“საბურთალოს” კაპიტანი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი შვედეთის “გეტებორგში” ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა და ხარაიშვილი კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ხვალ შვედეთში გაემგზავრება, სადაც ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
„გიორგი ხარაიშვილის მიმართ შვედურმა კლუბმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და სწორედაც მათთან მოხდა შეთანხმება. მოლაპარაკება გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი სიტყვიერად გუშინ შევთანხმდით. ხვალ, ფეხბურთელთან ერთად შვედეთში გავემგზავრები და კონტრაქტსაც ხელი იქ მოეწერება.
მიუხედავად იმისა, რომ ხარაიშვილი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს და იმ მიზნებისთვის, რომელიც ჩვენს კლუბს აქვს, ძალიან დაგვეხმარებოდა, მისი განვითარებისთვის ვფიქრობ სწორი ნაბიჯი გადავდგით.
გეზი, რომელიც „საბურთალოს“ აქვს აღებული გრძელდება - გამორჩეულ ფეხბურთელებს გზას ვუხსნით ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში", განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა 2013-2014 წლების სეზონის შემდგომ დედაქალაქური კლუბის შემადგენლობაში 112 მატჩი ჩაატარა და 55 გოლის გატანა მოახერხა.