საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ავსტრიაში მეორედ ივარჯიშა. დილის ვარჯიშმა მცირე ხანს გასტანა და ის ნაკლებად დატვირთული იყო. ილიას ზუროსმა მოთამაშეები სროლებში და რიგ, მარტივ კომბინაციებში ავარჯიშა. ვენაში ჩამოვიდა, მაგრამ ვარჯიშს ვერ მოუსწრო მაიკლ დიქსონმა, რომელიც “შვეხარტ არენადან” დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს სასტუმროში დახვდა.
მაიკლმა გუშინ თურქეთის ლიგაშ ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესოც იყო. იმავე ღამეს დიქსონი ავსტრიისაკენ გამოემართა და დღეს საღამომდე, ნათამაშევ-ნამგზავრი ცოტას დაისვენებს. ილიას ზუროსი შეხედავს და შესაძლოა, დიქსონი საღამოს ვარჯიშზეც არ დატვირთოს, რათა ხვალინდელ მატჩს დასვენებული და ენერგიით აღასავსე შეხვდეს. მაიკლი ზუროსის ფორმაციის ნაკრებში უკვე 3 წელია, თამაშობს და მისი ტაქტიკა-მონახაზები კარგად უწყის.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ნაკრები ვენაში დღეს, შუადღისას ჩამოვიდა და საღამოს “შვეხარტ არენაზე” პირველად ივარჯიშებს. ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გაიმართება. მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი 21:00 საათიდან განახორციელებს.
GBF.GE