იორკში მოიგო. ოკლენდურმა გუნდმა “მედისონ სკვერ გარდენში” “ნიქსი” 125:111 დაამარცხა.
ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და ისევე როგორც ძირითადმა ცენტრმა, ჯავალ მაკგიმ, მოედანზე 15 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 4-და 3 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მას 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დაუგროვდა. იგივე დროში ოკლენდელთა ახალგამომცხვარმა ძირითადმა ცენტრმა 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
ეს გახლდათ ზედიზედ მესამე შეხვედრა, როცა ფაჩულია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მანამდე “გოლდენ სტეიტში” გამართულ ყველა შეხვედრაში ქართველი ცენტრი სასტარტო გახლდათ. რაც შეეხებათ “ნიუ იორკთან” გამარჯვების შემოქმედებს – კლეი ტომპსონმა 26, კევინ დიურანტმა – 22, ხოლო სტეფ კარიმ 21 ქულა მიითვალეს.
გაიმარჯვა ოკლენდელთა კონკურენტმა “ჰიუსტონმაც” და ცხრილში სტატუს-კვო შენარჩუნდა: “გოლდენ სტეიტი” მცირედით ჩამორჩება ლიგის ლიდერ “ჰიუსტონს”. მორიგ მატჩს “გოლდენ სტეიტი” 1 მარტს ვაშინგტონში “ვიზარსთან” გამართავს.
gbf.ge