ფეხბურთი

2:52 | 19.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისევ "ნაპოლი" და "იუვენტუსი"

იტალიის სერია A-ს XXV ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია უცვლელი დარჩა. “ნაპოლი” და “იუვენტუსი” ერთმანეთს კვალში ისევ მისდევენ.

ამჯერად ორივემ მოკრძალებული ანგარიშით მოიგო. ჯერ “იუვეს” მატჩი გაიმართა და მასზე ვთქვათ. საერთოდაც, ტურის ცენტრალური მატჩი იყო, ტურინული დერბი, დერბი დელა მოლე... მოკლედ, “ტორინო” – “იუვენტუსი”. უკვე დიდი ხანია, “ხარები” “ბებერ ქალბატონს” სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევენ, მაგრამ მაინც საინტერესო მატჩი გამოვიდა, თან დაძაბული. ყველაფერი კი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. ფედერიკო ბერნარდესკიმ 33-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და ალექს სანდროს ისღა დარჩენოდა, ცარიელ კარში გადაეგზავნა. სხვათა შორის, ბერნარდესკი ბოლო პერიოდში ჩინებულ ფორმაში იყო (5 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი). დიახ, იყო, რადგან ფედერიკო ამ მატჩის ბოლო წუთზე დაშავდა და მწყობრიდან ერთი თვით გამოვიდა. მოკლედ, ალეგრის “ტოტენჰემისთვის” ერთი მნიშვნელოვანი ფუგურა უკვე გამოაკლდა. ტრავმა მიიღო ამავე მატჩში გონსალო იგუაინმა (სწორედ ბერნარდესკიმ შეცვალა პირველ ტაიმში)... ასე იყო თუ ისე, “იუვემ” მიჯრით მეცხრე თამაში მოიგო ჩემპიონატში და “ნაპოლის” კუდზე აზის.

“ნაპოლიმაც” ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა. აუტსაიდერ “სპალთან” ნეაპოლელები უდაო ფავორიტები იყვნენ და დიდ უპირატესობასაც ფლობდნენ, უბრალოდ კინკილა გოლი იკმარეს, რომელიც ძალზე ლამაზი გამოვიდა და რომელიც, ალანმა გაიტანა. მაურიციო სარის გუნდი ისევ ლიდერობს და პოზიციის დათმობას სულაც არ აპირებს.

ასეთივე ანგარიშით მოიგო “მილანმა”. ჯენარო გატუზოს გუნდი მშვენიერ ფორმაშია და ბოლო 6 ტურში იმაზე მეტი მატჩი მოიგო (5), ვიდრე მანამდე 17 ტურში. “როსონერი” მეოთხე ადგილს უკვე მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება და ასე თუ გაგრძელდა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა უტოპია სულაც აღარ იქნება.

ტურის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ღრმა აუტსაიდერის, “ბენევენტოს” სამი ქულა შინ “კროტონესთან”. “ჯალოროსიმ” ნანატრი გამარჯვება დიაბატეს ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიპოვა.

“ტორინო” – “იუვენტუსი” 0:1 (0:1)

გოლები: 0:1 ალექს სანდრო (33)

“ბენევენტო” – “კროტონე” 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 კროჩატა (11), 1:1 სანდრო (37), 2:1 ვიოლა (65), 2:2 ბენალი (73), 3:2 დიაბატე (89)

“ბოლონია” – “სასუოლო” 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 პოლი (12), 1:1 ბაბაკარი (38), 2:1 პულგარი (88)

“ნაპოლი” – “სპალი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ალანი (6)

“ატალანტა” – “ფიორენტინა” 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ბადელი (16), 1:1 პეტანია (45)

“მილანი” – “სამპდორია” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ბონავენტურა (13)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13666