ფეხბურთი

10:16 | 21.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა: ლიდერი პირველობას არ თმობს, ჩემპიონი ქულებს კარგავს

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრებს, ორშაბათს, 19 თებერვალს უმასპინძლა. IX ტური არც თუ უხვგოლიანი, თუმცა უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

სათამაშო დღე, სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერისა და აუტსაიდერის დაპირისპირებით დაიწყო და ყოველგვარი მოულოდნელობების გარეშე დასრულდა - აგორამ აფხაზეთს დამაჯერებლად სძლია 6:0 და ცხრილის სათავეში ყოფნა, მინიმუმ კიდევ ერთი ტურით გაიხანგრძლივა.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

ჯანო გიორგაია, აგორა: „მიუხედავად იმისა რომ ცხრილის აუტსაიდერს ვეთამაშეთ და სოლიდური ანგარიშით მოვიგეთ, მარტივი შეხვედრა არ ყოფილა, მოხარულები ვართ, რომ ამ გამარჯვებით გუნდს საჭირო და მნიშვნელოვანი ქულები მოვუტანეთ. გვქონდა შეცდომები, თუმცა კარგი ის იყო, რომ ბურთს ვაკონტროლებდით და კარი მშრალად შევინახეთ.“

აუცილებელი, თუმცა ურთულესი გამარჯვება მოიპოვა თბილისმა, რომელმაც ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ დაპირისპირებაში (1:45 სთ), ქუთაისის მართვე დაამარცხა 6:5. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, „დედაქალაქელები“ ოთხი ბურთის სხვაობით ამარცხებდნენ მეტოქეს, თავიანთი უყურადღებობით და ქუთათურთა საოცარი მონდომების ხარჯზე, ლამის სამი ქულის გარეშე დარჩნენ და რომ არა იმერელთა უიღბლობა, არც უქულოდ დარჩენა იქნებოდა „შორეული პერსპექტივა“.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

დიმიტრი მაყიშვილი, თბილისის მთავარი მწვრთნელი: „ბევრი სათამაშო კომპონენტი იყო სადაც გვქონდა რიგი ჩავარდნები. შეხვედრის განმავლობაში გვეჭირა ანგარიში, თუმცა ბოლოს დავუთმეთ თამაში მეტოქეს. უპირატესობით გვიტევდა მოწინააღმდეგე რამაც გამოიწვია ორი სწრაფი გოლი ჩვენს კარში. მოვდუნდით, მოგებული გვეგონა თამაში, რაც არასწორია და ამან გამოიწვია ეს ორი გოლიც. მოწინააღმდეგე სივრცეებს გვაძლევდა, ჩვენ შესაბამისად ვცდილობდით სწრაფად დაგვემთავრევბინა შეტევა, შესაბამისად გვქონდა ბევრი მომენტი, თუმცა აქედან მხოლოდ ექვსი გამოვიყენეთ.“

ოთარ კიკნაველიძე, მართვე: “მივულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას, ძალიან ბევრი ვეცადეთ რომ მოგვეგო, მწვრთნელის დავალება იყო რომ თავიდანვე შეგვეტია ნებისმიერ ანგარიშზე. შეხვედრის ბოლოს ვიპოვეთ ჩვენი თამაში და 6:2- დან ანგარიშის სხვაობა 6-5-მდე შევამცირეთ, თუმცა გამარჯვება ვერ შევძელით."

მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის კლუბმა. წინა ტურში, აგორასთან განცდილი დრამატული და საოცარი მარცხის შემდეგ, მათი მეტოქე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, სტუ-თელასი იყო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, „ბათუმელმა სტუდენტებმა“ ორჯერ შეძლეს „ენერგეტიკოსებთან“ ანგარიშში ჩამორჩენის აღმოფხვრა და მეტოქის მსგავსად, თავადაც ახლოს იყვნენ სამი ქულის მოპოვებასთან. საბოლოოდ, მორიგი „შავიზღვისპირული“ სენსაცია და ქულებ დაკარგული ფავორიტი 2:2.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

ავთანდილ ასათიანი, თელასის მოთამაშე მწვრთნელი: „ ბათუმმა არაერთხელ დაამტკიცა რომ ის სერიოზული მოწინააღმდეგეა, ლიგის ოთხივე ლიდერთან თანაბრად ითამაშა, მე ველოდი რთულ დაპირისპირებას. მინდა რომ ჩემს გუნდზე უფრო შევაქო ბსუ, თელასის მთავარი სისუსტე იმ მომენტების არ გამოყენება იყო, რომელიც შევქმენით შეტევისას. ფუტსალის ლიგაში თითქმის ყველა თამაში სერიოზულია, გუნდებმა მოუმატეს, ეს შესაძლოა თელასისთვის არ იყოს კომფორტული, მაგრამ საერთო საქმისთვის, ქართული ფუტსალის განვითარებისთვის ძალიან კარგია.“

ბაჩანა აბაშიძე, ბსუს მთავარი მწვრთნელი: “დღეს მოქმედ ჩემპიონს ვეთამაშეთ, ალბათ ამ ფორმიდან გამომდინარე, სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით ამ შედეგს , ბედნიერი და ამაყი ვარ, ჩვენთვის ეს ანგარიში იდეალური ვარიანტი იყო. ჩემმა გუნდმა სწორად შეძლო ბურთის დაჭერა, ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები მოსაგებად, თუმცა ფრე ამ შეხვედრაში ლოგიკური შედეგი იყო.“

სათამაშო დღის კულმინაცია კი ტურის ცენტრალური შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს კოლხი-გულრიფში და ტატიშვილი დაუპირისპირდნენ. სატურნირო ცხრილის „მეზობლების“ შეხვედრა, უაღრესად დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა. საფეხბურთო ასპექტების გარდა, მაღალი იყო ემოციური ფონიც, რის გამოც ხშირად იყო პაუზები, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ პირველი ტაიმი 50 წუთს (!!!) გაგრძელდა. მსაჯებსაც ემოციების ჩასახშობად, ხშირად უწევდათ მოთამაშეთა გაფრთხილება. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „მედიკოსებმა“ საწყის ათ წუთში მოახერხეს ორ ბურთიანი უპირატესობის მოპოვება და მათი მეკარის თორნიკე ბუკიას დამაჯერებელი თამაშის წყალობით, შესვენებაზეც უპირატესობით გავიდნენ. „კოლხებმა“ ვერც მეორე ნახევარში შეძლეს თამაშის სცენარის სათავისოდ შემოტრიალება. ტატიშვილის ფეხბურთელებმა კი დასკვნით ათ წუთში კიდევ ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება. საბოლოოდ, ირანულ-ქართული სამწვრთნელო დუელი, ბაჰრამ ნოვინი vs ალე ძაბირაძე, ამ უკანასკნელის „სუფთა“ გამარჯვებით დასრულდა - 0:4

მატჩის შემდგომი კომენტარი:

გიორგი სილაგავა, ტატიშვილი: „ვიცოდით რომ კოლხთან ძალიან მძიმე თამაში გვექნებოდა და ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის. ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს ამ შეხვედრაში და მივაღწიეთ სასურველ შედეგს, რისთვისაც მინდა მათ მადლობა ვუთხრა. მატჩის პირველ ნახევარში შევძელით ორი გოლის გატანა, რამაც ჩვენი გამარჯვება განაპირობა. გვქონდა მცირეოდენი შეცდომები, რასაც ვიმედოვნებ რომ გამოვასწორებთ.“

ამ მოგებით „მედიკოსებმა“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს და ერთი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ აგორას, ხოლო უახლოეს მდევრებს, თელას და კოლხს, შესაბამისად ორი და სამი ქულით უსწრებენ. მომდევნო, მეათე ტურის მთავარი ინტრიგაც სწორედ, სატურნირო ცხრილის I-II ადგილოსნების დაპირისპირებაა, რომელიც 23 თებერვალს, 21:00 სთ-ზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივარს სილკ უნივერსალის პირდაპირ ეთერში შეეძლება.

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა VIII ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, ტატიშვილის ფეხბურთელი, გიორგი ლუკავა გახდა.

19.02.2018.ფუტსალის ლიგა.VIII ტური

აგორა - აფხაზეთი 6:0 (4:0)

გოლები: 01:43’ დანელია (1:0), 10:40’ სიგუნავა (2:0), 12:36’ დანელია (3:0), 15:23’ მაჭავარიანი (4:0), 20:33’ გიორგაია (5:0), 32:27’ ფარცვანია (6:0)

გაფრთხილება: 37:08’ ჯანიკაშვილი (აფხ)

მართვე (ქუთ) - თბილისი 5:6 (2:4)

გოლები: 03:35’ გოგოხია (0:1), 11:28’ გოგოხია (0:2), 13:27’ სანიკიძე (0:3), 14:43’ გოგსაძე (1:3), 15:44’ სანიკიძე (1:4), 18:57’ ბერეჩიკიძე (2:4), 26:22’ გოგოხია (2:5), 30:45’ ჯანელიძე (2:6), 32:28’ ესაიაშვილი (3:6), 38:24’ ხაჭაპურიძე (4:6), 38:40’ გორგოძე (5:6)

გაფრთხილება: 19:28’ გორგოძე (მარ), 19:47’ ბერეჩიკიძე (მარ), 19:47’ ჭიაბერაშვილი (თბ)

სტუ-თელასი - ბსუ (ბთ) 2:2 (0:0)

გოლები: 21:27’ ჭუმბურიძე (თელ), 25:29’ გაბუნია (ბსუ), 29:50’ სოზაშვილი (თელ), 30:49’ ნინიძე (ბსუ)

გაფრთხილება: 30:49’ მაისაია (თელ)

კოლხი-გულრიფში - ტატიშვილი 0:4 (0:2)

გოლები: 08:22’ სილაგავა (0:1), 09:56’ ალავერიქჰანი (ს.კ 0:2), 33:41’ სილაგავა (0:3), 39:12’ კეკელია (0:4)

გაფრთხილება: 12:32’ ომითი (კოლ), 12:32’ მურცხვალაძე (ტატ), 14:20’ ნადირაძე (კოლ), 21:24’ ჰოსეინზადე (კოლ), 32:01’ ნადირაძე (კოლ)

გაძევება: 32:01’ ნადირაძე (კოლ)

ბომბარდირები: გიგა დანელია (აგორა) – 15, გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) – 12, ამირან ცხომარია (კოლხი), კახაბერ გოგოხია (თბილისი) – 11

***

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: “სოკარი“, ტელეკომპანია „SILK“,„ნაბეღლავი“,იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, “თანამგზავრი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი „ლელო”

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური

0.112179