კალათბურთი

23:00 | 25.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

თავს ზემოთ ძალა არ იყო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თავის თავს ვერ გადაახტა. დიახ, როდესაც მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი და გიორგი ცინცაძე სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ დაგეხმარება, გინდა არ გინდა, ეს გავლენას იქონიებს. და, ადვილი მისახვედრია, რომ დადებითი კუთხით არა.

ილიას ზუროსის გუნდს ცდა არ დაუკლია და ბოლომდე დაიხარჯა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა აღარ იყო. დღეს გერმანიის ნაკრების გაცილებით მაღალი დონისაა და რაც უნდა მწარე სიმართლე იყოს ეს ყველაფერი, უნდა ვაღიაროთ.

სპორტის სასახლე პირთამდე გაივსო და მთელი თამაშის განმავლობაში ეროვნული გუნდის გვერდით იდგა, მაგრამ თამაშის მოსაგებად ეს საკმარისი ვერ იქნებოდა. შეხვედრა სტუმართა კარნახით დაიწყო, გაგრძელდა და ასევე დასრულდა.

გერმანელებმა მატჩის დასაწყისშივე გამოაჩინეს, რომ თბილისში მხოლოდ მოსაგებად იყვნენ ჩამოსულნი და სხვა შედეგი მათთვის მიუღებელი იქნებოდა. ილიას ზუროსის გუნდი სცდილობდა ჩამორჩენა აღმოეფხვრა, მაგრამ არ გამოვიდა. თამაში თავიდან მაიკლ დიქსონსაც არ წაუვიდა და მხარი ვერც ხვებმა აუბეს. შესაბამისად, პირველი მეოთხედი გერმანიის ნაკრებმა საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიგო და თავიდანვე დიდი ფორა მიიღო.

მეორე მეოთხედი კი უკვე სხვა სცენარით დაიწყო – საქართველოს ნაკრებმა დაცვაში თამაში შესამცნევად გამოასწორა და ორი შედეგიანი შეტევაც განახორციელა. ჩამორჩენა 5 ქულამდე დავიდა და იმედიც გაჩნდა. წინ ხომ მთელი თამაში იყო. მაგრამ, გერმანიამ მეორე მეოთხედის შუაში ისევ ხელთ იგდო თამაშის სადავეები. ჭირდა როგორც სამწამიანში, ისე პერიმეტრზე თავის დაცვა. ამასობაში, ფოლებით დაიტვირთა გოგა ბითაძეც და ილიას ზუროსის მისი თადარიგში გადასმა მოუწია.

ამ ყველაფერმა კი, ბერძენ სპეციალისტს ტაქტიკის შეცვლა აიძულა, რამაც შედეგი ოდენ მესამე პერიოდში მოიტანა. იქამდე, გერმანია დიდ შესვენებაზე 13 ქულიანი უპირატესობით იყო გასული. მესამე პერიოდში კი, საქართველომ მეტოქე წნეხში მოაქცია. პრესინგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა განხორციელა შედეგი გამოიღო და სხვაობა 7 ქულამდე ჩამოვიდა. ასეთი რამ კი, მეორე მეოთხედის სტარტის შემდეგ არ მომხდარა. პერიოდის დასრულებამდე წამებით ადრე, რეალური შანსი იყო, რომ სხვაობა კიდევ უფრო (5 ან 4 ქულამდე) შემცირებულიყო, მაგრამ შეტევის შედეგიანად დასრულება არ მოხერხდა.

მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდი წინ იყო და ბუნებრივია თამაშის შემოტრიალების შესაძლებლობაც რჩებოდა. თუმცა, დასკვნით პერიოდში გერმანიის ნაკრებმა კლასისა და გამოცდილების ხარჯზე ისევ დაიბრუნა უპირატესობა და საბოლოოდ ყველაფერი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე. ასე და ამრიგად, საქართველოს ნაკრები ისევ ავსტრიასთან მოპოვებული გამარჯვების ამარა დარჩა, რომელიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე (გასვლის შემთხვევაში) არ გადაჰყვება და შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად არაფერში წაადგება.

მოკლედ, სიტუაცია საკმაოდ რთულადაა. ახლა წინ ორი მატჩია და შეიძლება ითქვას, ორივე მოსაგები. მოსაგები იმ მხრივ, რომ მუნდიალის ბილეთების მიღების შანსი შენარჩუნებული იყოს.

დღეს კი, საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო მაიკლ დიქსონი იყო (26 ქულა, 4 პასი, 1 მოხსნა). მაგრამ, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. კარგი მატჩი ჩაატარა მიხეილ ბერიშვილმაც და რამდენიმე სამქულიანით შეეწია გუნდს. ეს იყო და ეს. წინ სერბეთთან და ავსტრიასთან მატჩებია, ოღონდ ეს ზაფხულში. წესით, მაშინ ილიას ზუროსმა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრებაც უნდა მოასწროს...

საქართველო – გერმანია 77:87 (17:27, 21:24, 24:18, 15:18)

მატჩის სტატისტიკა

0.122136