ფეხბურთი

1:42 | 20.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"გერმანული მანქანა" პლეი-ოფს "აწივებთან" ჭიდილით იწყებს

“ბაიერნისა” და “ბეშიქთაშის” წყვილში ფავორიტია ერთია და ამის მიხვედრას დიდი საფეხბურთო განათლება არ სჭირდება. მიუნხენური გიგანტი არამარტო დღეს, არამედ მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია და ბუნებრივია, რომ თურქეთის ჩემპიონთან გერმანელთა შანსი უფრო ფასობს.

“ბაიერნი” იუპ ჰაინკესის გუნდში დაბრუნების შემდეგ ფანტასტიკურ ფორმაშია და უკანასკნელი 13 მატჩი საერთოდ მოგებული აქვს. ურიგოდ არც მისი მეტოქე ირჯება. განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე გამოიდო თავი “ბეშიქთაშმა” და პლეი-ოფში უპრობლემოდ, მეტიც ძალზე მარტივად გავიდა.

თუმცა, “შავ არწივებს” შიდა ჩემპიონატში ასე კარგად არ მისდით საქმეები და მხოლოდ მეოთხე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ლიდერთან 5 ქულა აშორებთ. “ბაიერნი” კი ფაქტობრივად უკვე ჩემპიონია, რადგან მდევრებთან უდიდესი უპირატესობა აქვს ბუნდესლიგაში. შესაბამისად, ჰაინკესისა და მისი ბიჭების ერთადერთი საფიქრალი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაა.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს მხოლოდ მანუელ ნოიერი დააკლდებათ, რომელიც უკვე კარგა ხანია ლაზარეთშია. გაცილებით სერიოზული დანაკლისითაა “ბეშიქთაში” მიუნხენში ჩასული – კავლაკი, ატინჩი, გოქან ტორე და ტოშიჩი მოედანზე ვერ გავლენ.

იუპ ჰაინკესმა მეტოქე შეაქო და აღნიშნა, რომ მის გუნდს ადვილი თამაში არ ექნება. თავის მხრივ, შენოლ გიუნეშმაც დაახლოებით იგივე თქვა, მაგრამ დასძინა, ვეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ და იმავდროულად ერთი გოლი მაინც უნდა გავიტანოთო.

იუპ ჰაინკესი (“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი): “ბეშიქთაში” ის გუნდია, რომელმაც იცის თამაში და საერთოდ არ გამკვირებია, რომ აქამდე მოვიდა. მათ ჯგუფში სამივე თამაში მოიგეს სტუმრად და ჩემთვის მოულოდნელი არც ეს ყოფილა. თურქებს უყვართ ლამაზი და შემტევი ფეხბურთის თამაში. ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.

იმედია, ჩემი გუნდი დიდ ფეხბურთს ითამაშებს, რომელიც მეოთხედფინალში გასასვლელად საფუძველი იქნება. “ბეშიქთაში” კარგი გუნდია, რომელსაც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. შესაბამისად, ადვილი თამაში არ გველოდება”.

შენოლ გიუნეში (“ბეშიქთაშის” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ ვიცით, რომ “ბაიერნი” ძალიან ძლიერი გუნდია. მან “რეალისა” და “მილანის” შემდეგ ყველაზე მეტჯერ მოიგო ეს ტურნირი. გარდა ამისა, ფინალშიც არაერთხელ ითამაშა. ჩვენ კი, ვცდილობთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ქაღალდზე მეტოქე გაცილებით ძლიერია, მაგრამ ჩვენ გავალთ მოედანზე და ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ.

მნიშვნელოვანია, რომ სტუმრად ერთი გოლი მაინც გავიტანოთ. “ბაიერნს” ორი გუნდის გამოყვანა შეუძლია მოედანზე. ველოდებით რობენისა და ლევანდოვსკის თამაშს, თუმცა შესაძლოა, რიბერიც მოედანზე ვიხილოთ”.

სავარაუდო შემადგენლობები:

მიუნხენი, “ალიანც არენა”

20 თებერვალი, 23:45 საათი

“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა; ვიდალი, მიულერი, ხამესი; კომანი, ლევანდოვსკი, რობენი

მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი

“ბეშიქთაში” (4-5-1): ფაბრი; გონული, პეპე, ვიდა, ადრიანო; ჰატჩინსონი, მედელი, კვარეჟმა, ტალისკა, ბაბელი; ვაგნერ ლავი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

“ბეშიქთაში” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველად გავიდა. გარდა ამისა, გახდა პირველი თურქული გუნდი, რომელმაც ქვეჯგუფში იპირველა. მეორე მხარეს კი, ძალზე გამოცდილი მიუნხენის “ბაიერნია”.

ეს იქნება “ბაიერნის” მე-14 მერვედფინალი. გერმანელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და მიჯრით მეშვიდედ შეეცდებიან მეოთხედფინალში გასვლას.

ეს იქნება ერთადერთი მერვედფინალური წყვილი, რომელშიც თავიანთი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონები დაუპირისპირდებიან.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე ორჯერ შევხედრილან. 1997-1998 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. მაშინ “ბაიერნმა” მიუნხენში ტომას ჰელმერისა და მარიო ბასლერის გოლებით მოიგო.

1997 წლის 17 სექტემბერს, “ოლიმპიაშტადიონზე” გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:

“ბაიერნი”: კანი, ბაბელი, მათეუსი, რიციტელი (ფინკი 52), ტარნატი, ჰელმერი, ჰამანი, ბასლერი (ლიზარაზუ 88), შოლი, შტრუნცი, ელბერი (იანკერი 82)

“ბეშიქთაში”: ტუნჩაი, ერკანი, სერდარი (ემრე ერენი 78), ალფაი ოზალანი, ზაფერი, იანკოვი, ტაიფუნ ჰავუტჩუ, ოზდილეკი (ლეჩკოვი 72), ჩეტინი, დერელიოღლუ, ამოკაჩი (ოზტურუკუ 80)

კარსტენ იანკერისა და ჰელმერის კიდევ ერთი გოლით სტამბულში “რეკორდმაისტერმა” ისევ 2:0 მოიგო.

“ბაიერნმა” ჯგუფური ეტაპი 12 ქულით დაასრულა, ხოლო “ბეშიქთაში” ჯგუფში ჩარჩა.

ხორვატ მეკარეს, მარიან მრმიჩს მაშიც ორივე მატჩის სათადარიგო სკამზე გატარება მოუწია, ახლა კი, თურქული გუნდის მეკარეების მწვრთნელია.

სტატისტიკა

“ბაიერნი”

“ბაიერნის” ბალანსი მერვედფინალში: 10 შემდეგ ეტაპზე გასვლა, 3 გამოთიშვა. გერმანელებს ბოლო 6 მერვედფიანლური დუელი მოგებული აქვთ. ბოლოს ამ ეტაპზე მიუნხენელებმა 2010-2011 წლების სეზონში “ინტერთან” წააგეს.

ერთი წლის წინ “ბაიერნმა” ორი მატჩის ჯამში “არსენალი” გაანადგურა – 10:2 (5:1, 5:1).

1997 წლის დაპირისპირების გარდა, “ბაიერნს” თურუქლ გუნდთან ერთადერთხელ აქვს ნათამაშები. 1972-1973 წლების სეზონში “გალათასარაისთან” სტუმრად ფრე დაფიქსირდა (1:1), ხოლო შინ მასპინძლებმა 6:0 მოიგეს.

“ბაიერნმა” ჯგუფურ ეტაპზე შინ სამივე თამაში მოიგო. “სელტიკთან” (3:0) და “ანდერლეხტთან” (3:0), პსჟ-სთან (3:1).

“ბაიერნმა” სახლში ყველა მატჩი მოიგო 2014 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე. ჩინებული სერია შარშან “რეალთან” (1:2) შეწყდა.

გასულ სეზონში “ბაიერნი” ჯგუფში “ატლეტიკოს” ჩამორჩა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ბავარიელებმა იგივე შედეგი წელსაც აჩვენეს.

“ბეშიქთაში”

“ბეშიქთაში” მერვედფინალში პირველად ითამაშებს. თურქებისთვის ჩემპიონთა თასზე საუკეთესო სეზონი 1986-1987 წლების სეზონში იყო, როდესაც მეოთხედფინალამდე მივიდნენ და იქ კიევის “დინამოსთან” 0:7 წააგეს.

ჯგუფურ ეტაპზე “ბეშიქთაშმა” გერმანიაში “ლაიფციგი” დაამარცხა (2:1). ეს მათი მეხუთე სტუმრობა იყო ალემანების ქვეყანაში და პირველი გამარჯვება (1 ფრე, 3 მარცხი). ერთადერთ ფრეს რაც შეეხება – 2009-2010 წლების სეზონში ‘ვოლფსბურგზე” მოდის (0:0).

ჯგუფში “არწივებმა” სამივე საგარეო მატჩი მოიგეს “ლაიფციგთან” (2:1), “მონაკოსთან” (2:1), “პორტუსთან” (3:1).

“ლაიფციგთან” გამარჯვება იყო პირველი ბოლო 12 საგარეო შეხვედრაში ევროთასებზე.

“ბეშიქთაშს” პლეი-ოფში გერმანულ გუნდებთან ერთადერთი მარცხი აქვს. თასების თასზე 1989-1990 წლების სეზონში “დორტმუნდთან” (0:1 შინ, 1:2 სტუმრად).

მწვრთნელები და ფეხბურთელები: გზაჯვარედინი

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა 1975 წელს დასავლეთ გერმანიის ნაკრების რიგებში ორი გუატანა თურქეთის ნაკრებს.

“ბეშიქთაშის” თავკაცი შენოლ გიუნეში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს ფეხბურთელის რანგში სამჯერ დაუპირისპირდა.

“ბეშიქთაშის” ნახევარმცველი ტოლგაი არსლანი გერმანიაში, კერძოდ, პადერბორნში დაიბადა.

გასულ სეზონში, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში კორენტინ ტოლისომ “ბეშიქთაშს” “ლიონის” მაისურით გოლი გაუტანა, ხოლო შემდეგ თერთემეტმეტრიანების სერიაშიც შეძლო თავის გამოჩენა და თავის გუნდს შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა.

რიკარდო კვარეჟმამ 2014-2015 წლების სეზონში მეოთხედფინალურ ეტაპზე “პორტუს” მაისურით “ბაიერნს” ორი გოლი გაუტანა (3:1). საპასუხო შეხვედრა გერმანელებმა შინ 6:1 მოიგეს.

ალვარო ნეგრედომ “ბაიერნს” “სიტის” რიგებში გაუტანა პრესტიჟის გოლი 2013-2014 წლების სეზონში (1:3).

2015-2016 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ანდერსონ ტალისკამ “ბაიერნის” კარი დალაშქრა (2:2). ორი მატჩის ჯამში გერმანელებმა 3:2 მოიგეს.

პეპემ “რეალის” რიგებში “ბაიერნი” 2014 წელს, ნახევარფინალში დაამარცხა, ხოლო ორი წლით ადრე, იმავე ეტაპზე დამარცხდა.

არიენ რობენმა თურქეთის ნაკრებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გოლი გაუტანა.

ტომას მიულერმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შეძლო თურქეთის ნაკრების კარის დალაშქვრა.

პეპემ მოედნიდან გააძევეს, როდესაც გერმანიამ პორტუგალია 4:0 დაამარცხა 2014 წლის მუნდიალზე.

გერმანიაში უთამაშიათ

დუშკო ტოშიჩი (“ვერდერი” 2007-2010)

რაიან ბაბელი (“ჰოფენჰაიმი” 2011-2012)

ტოლგაი არსლანი (“ჰამბურგი” 2009-2015, “ალემანია” (2010-2011)

ატინჩ ნუკანი (“ლაიფციგი” 2015-2016)

დომაგოი ვიდა (“ლევერკუზენი” 2010-2011)

ფრანკ რიბერიმ 2004-2005 წლების სეზონის მეორე ნახევარი თურქულ “გალათასარაიში” გაატარა და “ბეშიქთაშთან” 1:0 გაიმარჯვა.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

არტურო ვიდალი და გარი მედელი (ჩილე)

ხავი მარტინესი და ალვარო ნეგრედო (ესპანეთი)

ტიაგო ალკანტარა და ალვარო ნეგრედო (ესპანეთი)

არიენ რობენი და ჯერმეინ ლენსი, რაიან ბაბელი (ჰოლანდია)

ერთად უთამაშიათ

ტომ შტარკე, სებასტიან რუდი და რაიან ბაბელი (“ჰოფენჰაიმი” 2011-2012)

დავიდ ალაბა და რაიან ბაბელი (“ჰოფენჰაიმი” 2010-2011)

რაფინია და ადრიანო (“კორიტიბა” 2004)

ტიაგო ალკანატარა და ადრიანო (“ბარსელონა” 2010-2013)

ჟერომ ბოატენგი და ტოლგაი არსლანი (“ჰამბურგი” 2009-2010)

არიენ რობენი და პეპე (“რეალი” 2007-2009)

ხამეს როდრიგესი და პეპე (“რეალი” 2014-2017).

0.404503