ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი მადრიდის “რეალს” ემუქრება. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, “რეალმა” არ იცის რა ელოდება პარიზში.
“მიმდინარე სეზონის უმეტეს ნაწილში ჩვენ ვაჩვენეთ რისი გაკეთებაც შეგვიძლია და განსაკუთრებით, “პარკ დე პრენსზე”, რომელიც გვაძლევს დიდ ძალას და ამას 17 გამარჯვებაც ამტკიცებს საკუთარ მოედანზე. მათ იციან, რომ პარიზში უნდა ჩამოვიდნენ, მაგრამ არ იციან რაც ელოდებათ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ და მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა გვქონდეს. არც წარსულზე უნდა ვიფიქროთ და არც მომავალზე – მხოლოდ და მხოლოდ ამ შეხვედრაზე. ჩვენ ვითამაშებთ “პარკ დე პრენსზე”, ჩვენს სახლში და გულშემატკივრებთან ერთად ყველაფერს გავაკეთბთ პსჟ-ს ისტორიის გასაგრძელებლად”, - დაწერა სოციალურ ქსელში ემერიმ.
პსჟ-სა და “რეალის” საპასუხო შეხვედრა პარიზში 6 მარტს გაიმართება. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის “სამეფო კლუბმა” 3:1 მოიგო და წყვილში ფავორიტად იქცა.