ესპანეთის ლიგა ადელანტეს 28-ე ტურში ტარაგონას “ხიმნასტიკის” ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ გოლი გაიტანა. 22 წლის ჩვენებურმა კატალონურ დერბიში, “ბარსელონა B”-ს კარი დალაშქრა.
კაკაბაძემ ანგარიში 65-ე წუთზე გახსნა და თავისიანები დააწინაურა. თუმცა ტარაგონელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ, ფრეს დასჯერდნენ – 1:1.
ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, მოედნის შუაში შეიწია და მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა. მეკარეს კი ახლო, დაბალ კუთხეში შანსი არ დაუტოვა. მართლაც ლამაზი გოლი გამოვიდა, ბარე-ორ შემტევს რომ შეშურდებოდა ისეთი...
კაკაბაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და “ხიმნასტიკისთვის” შეუცვლელი ფიგურაა. ლიგა ადელანტეში ამ დროისთვის მის ანგარიშზე 24 მატჩი, 1 გოლი და 3 საგოლე პასია.