თურქეთის ჩემპიონატში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მაიკლ დიქსონმა. “ბაჰჩეშეჰირი” თურქეთის მეორე ლიგის რიგით კლუბ “ბაკირკოის” დაუპირისპირდა და 98:75 დაამარცხა.
მოედანზე ყველაზე მეტი დრო სწორედ ამერიკელმა დაჰყო – 30:27 წუთი და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 27 წლის უკანახაზელმა 5-დან 5 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
“ბაჰჩეშეჰირს” 14 მოგების წილ 9 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება მომდევნო მატჩს – 28 თებერვალს სტუმრად “კარესი სპორს” დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებს დღეს შეუერთდება. ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი კი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.