ლა ლიგის 24-ე ტურის მატჩში “რეალმა” “ბენიტო ვილამარინზე” “ბეტისი” დაამარცხა და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.
ზემოხსენებულ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა მხიარული და უხვგოლიანი შეხვედრა იხილა - როგორსაც მიმდინარე სეზონში ანდალუსიური კლუბი უმეტესწილად თამაშობს. “მწვანეებს” შეტევაში ყველაფერი დიდებულად აქვთ და ამ მხრივ მხოლოდ ოთხ გუნდს ჩამოუვარდებიან, თუმცა მათზე უარესი დაცვა მხოლოდ “დეპორტივოს” და “ლას პალმასს” ჰყავთ.
ამჯერადაც ასე იყო, კიკე სეტიენის შეგირდები მეტოქეს ძალიან კარგად, მწვავედ უტევდნენ და კეილორ ნავასის დამწუხრება სამჯერ მოახერხეს, თუმცა დაცვაში საშინელი შეცდომები დაუშვეს, რაც უმაღლესი კლასის მქონე მეტოქემ არ აპატია და ანტონიო ადანს საკუთარი კარიდან, ბურთის გამოტანა ხუთჯერ მოუწია.
მადრიდელთათვის შეხვედრა მშვენივრად დაიწყო, მე-11 წუთზე კრიშტიანო რონალდუს ძლიერი დარტყმული ადანმა მოიერია, თუმცა დამატებაზე მარკო ასენსიო გაჩნდა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდგომ, მასპინძლები ძალიან გააქტიურდნენ, უტევდნენ, ბლომად კუთხურებიც მოაწოდეს და მომენტებიც შექმნეს, რომელთაგან განსაკუთრებით გამოსარჩევი ხოაკინ სანჩესის მშვენივრად შესრულებული საჯარიმო დარტყმაა, რომელიც კეილორ ნავასმა ბრწყინვალე ნახტომში უკუადო. 36 წლის ხოაკინი შესანიშნავად თამაშობდა და მეტოქეს ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიდა, სწორედ მის კარგ თამაშს და ასეთივე ჩაწოდებას მოჰყვა 33-ე წუთზე მანდის ზუსტი თავური და ანგარიში გათანაბრდა, ხოლო კიდევ ოთხ წუთში ხოაკინმა ფირპო ჟუნიორი დატოვა მეკარესთან პირისპირ, მართალია ნავასმა ბურთი მოიგერია, მაგრამ იქვე მდგარ ნაჩოს ცუდად მოხვდა და ავტოგოლი გავიდა. ტაიმი 2:1 დასრულდა.
ზინედინ ზიდანმა შესვენება კარგად გამოიყენა, საკუთარ შეგირდებს საჭირო მითითებები მისცა და მადრიდელებმა თავიდანვე ძალიან აგრესიულად დაიწყეს, რამაც შედეგი ხუთ წუთში გამოიღო: ლუკას ვაზკესის მოწოდებულ კუთხურს სერხიო რამოსი გამოეხმაურა და უძლიერესი თავური დარტყმით გაათანაბრა. “ბლანკოსმა” ასევე განარძო და გარეთ ბეილს ორწუთიან მონაკვეთში ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ადანმა აჯობა. 59-ე წუთზე კი საკუთარ ფლანგზე დიდებულად გაისარჯა ანტონიო კარვახალი, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და მარკო ასენსიოს უპასა, რომელმაც ახლო მანძილიდან დუბლი გაიფორმა. ექვს წუთში კი უკვე კრიშტიანო რონალდუს ჯერი დადგა: პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ერთი მოთამაშე ჩამოიცილა, უმალ უძლიერესად დაარტყა და ყოფილ თანაგუნდელს შანსი არ დაუტოვა.
მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლეს და 85-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სერხი ლეონმა ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში კიდევ სცადეს შეეტიათ, თუმცა ხეირიანი აღარაფერი გამოუვიდათ და 92-ე წუთზე ორიოდე წუთით ადრე გამოსულ ქარიმ ბენზემასგან აქეთ გაუშვეს – 3:5.
ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო “ატლეტიკომ” და ოთხივე შემთხვევაში ამის გაკეთება მშრალად მოახერხა. “როხიბლანკო” “ვანდა მეტროპოლიტანოზე” “ბილბაოს” დაუხვდა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. მადრიდელებმა ბასკების წინაღმდეგობის გატეხვა, შეხვედრის დაწყებიდან ერთი საათის შემდგომ მოახერხეს: 67-ე წუთზე ანტუან გრიზმანის გადაცემა კევინ გამეირომ გამოიყენა და ანგარიში გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე გამეირომ უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა: ფრანგი ფორვარდის პასით დიეგო კოშტა მეკარესთან პირისპირ დარჩა და მანაც საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:0.
“ატლეტიკოს” და “ბარსელონას” შორის სხვაობა კვლავ 7 ქულაა.
ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო “ვილიარეალმა” და ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამოცილდა. “ყვითელი წყალქვეშა ნავები” შეხვედრის ბოლომდე "ესპანიოლს" როდრიგო ერნანდესის გოლით იგებდნენ, მაგრამ 85-ე წუთზე ესტებან გრანერომ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, რაც სტუმრებს 2 ქულის დაკარგვად დაუჯდათ. თუმცა, უნდა ითქვას, “ვილიარეალს” ძალიან გაუმართლა, რომ ქულის გარეშე არ დარჩა, რადგან უკანასკნელ წამზე მასპინძლებმა საოცარი შანსები ვერ გამოიყენეს: ლეო ბაპტიშტაოს უძლიერესი დარტყმა ხარიხამ მოიგერია, დამატებაზე ჯერ სერხიო გარსიამ ითამაშა, რომელსაც სერხიო ასენხიომ აუღო, შემდეგ კი ხერარდ მორენომ დაახლოებით სამი მეტრიდან ააცილა და გამარჯვების შესანიშნავი შანსი გაანიავა – 1:1.
დღის გახსნით მატჩში კი “სოსიედადმა” “ანოეტაზე” “ლევანტე” მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
სოსიედადი – ლევანტე 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 პრიეტო (10 პენ.), 2:0 ხუანმი (38), 3:0 კანალესი (55)
ესპანიოლი – ვილიარეალი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 რ.ერნანდესი (25), 1:1 გრანერო (85)
ატლეტიკო – ბილბაო 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 გამეირო (67), 2:0 კოშტა (80)
ბეტისი – რეალი 3:5 (2:1)
გოლები: 0:1, 2:3 ასენსიო (11; 59), 1:1 მანდი (33), 2:1 ნაჩო (37), 2:2 რამოსი (50), 2:4 რონალდუ (65), 3:4 ლეონი (85), 3:5 ბენზემა (92)