ფეხბურთი

3:19 | 22.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო და "მანჩესტერი" დე ხეამ გადაარჩინა (+VIDEO)

შედეგით და განსაკუთრებით თამაშით, კმაყოფილი ერთადერთი ადამიანი იქნება – ჟოზე მოურინიო. “მანჩესტერ იუნაიტედი” სევილიაში ძალზე უფერული იყო, მაგრამ საპასუხო შეხვედრის წინ თავი კარგ სიტუაციაში მაინც ჩაიგდო.

“წითელმა ეშმაკებმა” რომ არ წააგეს, ეს დავიდ დე ხეას დამსახურებაა. ესპანელი კიპერი თავის მაღალ კლასს კიდევ ერთხელ ამტკიცებს და კარი მშრალად შეინახა. დე ხეამ 8 სეივი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე ამდენი სეივი “მანჩესტერის” კარის დარაჯებიდან 2011 წელს “ბარსელონასთან” ედვი ვან დერ საარს ჰქონდა. დავიდმა კი, განსაკუთრებით ორ ეპიზოდში გამოიჩინა თავი. პირველი ტაიმის მიწურულს ჯერ სტივენ ნ’ზონზის აუღო ფანტასტიკური ბურთი და ერთ წუთში უკვე ლუის მურიელს კიდევ უფრო რთული დარტყმა არ გაატანინა. მოკლედ, დე ხეამ იფრინა და “ოლდ ტრაფორდზე” ყველაფერი ისევ ნულიდან დაიწყება.

არადა, ალალად რომ ვთქვათ, ვინჩენცო მონტელას “სევილია” მეტს იმსაუხრებდა. ესპანელები სცდილობდნენ ფეხბურთის თამაშს. “მანჩესტერი” და მოურინიო კი, ამაში მაქსიმალურად უშლიდნენ ხელს...

სხვათა შორის, ინგლისურ გუნდს სახიფათო მომენტი მთელი თამაში არ შეუქმნია და ან როგორ შექმნიდა, როცა 90 წუთი მხოლოდ დაცვაში თამაშზე ფიქრობდა?! ასე იყო თუ ისე, ფაქტია უსახური 0:0, რომელიც შესაძლოა “სევილიას” დასამარცხებლად საკმარისი გამოდგეს, მაგრამ აი, რა იქნება მერე, არავინ და მათ შორის, არც ჟოზე მოურინიომ უნდა იცოდეს.

“სევილია” – “მანჩესტერი” 0:0 (0:0) VIDEO

სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”

მაყურებელი: 39 725

“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; ნავასი, მერკადო, ლენგლე, ესკუდერო; ნ’ზონზი, ბანეგა (პიზარო 90); სარაბია, ვასკესი, კორეა; მურიელი (რამირესი 85)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“მანჩესტერი” (4-2-3-1): დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ლინდელოფი, იანგი; მაკტომინი, მატიჩი; ერერა (პოგბა 17), მატა (მარსიალი 80), სანჩესი (რაშფორდი 75); ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გაფრთხილება: ნ’ზონზი (21) – სანჩესი (41)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 5 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

0.315291