კალათბურთი

18:11 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ავსტრიაშია (+VIDEO)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჩარტერული რეისით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩაფრინდა, სადაც 23 თებერვალს ადგილობრივ ნაკრებს გაეჯიბრება.

ჩვენი ქვეყნის მთავარი საკალათბურთო ნაკრები სასტუმრო “ქორდიარდ მერიოტში” დაბინავდა და დღესვე ილიას ზუროსი პირველ წვრთნას ჩაატარებს.

ვენაში დაბინავების შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარები ვლადიმერ ბოისამ, გოგა ბითაძემ და დავით როგავამ გააკეთეს.

ვლადიმერ ბოისა: “თამაშამდე ორი დღით ადრე ჩამოვედით, დღეს და ხვალ იმ დარბაზში ვივარჯიშებთ, სადაც უნდა ვითამაშოთ. ხვალ შემოგვიერთდება მაიკლ დიქსონი და ისიც ივარჯიშებს ჩვენთან ერთად. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დრო ვიყოთ აქ და მოვემზადოთ კარგად თამაშისთვის”.

გოგა ბითაძე (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “ძალიან კარგი ფრენა გვქონდა, პირდაპირ ჩამოვფრინდით ავსტრიაში. დაღლილობას არ ვგრძნობთ, ყოველ შემთხვევაში პირადად მე ნამდვილად არა. ვფიქრობ, საკმარისი არაა ეს დრო, რომ გუნდი კარგად შეთამაშდეს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ ავსტრიას”.

დავით როგავა (ილიას ზუროსის ასისტენტი): “დღეს შედარებით მსუბუქი ვარჯიში გვექნება, ხვალ კი უფრო მეტი დატვირთვით ვივარჯიშებთ. რაც შეეხება თამაშის დღეს, ჯერ არ ვიცით ვარჯიში გვექნება თუ არა, შევხედავთ ბიჭები როგორ იგძნობენ თავს და მოვემზადებით თამაშისთვის”.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებთა შეხვედრა 23 თებერვალს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

0.119582