კალათბურთი

11:05 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების საავსტრიო შემადგენლობა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გუშინ სპორტის სასახლეში გამართა. მის დაწყებამდე ნაკრების წევრებს შეხვდნენ პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები, ხოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლებიც ნაკრებს ავსტრიაში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში სამონაწილეოდ გაჰყვება.

საღამოს ვარჯიშში მონაწილეობა 17-მა კალათბურთელმა მიიღო და ის საკმაოდ პროდუქტიული გახლდათ. როგორც დილის ვარჯიშზე, ბერძენმა სპეციალისტმა ამჯერადაც კომბინაციებზე გააკეთა აქცენტი და 2 საათის განმავლობაში ნაკრების წევრებმა არაერთი დაცვა-შეტევითი სიტუაცია დაამუშავეს.

ვარჯიშის დაწყებამდე ილიას ზუროსმა ვიდეო-განხილვა ჩაატარა და კალათბურთელებს აჩვენა, თუ როგორ აჯობებს კომბინაციების გათამაშება. მწვრთნელმა მოთამაშეებს ფირზე დაანახა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და შემდეგ ამ დავალებების შესრულება ვარჯიშზე მოსთხოვა.

სპორტის სასახლეში მოვიდა, მწვრთნელები და მოთამაშეები მოინახულა და ნაკრებს საავსტრიოდ წარმატებები უსურვა დუდა სანაძემ, რომელიც მყესებზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის და საკვალიფიკაციოს მესამე ფანჯრისთვის, ზაფხულში, მწყობრში იქნება.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ბერძენმა სპეციალისტმა საავსტრიო შემადგენლობა დაასახელა. 12 კაცში მოხვდა ნაკრებში პირველად გამოძახებული რუსთაველი მსროლელი, რეზო ჩაჩანიძე, ხოლო სრულ შემადგენლობას ქვემოთ წარმოდგენილ სიაში გაეცნობით:

საქართველოს ნაკრები ვენაში დღეს დილით ჩარტერული რეისით გაემგზავრა, ხოლო 23 თებერვალს, ავსტრიასთან მატჩის დასრულებიდან 3 საათში, თბილისში დაბრუნდება და 25 თებერვალს, გერმანიასთან საშინაო მატჩისთვის მოემზადება.

ილიას ზუროსი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):დღევანდელი გადაწყვეტილება 12-კაციანი შემადგენლობის შესახებ, შესაძლოა, გადაიხედოს გერმანიასთან თამაშის წინ და შევიდეს გარკვეული ცვლილებები. ავსტრია ძალიან ძლიერი გუნდია და წინ რთული თამაში გველის.

ვლადიმერ ბოისა (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):მართალია, ძალიან შესუსტებული შემადგენლობით ვართ, მაგრამ იმედი დიდი გვაქვს. ავსტრიაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ბიჭების მჯერა და შემდეგ თბილისში, სპორტის სასახლე გერმანიასთან მატჩზე ბოლომდე უნდა შევავსოთ. ყველას მოვუწოდებ, თადარიგი დაიჭიროს ბილეთების შესაძენად. გერმანიასთან მატჩისთვის სავსე ტრიბუნები გვჭირდება. ყველაფერი უნდა დავდოთ გასამარჯვებლად.

გიორგი ცინცაძე: მოხარული ვარ, რომ ტრავმის შემდეგ ვუბრუნდები კალათბურთს და ავსტრიასთან თამაშზე გუნდთან ერთად ვიქნები. ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და იმედი მაქვს, წარმატებით დავასრულებთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს.

ნიკა ცქიტიშვილი: ავსტრიაში რთული მატჩი გველის. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს არ ჰყავს სახელიანი მოთამაშეები, მაინც რთული იქნება სტუმრად გამარჯვება. ყველაზე სახიფათო მაჰალბაშიჩია, რომელსაც მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს. გაცილებით ძლიერი მეტოქე გველის მეორე მატჩში. მოვუწოდებ გულშემატკივარს, თადარიგი დაიჭიროს და ბილეთები შეიძინოს. სპორტის სასახლე უნდა გავავსოთ, რადგან საშინაო კედლების მხარდაჭერა ისე გვჭირდება, ალბათ, როგორც არასდროს.

მერაბ ბოქოლიშვილი: მადლიერი ვარ სამწვრთნელო შტაბის რომ მომცეს შანსი მეთამაშა საქართველოს ნაკრებში. ჩვენი მიზანი ორივე თამაშის მოგებაა და როგორც ავსტრიასთან, ისე გერმანიასთან, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლეთ.

gbf.ge

0.237945