საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. საერთოდაც, ეს არათუ მიმდინარე, არამედ ისტორიაში სადებიუტო გამარჯვება გამოდგა ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაკრებისთვის – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხომ პირველად ასპარეზობს.
მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო დაგეგმილი და სავარაუდო გამარჯვება, მაგრამ მატჩისწინა დანაკლისმა, რომლის მსგავსი საქართველოზე ბევრად მდიდარ საკალათბურთო ქვეყნებსაც დაასვამდა დაღს, გულშემატკივარში შიში გამოიწვია – შეძლებდა კი საქართველოს ნაკრები თითქმის სუპერლიგის ბირთვით სტუმრად არანაკლებ მოტივირებულ ავსტრიასთან მოგებას?!
შეძლო! ილიას ზუროსის გუნდმა თამაში ჩინებულად დაიწყო და მეტწილად დაცვაში. ავსტრიელებს ძალიან უჭირდათ ზუსტი სტყორცნების შესრულება და ეს პირველმა პერიოდმა სრულად ცხადჰყო. ავსტრიამ 10 წუთში ოდენ 5 ქულა ჩააგდო. საპასუხოდ საქართველო შეტევაში ნორმალურად ირჯებოდა და კომფორტული უპირატესობით დაიწყო ყველაფერი – 19:5.
მეორე პერიოდის დასაწყისიც ცუდს არაფერ მოასწავებდა. პირიქით, მაიკლ დიქსონის, ნიკა ცქიტიშვილისა და გიორგი ცინცაძის ლიდერობით სხვაობა კიდევ უფრო იზრდებოდა. მაგრამ მერე “ბუ” ისევ დაშავდა (თამაში ვეღარც გააგრძელა) და მაშინ მასპინძლებსაც გაეხსნათ. საბოლოოდ, მეორე მეოთხედში ავსტრიის ნაკრები გაცილებით მოფერიანებული იყო და შესვენებამდე ჩამორჩენა საგრძნობლად შეამცირა – 9 ქულა. აქედან გამომდინარე ნათელი გახდა, რომ ადვილად საქართველოს ნაკრები თამაშს ვერ მოიგებდა და თანაც, არ გვტოვებდა ფიქრები წინა ორ მატჩიდან, როდესაც საქართველომ პირველი ტაიმი მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარი ჩააგდო და დამარცხებულიც გამოვიდა.
უფრო მაღალი დონის მეტოქე რომ გვყოლოდა, მართლაც დიდი შანსია ასე მომხდარიყო, მაგრამ ფაქტია, ავსტრია დღეს საქართველოს ნაკრების შესუსტებული შემადგენლობისთვისაც არაა ანგარიშგასაწევი ძალა. ისე კი, გვანერვიულეს. ავსტრიელები გაქცევის საშუალებას არაფრის დიდებით არ გვაძლევდნენ და მესამე მეოთხედში ერთი ხანობა სხვაობა 4 ქულამდე დავიდა და ეს ხომ კალათბურთში არაფერს ნიშნავს. თუმცა, ბოლოში კლასმა თავი იჩინა – მაიკლ დიქსონისა და გოგა ბითაძის ძალისხმევით ზუროსის გუნდმა ნელ-ნელა თამაშში დაბრუნება შეძლო. ეს დასკვნითი პერიოდის დასაწყისში მოხდა და საფინალო სირენამდე არაფერი შეცვლილა.
საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ მეტოქე სოლიდური სხვაობით, 78:64 დაამარცხა და ამით ფაქტობრივად გაინაღდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადასვლა. მაგრამ...
მაგრამ, ავსტრიის ნაკრებთან გამარჯვება არამც და არამც, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად საკმარისი არ იქნება. თავად განსაჯეთ, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგი უნულდებათ და გერმანია ან სერბეთი თბილისში თუ არ დავამარცხეთ, იქ ჩვენი შანსი საკმაოდ მიზერული იქნება. აქვე გეტყვით, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე 6 გუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც ფინალურ ეტაპზე სამი საუკეთესო გავა. ასეთ ვითარებაში კი, გერმანია-სერბეთთან უარყოფითი ბალანსის ქონა, ფაქტობრივად უშანსოდ დარჩენას ნიშნავს.
თუმცა, დაველოდოთ. წინ ალბათ მთავარი მატჩია გერმანიის ნაკრებთან, რომელთანაც ნოემბერში 9 ქულით დავმარცხდით. სხვათა შორის, დღესვე გერმანიის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტი სერბეთი დაჯაბნა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. გერმანელებმა ბალკანელებს 79:75 მოუგეს...
რაც შეეხება ვენაში გამორჩეულებს - არ გაგიკვირდებათ და საქართველოს ნაკრებს ისევ მაიკლ დიქსონმა ულიდერმა. ჩვენმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ლამის ორმაგი დუბლი გაახერხა: 23 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი. კარგად გაისარჯნენ გოგა ბითაძე (12 ქულა, 8 მოხნსა, 3 დაფარება), აკაკი დვალიშვილი (8 ქულა, 4 მოხსნა), მიხეილ ბერიშვილი (10 ქულა, 4 მოხსნა) და ნიკოლოზ ცქიტიშვილი (5 ქულა, 7 მოხსნა).
საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩი კი, 25 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახელში გაიმართება.
ავსტრია – საქართველო 64:78 (5:19, 26:21, 18:15, 15:23)
ავსტრია: დანეკი – 9 წთ, 0 ქ. დუვიერი – 22 წთ, 8 ქ, 10 მ, 1 ჩ, 1 დ. გიუტლი – 0 წთ. კლეიპეიში – 32 წთ, 23 ქ, 2 მ, 3 პ, 2 ჩ. კოხი – 18 წთ, 4 ქ, 2 მ, 1 პ. მაჰალბაშიჩი – 32 წთ, 8 ქ, 6 მ, 6 პ, 2 ჩ. მურატი – 30 წთ, 8 ქ, 3 მ, 3 პ, 2 ჩ, 1 დ. ნოვას მატეო – 4 წთ, 0 ქ, 1 მ. ოგუნსიპე – 18 წთ, 6 ქ, 6 მ. რადოში – 6 წთ, 0 ქ, 1 მ, 1 ჩ. შრაინერი – 26 წთ, 7 ქ, 2 მ, 9 პ.
ქულა – 64. მოხსნა – 39. პასი – 22. ჩაჭრა – 7. დაფარება – 2. პერსონალური ფოლი – 22. სროლა – 22/63 (34.92%), ორქულიანი – 14/33 (42.42%), სამქულიანი – 8/30 (26.67%). საჯარიმო – 12/15 (80%).
საქართველო: ბერიშვილი – 26 წთ, 10 ქ, 4 მ, 1 პ. ბითაძე -23 წთ, 12 ქ, 8 მ, 1 ჩ, 3 დ. ბოისა 8 წთ, 2 ქ, 2 მ. ბოქოლიშვილი – 27 წთ, 4 ქ, 1 მ, 1 პ. ჩაჩანიძე – 0 წთ, დარბაიძე – 0 წთ. დიქსონი – 36 წთ, 23 ქ, 9 მ, 4 პ, 2 ჩ. დვალიშვილი – 20 წთ, 8 ქ, 4 მ. ლონდარიძე – 0 წთ. ფაცაცია – 28 წთ, 5 ქ, 2 პ, 1 ჩ. ცინცაძე – 12 წთ, 5 ქ, 3 მ, 3 პ. ცქიტიშვილი – 16 წთ, 5 ქ, 7 მ, 2 პ.
ქულა – 78. მოხსნა – 46. პასი – 13. ჩაჭრა – 4. დაფარება – 3. პერსონალური ფოლი – 18. სროლა – 26/65 (40%). ორქულიანი – 17/36 (47.22%). სამქულიანი – 9/29 (31.03%). ჯარიმა – 17/24 (70.83%)