ფეხბურთი

2:38 | 18.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ვერ განიკურნა

დრო იყო მთელი იტალია მილანის “ინტერის” დაბრუნებაზე საუბრობდა და ბევრი სკუდეტოს მთავარ მაძიებლადაც განიხილავდნენ. მაგრამ, გავიდა 2 თვეზე ოდნავ მეტი, სულ რაღაც 10 ტური და აწ უკვე ყოფილი ლიდერი შეიძლება ითქვას, სულს ღაფავს.

წინა ტურში ლუჩანო სპალეტის გუნდმა 8 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ბევრმა იფიქრა, ეგებ, ახლა მაინც ათამაშდეს “ნერაძურიო”, თუმცა ეს მცდარი მოსაზრება გამოდგა. “ინტერი” 25-ე ტურში გენუაში ჩავიდა და ადგილობრივ “ჯენოასთან” უშანსოდ წააგო. სტუმრებმა მეტად უსახური ფეხბურთი აჩვენეს და დამსახურებულად გაბრუნდნენ შინ უქულოდ. გოლები კი ასე გავიდა: პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მილან შკრინიარი სცდილობდა ბურთის საჯარიმოდან გამოტანას, მაგრამ თანაგუნდელ ანდრეა რანოკიას მოარტყა და ასე კურიოზულ ვითარებაში გაიხსნა ანგარიში. მეორე გოლი კი, “ინტერის” ექსფეხბურთელმა გაიტანა. გორან პანდევმა ახლო მანძილიდან ცენტრალური მცველების მორიგი ჩაძინებით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

“ინტერს” ბოლო 10 ტურში მხოლოდ 9 ქულა აქვს მოპოვებული (1 მოგება და 7 გატანილი გოლი) და ხსენებულ პერიოდში თუ გადავხედავთ სატურნირო ცხრილს (ანუ, მე-15 ტურიდან) “ნერაძური” მხოლოდ “ვერონას”, “ბენევენტოს”, “კიევოს”, “სპალსა” და “კროტონეს” სჯაბნის. მოკლედ, მძიმე დღეშია მილანური გრანდი.

ამასობაში “ინტერმა” მესამე ადგილიც დაკარგა, რადგან “რომამ” გაასწრო. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდის რიგებში დიდებულ ფორმაშია თურქი ჯენგიზ უნდერი. ახალგაზრდა ჯენგიზი აქამდე უფერულად თამაშობდა, მაგრამ ბოლო სამ ტურში აიწყვიტა – 4 გოლი, 1 საგოლე პასი. თურქს მოედანი უგოლოდ არც უდინეში დაუტოვებია, სადაც ანგარიში გახსნა და დიდწილად განაპირობა “ჯალოროსის” მნიშვნელოვანი გამარჯვება. წერტილი კი, ბოლო წუთზე დიეგო პეროტიმ დასვა. ამრიგად, დედაქალაქელები მესამე ადგილზე გადავიდნენ და წესით ამ პოზიციაზე სეზონის ბოლოსაც ყაბულს უნდა იყვნენ, რადგან “იუვენტუსი”, “ნაპოლისთან” ჩამორჩენა მეტად სოლიდურია.

დღესვე, კიდევ ერთი მატჩი შედგა. ვერონაში, “კიევომ” “კალიარის” მოუგო – 2:1. ამაში მთავარი როლი ემანუელე ჯაკერინიმ ითამაშა, რომელმაც ჯერ ლამაზი ჯარიმა გაიტანა, მერე თანაგუნდელ რობერტო ინგლეზეს გაატანინა და “მფრინავმა ვირებმა” ხანგრძლივი პაუზის მერე გამარჯვების გემო გაიხსენეს.

კალჩოს 25-ე ტურის მთავარი მატჩი კვირას გაიმართება. ტურინული დერბი: “ტორინო” – “იუვენტუსი”.

“უდინეზე” – “რომა” 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჯენგიზ უნდერი (70), 0:2 პეროტი (90)

“კიევო” – “კალიარი” 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ჯაკერინი (74), 2:0 ინგლეზე (76), 2:1 პავოლეტი (82)

“ჯენოა” – “ინტერი” 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 რანოკია (45, ა.გ), 2:0 პანდევი (59)

თეგებისერია A
0.36944