ფეხბურთი

23:45 | 25.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “იუნაიტედმა” “ჩელსი” დაამარცხა და მე-2 ადგილი დაიბრუნა

პრემიერლიგის 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ჩელსის” დაუხვდა და 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

მთლიანობაში მატჩი თანაბარი გამოდგა. მომენტები ორივე კართან შეიქმნა და შესაბამისად, მოგება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა მასპინძლებს უფრო მეტად გაუმართლათ და გამარჯვება მათ დარჩათ.

თამაში სტუმართა აქტიურობით დაიწყო და “არისტოკრატებს” მე-4 წუთზევე შეეძლოთ გატანა, მაგრამ ალვარო მორატამ ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. შემდეგი რეალური საგოლე მომენტი კი ლონდონელებმა გოლად აქციეს: 32-ე წუთზე ედენ აზარმა და ვილიანმა შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დაასრულა შედეგიანად. აღსანიშნავია, დავიდ დე ხეას შეცდომა, რომელმაც ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა.

ანტონიო კონტეს გუნდის სიხარულმა ხუთიოდე წუთს გასტანა, ალექსის სანჩესის, ენტონი მარსიალის და რომელუ ლუკაკუს შესანიშნავი კომბინაცია ამ უკანასკნელის გატანილი გოლით დაგვირგვინდა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

68-ე წუთზე ლუკაკუს უკვე დუბლის შესრულება შეეძლო, რომელიც “მაკრატელა” დარტყმით ცდილობდა, მაგრამ ტიბო კურტუამ მშვენივრად ითამაშა და ბურთის მოგერიება მოახერხა. შემდეგ ეპიზოდში კი ბელგიელმა კიპერმა გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო და “წითელი ეშმაკები” დაწინაურდნენ: რომელუ ლუკაკუმ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ჯესი ლინგარდმა აჯობა და თავური დარტყმით შეაგდო.

“ჩელსიმ” შეხვედრის გადარჩენა სცადა და 86-ე წუთზე ალვარო მორატამ გოლის გატანა მოახერხა კიდეც, მაგრამ მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობა შეცდომით დააფიქსირეს და სტუმრებს ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს.

ამრიგად, “მანჩესტერ იუნაიტედმა” 59 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილი დაიბრუნა, ხოლო “ჩელსი” 53 ქულით მე-5 პოზიციამდე დაქვეითდა, რადგან დღის ადრეულ მატჩში ლონდონის “ტოტენჰემმა” გასვლაზე თანაქალაქელი “კრისტალ პალასი” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა. “დეზებმა” გამარჯვების მოპოვება 88-ე წუთზე შეძლეს: კრისტიან ერიკსენის კუთხურს ჰარი კეინის ზუსტი თავური მოჰყვა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.

მანჩესტერ იუნაიტედი – ჩელსი 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ვილიანი (32), 1:1 ლუკაკუ (39), 2:1 ლინგარდი (75)

კრისტალ პალასი – ტოტენჰემი 0:1 (0:0)

გოლი: კეინი (88)

0.170282