ბლოგი

14:48 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი დაბერდა

ორი წლის წინ, ტურინის “იუვენტუსის“ ტიფოზთა საზოგადოებაში გავრისკე და ვთქვი, რომ ჯანლუიჯი ბუფონი დაბერდა და ახლა ის დროა, ტურინელები ახალ მეკარეს ეძებდნენ - მეთქი. აღარ აღგიწერთ ტიფოზთა გულისწყრომას ჩემი ასეთი “თავხედური გამოხტომის“ გამო. როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათი საყვარელი კუმირების დაბერებას და შესაბამისად შესაძლებლობების კლებას უბრალოდ გამორიცხავენ. ადამიანებს ხომ ხშირად ძალიან გვიჭირს სამწუხარო რეალობის აღიარება და გათავისება.

ჯანლუიჯი ბუფონი ვინცაა და რა წლებიც აქვს უკან მოტოვებული - ეს ყველამ კარგად ვიცით და პირადად მე მიმაჩნია, რომ ამისთანა დონის მეკარე რაც ფეხბურთს ვუყურებ - სხვა არ მინახავს და ბედ-იღბლის მადლობელი ვარ, რომ ჯიჯი ბუფონის დიდი ეპოქა სრულად ვიხილე - დასაწყისიდან-დასასრულამდე. ეს დასარული კი სამწუხაროდ ისეთი არ გამოდის, როგორსაც ამ კაცის ყველა კეთილისმსურველი ვისურვებდით.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში ლონდონის “ტოტენჰემთან“ შეხვედრის შეფასებისას, ყველას როგორც წესი ბეყერა გონსალო იგუაინის მიერ გაცუდებული მეორე პენალტი ახსენდება, ჯანლუიჯი ბუფონის მიერ აშკარად ჩაგდებულ მატჩზე კი ძალიან ცოტა ვინმე საუბრობს. ამ დროს, სწორედ ამ ლეგენდარული გოლკიპერის უხეირო გარჯამ განაპირობა დიდწილად “იუვენტუსისათვის“ წაგების ტოლფასი ფრე და განმეორებით მატჩში კიდევ რას ამზადებს მუხთალი იღბალი - ღმერთმა უწყის.

ტურინელებისათვის ჯანლუიჯი ბუფონის ფეტიში კარგის მომტანი რომ არ იქნებოდა, ამის განჭვრეტა ადრეც შეიძლებოდა. ორიოდე წლის წინ, როდესაც “იუვენტუსის“ ბოსებმა, სწორედ ჯიჯის შემცვლელად, ფლორენციის “ფიორენტინადან“ ჩემი აზრით იმ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიელი გოლკიპერი - ნეტო გადაიყვანეს, გაჩნდა შანსი, რომ ბუფონის ჩანაცვლება თანდათან მოხდებოდა და ტურინელები ჯიჯის ჩრდილიდან გამოსვლას შეძლებდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში ნეტო სათადარიგოთა სკამზე ამოალპეს, ძირითადში კვლავ ბუფონი დარჩა და საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ბუფონის აშკარა და თვალნათელ შეცდომებზე საუბარს მაინც ყველა ერიდებოდა. არადა ფაქტია, რომ ბუფონი ბოლო პერიოდში მართლაც ბევრ შეცდომას უშვებს და ეს შეცდომები მისი გუნდისათვის ხშირად ძალიან ცუდად სრულდება.

რა თქმა უნდა კარგად გვესმის, რომ ბუფონისთანა ფიგურის ჩანაცვლება ნამდვილად არაა ადვილი საქმე და ეს დიდი კაცი ვინც არ უნდა შეცვალოს, აუცილებლად გაუჭირდება ჯიჯისთანა ნდობისა და ავტორიტეტის მოპოვება, მაგრამ ჩვენ ხომ ისიც ვიცით, რომ ამ სამყაროში მარადიული არაფერია და ყველაზე დიდი და საოცარი ამბებიც კი სრულდება. ცხოვრება ალბათ ამიტომაცაა საინტერესო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11522