სხვა

13:25 | 23.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადა 2018: ფიგურული სრიალის მიმოხილვა

კორეულ პიონჩანგში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში შეჯიბრი 23 თებერვალს დასრულდა. თუმცა, სპორტის ამ სახეობის მოყვარულები კიდევ დიდხანს გაიხსენებენ ამ ტურნირს. ეს მოციგურავეთათვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ოლიმპიადა იყო. მოდით ვცადოთ ავხსნათ, რატომ:

20 წელი ოქროს მედლისაკენ და ოლიმპიადაზე დამყარებული მსოფლიო რეკორდი

სპორტულ წყვილებში გამარჯვება გერმანელებმა - ალიონა სავჩენკომ და ბრუნო მასომ მოიპოვეს. სავჩენკოსთვის ეს მეხუთე ოლიმპიადა გახლდათ. ვეტერანი სპორტსმენი 34 წლისაა, მისმა ყოფილმა მეწყვილეებმა სტანისლავ მოროზოვმა (რომელთან ერთადაც უკრაინის ღირსებას იცავდა) და რობინ შოლკოვიმ (უკვე გერმანია) კარიერა დიდი ხანია დაასრულეს, ალიონა კი თავისი მიზნის მისაღწევად ძალებს არ იშურებდა და კარიერის დასრულებას ოლიმპიური ოქროს გარეშე არ აპირებდა.

თავის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე 2002 წელს სოლტ ლეიკ სითიში (აშშ) მან და მოროზოვმა მე-15 ადგილი დაიკავეს. ამ არადამაკმაყოფილებელი გამოსვლის შემდეგ, სავჩენკომ გერმანელ რობინ შოლკოვისთან დაიწყო გამოსვლა და მოქალაქეობაც შეიცვალა.

2006 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც ტურინში გაიმართა, წყვილმა მე-6 ადგილი დაიკავა და გასაგები გახდა, რომ მათ შემდეგ ოლიმპიადაზე მედლის მოპოვეპის შანსი ჰქონდათ.

სავჩენკო და შოლკოვი 2010 წლის ოლიმპიადაზე ვანკუვერში მე-3 ადგიზე გავიდნენ. თუმცა სავჩენკო ამასაც არ დასჯერდა და 2014 წლის ოლიმპიადისათვის დაიწყო მზადება. სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე წყვილმა საკუთარი შედეგი ვერ გააუმჯობესა და ისევ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ამის შემდეგ, შოლკოვიმ სპორტული კარიერა დაასრულა და რუსი მწვრთნელის, მისი და სავჩენკოს მთავარი მეტოქეების - ტატიანა ვოლოსოჟარის და მაქსიმ ტრანკოვის, ქსენია სტოლბოვას და ფიოდორ კლიმოვის, ასევე ევგენია ტარასოვას და ვლადიმირ მოროზოვის აღმზრდელის, ნინა მოზერის თანაშემწე გახდა. სავჩენკოს შოუებში მონაწილეობას სთავაზობდნენ, მაგრამ მან ახალი პარტნიორის ძიება დაიწყო, არჩევანი სწორედ ბრუნო მასოზე შეაჩერა და მისთვის მე-5 ოლიმპიადისათვის დაიწყო მზადება. ამ წყვილის წარმატების თავად სავჩენკოს გარდა არავის სჯეროდა. მასოს, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა, ფედერაცია უფლებას არ რთავდა გერმანიის ღირსება დაეცვა, ამიტომ, იგი იძულებული გახდა, 30 000 ევრო გადაეხადა საჯარიმო სანქციების სახით. სავჩენკომ და მასომ მაღალი რანგის ტურნირი პირველად მხოლოდ 2017 წელს მოიგეს - გრან პრის ფინალი. და სწორედ ამ პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულების რანგში გაემგზავრნენ კორეაში.

მოკლე პროგრამის შესრულების დროს, ბრუნო მასომ ხტომით ელემენტში შეცდომა დაუშვა - სამმაგი სალხოვის ნაცვლად ორმაგი შეასრულა, რის გამოც წყვილი მე-4 ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, თავისუფალ პროგრამაში ბოლომდე იბრძოლეს, მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს (159,31) და ნანატრი ოქროც მოიპოვეს.

ვერცხლის მედლის მფლობელები ჩინელები ვენჯინ სუი და კონგ ჰანი გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალი კანადელებმა მეგან დუჰამელმა და ერიკ რედფორდმა მოიპოვეს.

ალიონა სავჩენკოს ისტორია გვასწავლის, რომ თუ მიზანს დაისახავ და დაუზარებლად იმუშავებ, მას აუცილებლად მიაღწევ.

იაპონური ხასიათი - იუზურუ ჰანიუ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი

არც მამაკაცების შეჯიბრში ყოფილა ნაკლები ინტრიგა. ოქროს მედლისთვის იბრძოდნენ - ნეიტან ჩენი აშშ-დან, იუზურუ ჰანიუ (2014 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი) და შომა უნო (ორივე იაპონია) ხავიერ ფერნანდესი ესპანეთიდან, ბოიან ჯინი ჩინეთიდან.

თუმცა, ოლიმპიური მედლისათვის ბრძოლას ნეიტან ჩენი მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ გამოეთიშა, მან ხტომითი ელემენტები ვერ შეასრულა და მე-17 პოზიციაზე აღმოჩნდა. მოკლე პროგრამის შემდეგ ოქროს მედლის მოპოვების შესაძლებლობა ოთხ მოციგურავეს ჰქონდა. პირველ ადგილს იუზურუ ჰანიუ იკავებდა, მას ესპანელი ფერნანდესი მოსდევდა, შემდეგ ადგილს შომა უნო იკავებდა. მათ შორის ქულების სხვაობა მიზერული იყო, ამიტომ წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ ვინ გახდებოდა ოლიმპიური ჩემპიონი, შეუძლებელი გახლდათ.

თავისუფალი პროგრამა, მოკლესაგან განსხვავებით, ყველაზე კარგი ნეიტან ჩენის აღმოაჩნდა - იგი გახდა პირველი მოციგურავე, რომელმაც ერთ პროგრამაში 6 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა, თუმცა უშეცდომოდ შესრულებული თავისუფალი პროგრამის მიუხედავად, ჩენი მაინც კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.

შომა უნომ და ხავიერ ფერნანდესმა, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, პროგრამა თითქმის უშეცდომოდ შეასრულეს და ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გამარჯვებული კი ისევ იუზურუ ჰანიუ გამოდგა. 23 წლის იაპონელმა თავისუფალი პროგრამა ნაციონალურ მუსიკაზე შეასრულა და კონკურენტებს შანსები არ დაუტოვა. მასსა და ვერცხლის მფლობელ უნოს შორის 11-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჰანიუმ სერიოზული ტრავმა მიიღო და არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირი გამოტოვა. მისი მწვრთნელი, კანადელი ბრაიან ორსერი ამბობდა, რომ ჰანიუმ ოთხმაგი ნახტომების შესრულება ოლიმპიურ თამაშებამდე სამი კვირით ადრე დაიწყო.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იუზურუ ჰანიუც და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ფერნანდესიც ერთ მწვრთნელთან - ბრაიან ორსერთან მუშაობენ.

მამაკაცების შეჯიბრზე საუბრისას, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში პირველად მონაწილეობდა. მან თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა და 24 სპორტსმენიდან ბოლო ადგილზე გავიდა.

  • იუზურუ ჰანიუ - იაპონია
  • შომა უნო - იაპონია
  • ხავიერ ფერნანდესი - ესპანეთი

...

24- მორის ყვითელაშვილი - საქართველო

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები და მსოფლიო რეკორდი

ცეკვებში ოქროს მედლისთვის ორი წყვილი იბრძოდა. კანადელები ტესა ვირჩუ და სკოტ მოარი და ფრანგები გაბრიელა პაპადაკისი და გიომ სიზერონი. სეზონის ფავორიტებად ფრანგები ითვლებოდნენ, სწორედ მათ მოიგეს 2017 წლის გრან პრის ფინალი.

ამ ორი წყვილიდან მოკლე პროგრამის შესასრულებლად პირველები ვირჩუ და მოარი გამოვიდნენ და მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს - 83,67 ქულა. ამ შედეგის გამეორება მხოლოდ პაპადაკისს და სიზერონს შეეძლოოთ, თუმცა... კურიოზი. გაბრიელა პაპადაკისს კაბის ელვა გაეხსნა, რამაც მას ხელი შეუშალა და მაქსიმუმის ჩვენების შესაძლებლობა არ მიეცა. ფრანგული წყვილი 81,93 ქულით მეორე ადგილზე იყო. ყველაფერი ისევ თავისუფალ პროგრამაში გაირკვეოდა.

ახალგაზრდა ფრანგებს (პაპადაკისი 22 წლისაა, სიზერონი - 23 წლის) გამოცდილი კანადელების (ვირჩუ 28 წლის, მოარი - 30 წლის; მათთვის ეს მესამე ოლიმპიური თამაშები იყო) დომინანტობა არ აშინებდათ. მათ თავისუფალი პროგრამა უშეცდომოდ შეასრულეს და მსოფლიო რეკორდიც დაამყარეს - 123,35 ქულა, თუმცა, ჯამური ქულით კანადელებმა გაიმარჯვეს და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. მათ თავიანთი პირველი ოქრო 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს, მეორე - გუნდურ შეჯიბრზე პიონჩანგში და მესამე აქვე - ინდივიდუალურ შეჯიბრში. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ წყვილს ამ მომენტამდე ოლიმპიადა სამჯერ მოგებული არ ჰქონდა.

საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიოს ამ ორ საუკეთესო წყვილს ერთი მწვრთნელი - რომან ჰაგენუაერი წვრთნის.

ადგილები ასე გადანაწილდა:

1 - ტესა ვირჩუ და სკოტ მოარი, კანადა

2 - გაბრიელა პაპადაკისის და გიომ სიზერონი, საფრანგეთი

3 - მაია შიბუტანი და ალექს შიბუტანი, აშშ

ოქრო ერთია - კანდიდატი ორი

ქალების შეჯიბრში ოქროს მედლის მოსაპოვებლად მხოლოდ ორი სპორტსმენი იბრძოდა, რომელთა პროგრამები აღიარებულია ყველაზე რთულ პროგრამებად. ორივე ოლიმპიელი რუსეთიდანაა - რუსეთის, ევროპის და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული, რეკორდული ქულების მფლობელი, 18 წლის ევგენია მედვედევა და 2018 წლის გრან პრის ფინალის და ევროპის ჩემპიონი, 15 წლის ალინა ზაგიტოვა. არ გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ ამ ორ ვუნდერკინდსაც ერთი მწვრთნელი წვრთნის - რუსეთში დაბადებული ქართული წარმოშობის ეთერ თუთბერიძე. მედვედევა და ზაგიტოვა ირწმუნებიან, რომ ყინულს მიღმა ისინი მეგობრები არიან, თუმცა, რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა მეგობრობდნენ მსოფლიოს საუკეთესო მოციგურავეები, მეტოქეები, რომლებიც, მით უმეტეს, ერთი მწვრთნელის ყურადღებას იყოფენ.

მოკლე პროგრამა პირველმა მედვედევამ შეასრულა და მორიგი რეკორდი დაამყარა - 81,61 ქულა. მაგრამ ეს რეკორდი ათი წუთიც არ შენარჩუნებულა, იგი ზაგიტოვამ მოხსნა - 82,92 ქულა. ამის შემდეგ ყველასთვის გასაგები გახდა, რომ სწორედ ქალებს შორის შეჯიბრი იწვევდა ყველაზე დიდ ინტერესს. მედვედევას მიმდინარე სეზონში რამდენიმე ტურნირის გამოტოვება მოუწია ფეხის ტრავმის გამო, ამიტომ მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ მისი მეორე ადგილი ლოგიკური იყო.

თავისუფალი პროგრამის შესრულებამდე მონაწილეებს ერთი დღე ჰქონდათ დასასვენებლად. წარმოგიდგენიათ, როგორ „დაისვენა“ ამ ორმა სპორტსმენმა იმის ფიქრით, რომ მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ხუთი წუთი (ამდენ ხანს გრძელდება თავისუფალი პროგრამა) ჯერ კიდევ წინ იყო. ან როგორ „დაისვენა“ თუთბერიძემ, რომელსაც თავისი ორივე მოსწავლის ტრიუმფი სურდა, მაგრამ იცოდა, რომ ოქრო მხოლოდ ერთია.

და აი, ის დღე, რომელსაც ფიგურული ციგურაობის ყველა ქომაგი ელოდა. ნერვიულობა მატულობდა. თავისუფალი პროგრამა პირველმა ალინა ზაგიტოვამ შეასრულა. მისი გამოსვლა არ იყო იდეალური, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალი ქულა აიღო და ახლა მხოლოდ მედვედევას გამოსვლას ელოდებოდა. სწორედ ევგენიას გამოსვლაზე იყო დამოკიდებული, ვინ რომელი სინჯის მედალს აიღებდა. მედვედევას სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი 154,29 ქულა იყო. მან ეს მაჩვენებელი გააუმჯობესა და 156,65 ქულა დააგროვა. თუმცა მოკლე პროგრამის შემდეგ ზაგიტოვას ლიდერობამ მედვედევას ოქროს მედლის მოპოვეპის შესაძლებლობა არ მისცა. 15 წლის ზაგიტოვა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. თუმცა, მისი რეაქციიდან გამომდინარე, ის ჯერ ვერ იაზრებს, თუ რა რანგის შეჯიბრი მოიგო:

„ჯერ ვერ ხვდები, თუ რა მოხდა, მხოლოდ ის ვიცი, რომ პროგრამა უკეთ უნდა შემესრულებინა“, - თქვა ზაგიტოვამ. მედვედევამ კი გამოსვლის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა - იცოდა, რომ უშეცდომოდ შესრულებული თავისუფალი პროგრამა მას ოქროს მედალს მაინც ვერ მოუტანდა. ახლადმორჩენილი ტრავმის გამო მან ორი ხტომითი ელემენტი პროგრამის პირველ ნაწილში შეასრულა, რასაც ნაკლები ბონუს ქულა მოაქვს.

მწვრთნელის ემოციებზე თუ ვისაუბრებთ, სუბიექტური აზრით, ეთერ თუთბერიძე მედვედევას მხარეს იყო, რადგან ვინ იცის მასზე უკეთ, თუ რამდენი შრომა აქვს ჩადებული ამ უნიკალურ სპორტსმენს და რამდენი დაბრკოლების გადალახვა მოუწია მას. თუთბერიძემ მედვედევას სახიდან ცრემლები მოწმინდა და ახალი გამარჯვებებისაკენ შთამაგონებელი სიტყვები ჩასჩურჩულა...

1 - ალინა ზაგიტოვა, ოლიმპიელი რუსეთიდან

2 - ევგენია მედვედევა - ოლიმპიელი რუსეთიდან

3 - კეიტლინ ოსმონდი, კანადა

ალექსანდრა ვიგნანსკაია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16284