ფეხბურთი

17:39 | 24.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

სუპერთასი "ტორპედოს" საკუთრებაა

ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს 2018 წლის სუპერთასის გამარჯვებულია. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი საჩხერის “ჩიხურა” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა – 2:1.

პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი სანახავი გამოდგა და დაბალ ტემპში წარიმართა. შესაბამისად, უგოლო ფრეც სრულიად ლოგიკური შედეგი იყო. სამაგიეროდ, მეორე ტაიმი და მეტიწლად ბოლო 15 წუთი გამოდგა დიდებული. “ჩიხურამ” 77-ე წუთზე ანგარიში გახსნა და ტიტულს ძალიან მიუახლოვდა. ირაკლი ბუღრიძემ ჩინებულად ითამაშა და საჯარიმოს მისადგომებიდან როინ კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა.

“ჩიხურას” ცოტა დააკლდა თასის შემდეგ სუპერთასიც მოეგო, რადგან მატჩის დამთავრდებამდე აღარაფერი რჩებოდა. თუმცა, 86-ე წუთზე ქუთაისელთა სტანდარტის შემდეგ უხეშად შეცდა დინო ჰამზიჩი და გიორგი კუხიანიძეს გათანაბრების შანსი მიეცა, რომელიც გამოიყენა. სხვათა შორის, კუხიანიძემ ამავე გუნდების დაპირისპირებაში, საქართველოს თასის ფინალში ორი პენალტი გააცუდა (ჯერ თამაშიდან, შემდეგ პენალტების სერიაში) და მაშინდელი მატჩის ანტიგმირი გახდა. შესაბამისად, ახლა რეაბილიტირება ჩინებულად მოახერხა და შეიძლება ითქვას, სხვა შეხვედრაში, მაგრამ მაინც, შეცდომა გამოასწორა. თუმცა ეს არ ყოფილა ყველაფერი – თითქოს დამატებითი დრო უნდა დანიშნულიყო, როდესაც “ტორპედოს” ფორვარდმა ლევან კუტალია მარცხენა ფლანგიდან გადაცემას ერთი შეხებით გამოეხმაურა და გამარჯვების, “ტორპედოსთვის” ისტორიული გოლი გაიტანა.

ისტორიული იმიტომ, რომ ქუთათურებმა ისტორიაში პირველად მოიგეს საქართველოს სუპერთასი. ამავდროულად, “ჩიხურასთან” თასის ფინალში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანშიც აიღეს. ისე, ბედის ირონიით, “ტორპედოს” დრამატული მატჩები ბოლო დროს დასჩემდა. თასის ფინალი იმავე “ჩიხურასთან” პენალტების სერიაში წააგო, ხოლო იქამდე, ჩემპიონი როგორ და რა ვითარებაში გახდა, ყველამ კარგად იცის...

მოკლედ, საქართველოში 2018 წლის საფეხბურთო სეზონი საინტერესოდ დაიწყო. დამდეგ უიქ-ენდზე უკვე ეროვნული ლიგაც აიღებს სტარტს.

“ტორპედო” – “ჩიხურა” 2:1 (0:0)

თბილისი, “დავით პეტრიაშვილი”

“ტორპედო”: კვასხვაძე; ტაბატაძე, ხურცილავა, კაპანაძე (ბოხაშვილი 64), კუხიანიძე, გურული, კუტალია, დოლიძე (სარდალიშვილი 78), ქიმაძე, გიგაური, ტუღუში (წიქარიძე 59)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

“ჩიხურა”: ჰამზიჩი, მირცხულავა, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, გაბედავა, ლექვთაძე (ბუღრიძე 64), კაკუბავა, იონანიძე (კახაბრიშვილი 70), ჩიკვაიძე, დობროლოვსკი, კაშია

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 0:1 ბუღრიძე (77), 1:1 კუხიანიძე (86), 2:1 კუტალია (90)

გაფრთხილება: კუტალია (90) – მარკოზაშვილი (15), ჩიკვაიძე (81)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113527