საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ავსტრიასთან მატჩი შეაფასა. როგორც ნიკამ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბარში აღნიშნა, ეს გამარჯვება თავდაჯერებას შემატებს ნაკრებს.
“ყველა ბოლომდე დაიხარჯა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში რომ მოგვეგო. ბევრი ახალგაზრდა გვყავს და ძალიან ცოტა გამოცდილი მოთამაშე ჩემი, ციცნაძისა და ანატოლი ბოისას სახით. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ახალგაზრდებს გვერდით დავუდგეთ და მოედანზე დავეხმაროთ მათ.
დღეს აბსოლუტურად ყველამ კარგად ითამაშა. ჩვენი თამაში ძირითადად დამოკიდებული იყო დაცვაზე, რადგან კალათბურთი ისეთი თამაშია, რომ მარტო თავდასხმით ვერავის დაამარცხებ. თავდაჯერების მხრივ ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გვჭირდებოდა. გერმანიასთან სტუმრად მხოლოდ 9 ქულა წავაგეთ და ვფიქრობ, სახლში მოგების შანსი გვაქვს და გულშემატკივარი ჩვენთვის დიდი ძალა იქნება”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველომ ვენაში ავსტრია 78:64 დაამარცხა, ხოლო 25 თებერვალს, თბილისში, გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს.