ჩოგბურთი

11:10 | 17.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გენიალური როჯერ ფედერერი!

“ეს იყო ნამდვილად ფანტასტიკური. პირველ ნომრად დაბრუნება ჩემთვის მართლაც ბევრს ნიშნავს”, - ეს როჯერ ფედერერის სიტყვებია.

36 წლის შვეიცარიელმა ჩოგუბურთელმა როტერდამის ტურნირის 1/4 ფინალში მასპინძელი რობინ ჰაასი სამ სეტში2:1 (4:6, 6:1, 6:1) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. რის შედეგადაც, “მხიარული როჯერი” მსოფლიო რეიტინგის სათავეში დაბრუნდა. ამით, ფედერერმა რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ როჯერი ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე მხცოვანი პირველი ნომერი გახდა (36 წელი და 195 დღე). აქამდე, ეს რეკორდი ანდრე აგასს ეკუთვნოდა, რომელიც თავის დროზე რეიტინგს 33 წლისა და 133 დღის ასაკში ლიდერობდა.

36 წლის შვეიცარიელს რეიტინგში 9785 ქულა აქვს და ეს 25 ქულით მეტია რაფაელ ნადალის შედეგზე, რომელიც 7960 ქულით მეორე საფეხურზე დარჩა მელბურნში მარინ ჩილიჩთან მარცხის შემდეგ. ეს იყო ფედერერის კარიერაში 1392-ე მატჩი (1142 მოგება, 250 წაგება).

“მე ვიბრძოდი ამისთვის და ეს იყო ჩემი ოცნება, რომელიც ამიხდა. იყო წამოდგომის და დაცემის მომენტები, მაგრამ ბევრს ვმუშაობდი, რომ ამ სიმაღლისთვის ისევ მიმეღწია. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს გუნდს და ჩემს მეუღლეს, მირკას”, - თქვა ფედერერმა.

ლეგენდარული შვეიცარიელი მსოფლიო რეიტინგს პირველად 2004 წლის 2 თებერვალს ჩაუდგა სათავეში, როდესაც რუსი მარატ საფინი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა.

ორშაბათიდან, 36 წლის, 6 თვისა და 11 დღის ასაკში, სადებიუტო გალიდერებიდან ზუსტად 14 წლისა 17 დღის შემდეგ, გენიალური როჯერ ფედერერი მსოფლიო რეიტინგს ისევ ზემოდან გამოდხედავს და ეს იქნება 303-ე კვირა, რომელსაც შვეიცარიელი ATP-ის რეიტინგს ლიდერის რანგში შეხვდება! რაც შეეხება როტერდამის ტურნირს, როჯერი ნახევარფინალში იტალიელ ანდრეას სეპის დაუპირისპირდება.

0.16805