ფეხბურთი

3:01 | 22.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მეშახტეებს" "მგლებმა" ვერ გაუძლეს (+VIDEO)

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ მატჩის შემდეგ თქვა, დღეს ორი სხვადასხვა გუნდი ვნახეო და აბსოლუტურად მართალია. “ჯალოროსიმ”, რომელმაც პირველი ტაიმი ფანტასტიკურად ჩაატარა, მეორე ნახევარი საშინლად ჩაატარა და საპასუხო შეხვედრის წინ თავი ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდო.

თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს – “შახტარმა” მეორე ტაიმში იდეალურთან მდგომი ფეხბურთი აჩვენა და საბოლოოდ ჯამში დამსახურებულადაც მოიგო. პაულუ ფონსეკამ კი, ვიზავის აშკარად მოუგო. არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “რომა” პირველ ტაიმში ჩინებულად თამაშობდა.

დონბასელებს 45 წუთში არაფერი შეუქმნიათ, მაშინ, როცა სტუმარი გუნდი ბევრად გააზრებულად მოქმედებდა და მეტწილად, მეტოქის ნახევარზე. იტალიელებს გატანა რამდენჯერმე შეეძლოთ და საბოლოოდ, ტაიმის ბოლოს მიაღწიეს საწადელს – ედინ ჯეკოს იდეალური გადაცემით ჯენგიზ უნდერი მეკარესთან პირისპირ დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ პიატოვმა რეაგირება მოახერხა, “რომა” მაინც დაწინაურდა. სხვათა შორის, ჯენგიზი “რომას” ისტორიაში გახდა რიგით მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ლიგაზე გოლი გაიტანა (ანტონიო კასანოს შემდეგ).

მოკლედ, ტაიმი ლოგიკურად დასრულდა, რადგან “მგლები” სჯაბნიდნენ მეტოქეს და თითქოს მეორე ნახევარშიც ასეთი სურათი უნდა შნეარჩუნებულიყო. არავინ იცის რა მოხდა – “რომამ” ნაადრევად დაიჯერა, რომ მოიგებდა, თუ “შახტარმა” ძალები მეორე ნახევრისთვის შეინახა, მაგრამ ფაქტია, უკრაინელებმა მეორე ნახევარში სტუმრები დაჯაბნეს და მოიგეს. როგორც კი, “მეშახტეები” ტემპს უმატებდნენ, უმალვე “რომას” კართან ხიფათი იქმნებოდა. გოლი კი, ინდივუდიუალურ გარჯას მოჰყვა. ჯერ რაკიცკიმ გააკეთა შესანიშნავი პასი და მერე ფაკუნდო ფერეირამ შეირგო. არგენტინელმა კოსტას მანოლასს თავგზა აუბნია და ალისონთან პირისპირ დარჩენილმა შანსი გამოიყენა. მეორე გოლი უკვე სტანდარტს მოჰყვა, რომელიც ფრედმა იდეალურად დაარტყა. საპასუხოდ, “რომას” მეორე ტაიმში სახიფათო მომენტი არ შეუქმნია. ეგ კი არა, ბოლო წამს მესამე გოლს სასწაულებრივ გადაურჩა და დიდი ეჭვი მაქვს, ფერეირას, ახლაც არ სჯერა, რომ დუბლი ვერ შეასრულა. არგენტინელი სამი მეტრიდან დაუცველ კარში ურტყამდა, მაგრამ ბრუნო პერესმა, რომელიც წაქცეული გახლდათ კარის ხაზზე, ფეხით ბრწყინვალე სეივი შეასრულა. ბრაზილიელი მცველის თამაში ფაქტობრივად მეტოქის კარში გატანილ გოლს უდრიდა...

მოკლედ, “შახტარმა” 2:1 მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა, საპასუხო მატჩის წინ, მაინც კომფორტულ სიტუაციაში, ვიდრე მისი მეტოქე. აქვე გეტყვით, რომ "რომამ" ჩემპიონთა ლიგაზე პირველად წააგო მატჩი, რომელშიც ანგარიში გახსნა 2011 წლის შემდეგ და მაშინაც იგივე რამ "შახტარის" წინააღმდეგ დაემართა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთ ქართველ ფეხბურთელს – დავით ხოჭოლავა ამჯერად 18 კაციან განაცხადში ვერ მოხვდა და ბუნებრივია თამაშის ყურება ტრიბუნიდან მოუწია. მეორე შეხვედრა კი, რომში 13 მარტს გაიმართება. იქამდე, “შახტარის” შანსი საკმაოდ რეალურია...

“შახტარი” – “რომა” 2:1 (0:1) VIDEO

ხარკოვი, “მეტალისტ არენა”

მაყურებელი: 35 124

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, კრივცოვი (ორდეცი 45), რაკიცკი, ისმაილი; სტეპანენკო, ფრედი; მარლოსი, ტაისონი, ბერნარდი (კოვალენკო 90); ფერეირა

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

“რომა” (4-2-3-1): ალისონი; ფლორენცი (ბრუნო პერესი 71), მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; დე როსი, სტროტმანი; ჯენგიზ უნდერი (ჟერსონი 72), ნაინგოლანი (დეფრელი 83), პეროტი; ჯეკო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 ჯენგიზ უნდერი (41), 1:1 ფერეირა (52), 2:1 ფრედი (71)

გაფრთხილება: ფერეირა (80), ტაისონი (90) – პეროტი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 12 (8) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:9 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

0.355625